აკრძალული გამოგონება — ყველაფერი, რაც ქიმიურ იარაღზე ვიცით

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

ქიმიური იარაღის საწყისებთან

მას შემდეგ, რაც მეცხრე საუკუნის ჩინეთში პირველად გამოიყენეს დენთი, დიდი დრო გავიდა, ტექნოლოგიები განვითარდა და საბრძოლო იარაღიც დაიხვეწა. თუმცა, ადამიანებმა იმდენი შევძელით, რომ მასობრივი განადგურების იარაღიც შევქმენით და თან ისეთი, რომ მისგან თავის დაცვაც აღარ შეგვიძლია.

ალბათ, ასეთ იარაღზე ბევრი რამ გახსენდებათ, პირველ რიგში კი ატომური ბომბი ან რაიმე მსგავსი ძალის მქონე ასაფეთქებელი საშუალება, თუმცა დღეს ჩვენ ადამიანის კიდევ უფრო ვერაგ გამოგონებაზე, ქიმიურ იარაღზე ვისაუბრებთ.

ქიმიურ იარაღსა და მის გამოყენებასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე საუბრები მას შემდეგ განახლდა, რაც 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ომის დაწყებიდან 2 თვეზე ნაკლები გავიდა და ამ დროში ნათლად გამოჩნდა, რომ რუსეთი ომში სხვადასხვა კონვენციებით აკრძალული იარაღის გამოყენებას არ ერიდება, გუშინ კი ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა ქალაქ მარიუპოლში ქიმიური იარაღი — "სარინი" გამოიყენა. ეს ინფორმაცია ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა, თუმცა რუსეთისგან უკვე ყველაფერია მოსალოდნელი. შესაბამისად, დღეს ქიმიური იარაღის ისტორიას, მათ ნაირსახეობებსა და კონკრეტულად სარინს მიმოვიხილავთ.

რა არის ქიმიური იარაღი და მისი რომელი სახეობებია ჩვენთვის ცნობილი

ქიმიური იარაღი სპეციალურად შექმნილი საბრძოლო მასალაა, რომელიც ადმიანისთვის მომაკვდინებელ ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს. მისი მაკონტროლებელი ორგანიზაციის (OPCW) განმარტებით, ქიმიური იარაღი შეიძლება იყოს ნებისმიერი ქიმიური ნაერთი, რომელსაც ადამიანის დასახიჩრება, სენსორული ფუნქციების მოშლა, პარალიზება ან მოკვდინება შეუძლია. OPCW-ს განმარტებით, აკრძალულ "იარაღად" ითვლება ის ნებისმიერი საშუალებაც, რომლითაც ქიმიური იარაღის გადაადგილება ხდება.

ქიმიური იარაღი მასობრივი განადგურების იარაღთა სიაში შედის და ბირთვულ, რადიოლოგიურ და ბიოლოგიურ იარაღს უტოლდება. მასობრივი განადგურების იარაღი ჩვეულებრივისგან განსხვავდება და მას ადამიანებისა და ბუნებისათვის გაცილებით დიდი ზიანის მიყენება შეუძლია. ქიმიური იარაღის გამოსაყენებლად ბევრი გზა არსებობს და მას შესაძლოა, მყარ, თხევად ან აირად ფორმაში შევხვდეთ. ქიმიური იარაღის ასეთი სტრუქტურის გამო მისი კონტროლი რთულია და ხშირ შემთხვევაში, მიზნის გარდა სხვებიც ზიანდებიან.

ქიმიური იარაღის რამდენიმე ძირითადი სახეობა არსებობს — ნერვული აგენტები, მწველი აგენტები, პულმონალური აგენტები და სისხლის აგენტები. ეს აგენტები ადამიანზე ზემოქმედების მიხედვითაა დახარისხებული.

ჩამოთვლილთაგან ყველაზე ლეტალურად ნერვული აგენტები მიიჩნევა. ისინი სითხისა და აირის სახით გვხვდება და მისი როგორც შესუნთქვა, ასევე კანიდან შეწოვაც შესაძლებელია. ნერვული აგენტები ცენტრალურ ნერვულ სისტემას აზიანებს და ამით სხეულის რესპირატორულ და კარდიოვასკულარულ ფუნქციებს ბლოკავს. ყველაზე ცნობილი ნერვული აგენტებია — სარინი, სომანი და VX.

მწველი აგენტები ძირითადად აირებისა და აეროზოლების სახით გვხვდება. მათ შეუძლიათ მძიმე დამწვრობების დატოვება და ადამიანის დაწყლულება. მწველი აგენტები ჩასნთქვის დროს აზიანებენ რესპირატორულ სისტემასაც, რაც სუნთქვის პრობლემებს წარმოქმნის. ყველაზე გავრცელებული მწველი აგენტებია — იპრიტის გაზი, აზოტის იპრიტი, ლიუისიტი და ფოსგენოქსიმი.

