24 წლის ტაილა კლემენტს, რომელსაც ბავშვობიდან უიშვიათესი მობიუსის სინდრომი დაუდგინდა, საერთაშორისო სამოდელო სააგენტომ კონტრაქტის გაფორმება შესთავაზა, რაზეც მომავალი მოდელი დათანხმდა.

მობიუსის სინდრომი 4 მილიონიდან მხოლოდ 1 ადამიანს შეიძლება ჰქონდეს, რაც თანდაყოლილია და სახის განუვითარებელ ნერვულ დაბოლოებებს გულისხმობს. "ჩემი წარბები და ზედა ტუჩი არ მოძრაობს, არც თვალების მარცხნიდან მარჯვნივ გამოძრავება შემიძლია. "გოგო, რომელიც ვერ იღიმის" სწორედ ამის გამო შემარქვეს", — ამბობს ტაილა ABC-თან ინტერვიუში.

ტაილას თქმით, თანდაყოლილი სინდრომის გამო ძალიან მძიმე ბავშვობა ჰქონდა და თანატოლებიც ხშირად დასცინოდნენ. "სკოლაში ბავშვებს პოლიეთილენის პარკები მოჰქონდათ და თავზე მაცმევდნენ. ისინი მეუბნებოდნენ, რომ მახინჯი ვარ, ამიტომ ჩემი დანახვა არ სურდათ და მათი აზრით, არც მე ვიმსახურებდი სხვების დანახვას", — იხსენებს ტაილა.

ტაილას თქმით, მუდმივი ბულინგის გამო დიდი ხანი დეპრესიითაც იტანჯებოდა, თუმცა მოგვიანებით ყველაფრის გადალახვა შეძლო და ახლა სურს, რომ თავისი ისტორია იმ ადამიანებს უამბოს, რომლებიც სხვადასხვა თანდაყოლილი სინდრომის გამო საზოგადოების მხრიდან ზეწოლას გრძნობენ.

ტაილამ სკოლის დამთავრების შემდეგ სპორტდარბაზში სიარული და აქტიური მედიტაცია დაიწყო, რამაც მისივე თქმით, უფრო თავდაჯერებული გახადა. ახლა კი ტაილა სამოდელო სააგენტო Zebedee Talent-ს შეუერთდა.

ტაილა ფიქრობს, რომ მისი ისტორია სხვა ადამიანებისთვის ინსპირაციის წყარო გახდება და სურს, რომ თავადაც ბევრ ადამიანს დაეხმაროს. "ბავშვობაში ჩემი მსგავსი ადამიანები ფილმებსა და ჟურნალების გარეკანზე არასდროს მინახავს, ამიტომ ვფიქრობდი, რომ საზოგადოება არასდროს მიმიღებდა. კარგია, რომ ეს ყველაფერი თავად გამოვცადე და ახლა მე ვიქნები სხვა ადამიანების შთაგონების წყარო", — ამბობს ტაილა.