ფოტო: იპრიტის გაზით მოწამლული კანადელი ჯარისკაცი — 1917-1918 წლები

პელმონალური აგენტები პირდაპირ რესპირატორული სისტემის მოშლაზე არიან ორიენტირებული, რასაც საბოლოოდ ადამიანის უსწრაფეს სიკვდილამდე მივყავართ. პელმონალური აგენტების სიაში შედის ქლორი, ქლორპიკრინი და ფოსგენი. ამ უკანასკნელმა პირველ მსოფლიო ომში 85 000 ჯარისკაცი სიცოცხლე შეიწირა.

ქლორპიკრინი საბჭოთა არმიის ნაწილებმა გამოიყენეს 1989 წლის 9 აპრილს თბილისში, გამთენიისას, რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი მიტინგის დარბევის დროს, რამაც გამოიწვია ასობით უდანაშაულო ადამიანის ძლიერი მოწამვლა დასახიჩრება და სიკვდილი, მშვიდობიანი მიტინგის ერთ-ერთი მონაწილე არასრულწლოვანი 16 წლის გოგონა ქლორპიკრინით მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა. 9 აპრილის ტრაგედიის გამოძიების კომისიამ, ანატოლი სობჩაკის თავჯდომარეობით, ერთ-ერთ მოხსენებაში ოფიციალურად დაადასტურა ქლორპიკრინის გამოყენების ფაქტი. ასევე დაადასტურა სხვა უფრო ნაკლებად საშიში და ნაკლებად მომწამლავი ნივთიერებების, ცრემლსადენი გაზების, კერძოდ, სიესი (CS) გაზის და ქლორაცეტოფენონის (CN) გამოყენება.

სისხლის აგენტები ორგანიზმში ჟანგბადის სისხლის მიმოქცევით გადაადგილებასა და ჟანგბადის მოხმარებას ბლოკავს. ეს აგენტები ძირითადად აირის სახით ვრცელდება და სისხლის მომქცევაში სწორედ ასე ხვდება. ამ ქიმიური იარაღის ყველაზე გავრცელებული სახეობა ქლორწყალბადი და ციანის ქლორიდია.

საერთაშორისო სამართალი და ქიმიური შეიარაღება

ჰააგის 1899 წლის კონვენცია

საერთაშორისო სამართლის გვერდებზე ქიმიური იარაღის გამოყენების ამკრძალველი ჩანაწერები ჯერ კიდევ 1899 წელს, ჰააგის კონვენციაში გამოჩდა. 23-ე თავი სწორედ ქიმიური იარაღაცების ომში გამოყენების აკრძალვას შეეხო.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ამ შეთანხმებამ არ გაამართლა და 1915 წლის 22 აპრილს, პირველ მსოფლიო ომში გერმანიამ პირველად და მასიურად დაიწყო ქიმიური იარაღის, კონკრეტულად კი ქლორის გაზის გამოყენება, ბელგიის წინააღმდეგ. ისტორიკოსები ფიქრობენ, რომ პირველ მსოფლიო ომში ქიმიური იარაღით 100 000 სამხედრო დაიღუპა.

ჟენევის პროტოკოლი

პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ჟენავაში, 1925 წელს კიდევ ერთ, ახალ პროტოკოლს მოეწერა ხელი, რომლის მიხედვითაც ომში ნებისმიერი სახის მომწამვლელი ქიმიური ნივთიერები გამოყენება აიკრძალა. შეთანხმებას ჯამში ხელი 134-მა ქვეყანამ მოაწერა.

აღსანიშნია, რომ ხელმომწერთა დიდ ნაწილს, იმ დროისთვის ქიმიური იარაღის უდიდესი მარაგები ჰქონდა. ასევე, იაპონია ამ შეთანხმებასს 1970 წელს შეუერთდა, ამერიკის შეერთებული შტატები კი 1975 წლამდე იკავებდა თავს. პირველ მსოფლიო ომსა და მეორე მსოფლიო ომს შორის, ქიმიური იარაღი გამოიყენეს მაროკოში 1923-1926 წლებში,1930 წელს ლიბიაში, 1934 წელს ჩინეთში, ნიკიანგის პროვინციაში და1935 წელს კი ეთიოპიაშ.

1993 წლის კონვენცია ქიმიური იარაღის გამოყენების, შექმნის, დაგროვებისა და მოხმარების აკრძალვის შესახებ

ყველაზე ახალი შეთანხმება, რომელიც ქიმიური იარაღის ომში გამოყენებას კრძალავს, 1993 წელს შედგა. შეთანხმების ორგანიზება ჰააგაში დაფუძნებულმა დამოუკიდებელმა ორგანიზაციამ, OPCW-მ ითავა. მას 192 ხელმომწერი ჰყავს, რაც გლობალური პოპულაციის 98%-ს მოიცავს. ამ შეთანხმების საფუძველზე, 2016 წლის მონაცემებით, დეადმიწაზე არსებული 72 525 მეტრული ტონა ქიმიური იარაღიდან 66 368 განადგურდა.

როგორ ხდება ქიმიური იარაღის გამოყენება

ქიმიური იარაღით შეტევას ორი ეტაპი აქვს, სამიზნემდე მიღწევა, ანუ გასროლა და გავრცელება. მისი გაშვება უამრავი სხვადასხვა ხერხით შეიძლება მოხდეს. მათი გამოყენება შესაძლებელია ბალისტიკური რაკეტებით, ციდან ჩამოყრილი გრავიტაციული ბომბებით, რაკეტებით, საარტილერიო ჭურვებით და ხმელეთის ნაღმებითაც კი.

ეს 155მმ-იანი საავიაციო ჭურვებია, რომლებიც ორი მწვანე ზოლითაა აღნიშნული და "HD GAS" წარწერაც აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის დისტილირებულ იპრიტის გაზს შეიცავს.

ეს კი სახმელეთო ნაღმია, რომელიც VX-ს, ექსტრემალურად ტოქსიკურ სინთეტიკურ ნერვულ აგენტს შეიცავს.

ქიმიური იარაღის გადამტანი მოწყობილობის აფეთქების ან ჩამოვარდნის შემდეგ ნივთიერება ჰაერში, წყალში ან ნიადაგში იწყებს გავრცელებას, რაც ადამიანებსა თუ გარემოს უდიდეს ზიანს აყენებს.

ქიმიური იარაღის გამოყენება ყველაზე მეტად დამაზიანებელი მაინც ბალისტიკური რაკეტითაა, რადგან ამ შემთხვევაში ის ჰაერში ფეთქდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ქიმიური აგენტები უფრო დიდ არეალზე გავრცელდება. სხვა გამოყენების გზებს თუ შევადარებთ, ბალისტიკური რაკეტით გასროლა საგრძნობლად ზრდის იმ სამიზნეთა რაოდენობას, რომელსაც მტერი შეიძლება მიწვდეს, თუმცა როდესაც ბალისტიკურ რაკეტას ქიმიური იარაღი გადააქვს, მისი ასაფეთექებელი ძალა იკლებს.

ფოტო: სარინის შემცველი ბომბებით სავსე ამერიკული რაკეტა — Honest John missile

მნიშვნელოვანი მომენტია ქიმიური იარაღის გავრცელებაც, ამისათვის ის ისეთ ასაფეთქებელ ნივთიერებასთან ერთად თავსდება, რომელიც ყველა მხარეს თანაბრად და შორს გაიტყორცნება.

რა ხდება დღეს და რა საფრთხეების წინაშე დგას დედამიწა

რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ომის წარმოების განმავლობაში, ბრიუსელში, NATO-ს სათაო ოფიში მყოფ ამერიკის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, შეკითხვა დაუსვეს — "გაქვთ თუ არა საიდუმლო ინფორმაცია პუტინის მიერ ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების ან გადაადგილების შესახებ?"

ბაიდენის პასუხი კი ასეთი იყო — "მე ვფიქრობ, რომ ეს რეალური საფრთხეა. თუ ის [პუტინი] ქიმიურ იარაღს გამოიყენებს, აშშ მას პასუხს გასცემს".

ნათელია, რომ რუსეთი ქიმიური იარაღის გამოყენებას არ ერიდება და ეს წარსულშიც მრავლად ვნახეთ. ქიმიური იარაღის გამოყენებად ითვლება კონკრეტული ადამიანების მოწამვლაც და ასეთი ქეისები რუსეთს უხვად დაუგროვდა. რუსი აგენტები ადამიანების მოსაშორებლად აქტიურად იყენებენ "ნოვიჩოკს". 2018 წლის მარტში, ყოფილი რუსი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი შვილი მოწამლულები იპოვეს. ექსპერტიზით დადგინდა, რომ მათ ნოვიჩოკით დაესხნენ თავს.

ნოვიჩოკი ქიმიური იარაღია, რომელიც საბჭოთა კავშირმა შექმნა და როგორც ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის კვლევითი სერვისი გვეუბნება, მასზე წვდომა მხოლოდ რუსეთის უმაღლეს პირებს აქვთ.

2020 წლის აგვისტოში რუსეთის მთავრობამ ოპოციონერი ალექსეი ნავალნი მაშინ მოწამლა, როცა ის გერმანიიდან მოსკოვში ბრუნდებოდა. გერმანულმა მხარემ ნოვიჩოკის გამოყენების ფაქტი დააადასტურა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კი აღნიშნა, რომ ნავალნიზე თავდასხმა კრემლის ორკესტრირებული იყო.

1998 წელს რუსეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ მათ 40 000 ტონა ნერვული, მწველი და პელმონალური აგენტები ჰქონდათ. ამჟამად მოქმედი კონვენციების თანახმად რუსეთს ეს ქიმიური იარაღი უნდა გაენადგურებინა, თუმცა აშშ-ს განცხადებით რუსეთი ამას არ შვება და ფარულად ქიმიური იარაღის პროგრამებსაც აწარმოებს.

რუსეთის ქიმიური იარაღის მარაგების უმეტეს ნაწილს სარინი, სომანი, იპრიტი, ლიუისტი და VX შეადგენენ.

რა არის სარინი

სარინი 1938 წელს, გერმანიაში, Wuppertal-Elberfeld-ში ორმა გერმანელმა ქიმიკოსმა აღმოაჩინა. ის უკიდურესად ტოქსიკური სინთეტიკური ორგანოფოსფატების ნაერთია. მას არ აქვს არც სუნი, არც ფერი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ის ნერვული აგენტების კლასს მიეკუთვნება. მისი შესუნთქვა მცირე კონცენტრაციითაც კი ლეტალურია და სიკვდილი ერთიდან 10 წუთამდე დროში დგება. სიკვდილს რესპირატორული სისტემის პარალიზი იწვევს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ანტიდოტის სწრაფად მიღების შემთხვევაში გადარჩენის შანსები საგრძნობლად იმატებს. ასევე, ანტიდოტის არმიღების შემთხვევაში არალეტალური დოზა შესაძლოა მაინც დამაზიანებელი აღმოჩნდეს და ხანგრძლივი პრობლემები გამოიწვიოს.

ფოტო: კურდღელი, რომელიც სარინის საცავში გაჟონვის შესამოწმებლად გამოიყენებოდა

სხვა ნერვული აგენტების მსგავსად, სარინიც ნეიროტრანსმიტერის, აცეტილქოლინის მუშაობაზე მოქმედებს. სარინი აცეტილქოლინის მუშაობის შეფერხებით ნერვულ სისტემას ურტყამს. სიკვდილის მიზეზი უმეტესად ასფიქსია ხდება, რადგან ადამიანი სუნთქვისთვის საჭირო კუნთებს ვეღარ იმორჩილებს.

სარინის მოქმედების პირველი ნიშნებია ცხვირიდან გამონადენი, მკერდის არეში შეშუპების შეგრძნება და გუგების შევიწროვება. ცოტა ხნის შემდეგ მსხვერპლს უურთულდება სუნთქვა, აქვს გულისრევის შეგრძნება და ნერწყვის მატება. ამ ყოველივეს შემდეგ, ადამიანი სრულად კარგავს კონტროლს სხეულზე.

სარინით მოწამვლისგან გადარჩენა შეიძლება და ამისთვის რამდენიმე ანტიდოტი არსებობს — ატროპინი და პრალიდოქსიმი. ატროპინი მუსკარინის აცეტილქოლინის რეცეპტორების ანტაგონისტია და სარინით მოწამვლის ფიზიოლოგიურ სიმპტომებბს ხსნის. ატროპინი კუნთების პარალიზის სიმპტომებს ვერ ხსნის, ამისთვის უკვე პრალიდოქსიმია საჭირო. პრალიდოქსიმს შეუძლია აღადგინოს ქოლინესტერაზა, თუ მას მოწამლული ადამიანი სწრაფად მიიღებს.

როგორც ხედავთ, ქიმიური იარაღისგან თავის დაცვა გარკვეულწილად მაინც შესაძლებელია, თუმცა ანტიდოტებით ადამიანების მასიურად მომარაგება ვერანაირად მოხერხდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მსგავსი ქიმიური იარაღის გამოყენებით ათასობით უდანაშაულო ადამიანი შეიძლება მოკვდეს.

ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ თუ იმ წარსულ გამოცდილებას გავითვალისწინებთ, რაზეც ზევით ვისაუბრეთ, დავინახავთ, რომ საერთაშორისო შეთანხმებები და კონვენციები გარკვეული ქვეყნებისთვის არაფერს ნიშნავს. თუ ერთი რეზოლუცია საკმარისი არ აღმოჩნდა, რატომ უშველის სამი? ეს სწორედ ის გარემოებაა, რაც მიმდინარე მოვლენებს კიდევ უფრო ამძაფრებს. რუსეთმა უკრაინაში უკვე გამოიყენა ჟენევის კონვენციით აკრძალული ვაკუუმის ბომბი და არსებობს საფუძვლიანი ეჭვები, რომ ისინი ქიმიური იარაღის გამოყენებასაც არ მოერიდებიან.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა მოხდა შავ ზღვაში — ნავთობპროდუქტის ჩაღვრით გამოწვეული პოტენციური ეკოლოგიური კატასტროფა

გირჩევთ