რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი გარემოს საწინააღმდეგო დანაშაულების შეფასება
უკვე ერთი თვეა, უკრაინა მუდმივი დაბომბვის ქარცეცხლში იმყოფება. ამან ასიათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. გაეროს მონაცემების მიხედვით, ომის პირველი თვის განმავლობაში ქვეყანა 3.5 მილიონმა უკრაინელმა დატოვა, 11-12 მილიონი კი იძულებით გადაადგილდა ქვეყნის სხვა რეგიონებში. ხარკოვის აქტიური დაბომბვის გამო მე და ჩემს ოჯახს სახლის დატოვება მოგვიწია.
რუსეთი ანადგურებს არა მხოლოდ ადამიანების სიცოცხლეს, არამედ ქვეყნის გარემოსაც, რის შედეგებსაც უკრაინელები შემდგომი წლების განმავლობაში იგრძნობენ.
რუსი აგრესორების ეკოლოგიური დანაშაულების რიცხვი, რომელიც Ecoaction-ის თანამშრომლებმა ფართომასშტაბიანი ომის პირველ თვეში ღია წყაროებიდან შეაგროვეს, ასზე მეტია. კონფლიქტს თან ახლავს ახალი ეკოლოგიური რისკები, რომლებიც ომთან დაკავშირებული მსხვერპლის ზრდის საფრთხეს ქმნის. გარემოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებიც ომის დანაშაულის ნაწილია. ჟენევის კონვენციის თანახმად, "აკრძალულია ომის იმ მეთოდების ან საშუალებების გამოყენება, რომლის მიზანი ან მოსალოდნელი შედეგი შეიძლება იყოს ფართომასშტაბიანი, ხანგრძლივი და მძიმე ზიანის მიყენება ბუნებრივ გარემომზე".
რუსული ძალების მიერ სამრეწველო და ენერგეტიკული ობიექტების დაბომბვა, ტყეების დაწვა, ნავთობის საწყობების აფეთქება, შავი და აზოვის ზღვების დაბინძურება (ძირითადად, გემების ჩაძირვით) ომის პირველივე დღეებიდან ფიქსირდება. 24 თებერვალს, დაბომბვის შედეგად, აფეთქება მოხდა ტრიპილიას თბოელექტროსადგურის ტერიტორიაზე. ეს უკანასკნელი კიევიდან 45 კილომეტრის დაშორებით, მდ. დნეპრის სანაპიროზე მდებარეობს. თბოელექტროსადგური კიევის, ჩერკასისა და ჟიტომირის რეგიონებისთვის ელექტროენერგიის მთავარი მიმწოდებელია.
მარტის დასაწყისში უკრაინის გარემოს დაცვის სამინისტრომ გარემოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების შესახებ ინფორმაციის შეგროვება დაიწყო. ამ ინიციატივას შეუერთდა სამოქალაქო საზოგადოების არაერთი ორგანიზაცია. საერთო დანაკარგები და ომის გავლენა ქვეყნის გარემოზე ომში გამარჯვების შემდეგ უნდა შეფასდეს. თუმცა, სახელმწიფო გარემოსდაცვითი ინსპექცია ვარაუდობს, რომ ნიადაგის დაბინძურებით ქვეყანას უკვე 77 მილიონი აშშ დოლარის ზარალი მიადგა.
ომი უზარმაზარ ეკოლოგიურ საფრთხეს უქმნის ქვეყნის მოსახლეობას. თუმცა, მას უკრაინაში გარემოსთვის განსაკუთრებით კატასტროფული შედეგების მოტანა შეუძლია. უკრაინის აღმოსავლეთი ნაწილი საკმაოდ ინდუსტრიალიზებულია. ომის პირობებში გაიზარდა ეკოლოგიური კატასტროფების რისკი. ნორმალურ პირობებში ამ რისკების ლოკალიზება შესაძლებელი იქნებოდა, მაგრამ არა მაშინ, როდესაც ტერიტორია გამუდმებით იბომბება.
რუსული ჯარი ხშირად სპეციალისტებს გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების ლოკალიზების უფლებას არ აძლევს.
მაგალითად, 22 მარტს, როდესაც ჩერნობილის შეზღუდულ (ექსკლუზიურ) ზონაში ტყის ხანძარი გაჩნდა, საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები, მუდმივი დაბომბვის გამო, ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიამდე ვერ მივიდნენ. 24 მარტისთვის ხანძარი ლოკალიზებული იყო. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, შეზღუდულ ზონაში, 10 111 ჰექტარზე მეტ ფართობზე 30-ზე მეტი ხანძარი დაფიქსირდა.
ატომური ელექტროსადგურები, საზღვაო პორტები, სახიფათო ნარჩენების შენახვის ობიექტები (მინერალური სასუქები, პოლიურეთანის ქაფი, საწვავი და საპოხი მასალები და ა.შ.), სამრეწველო წარმოება, მათ შორის, ქიმიური და ლითონის გადამამუშავებელი ქარხნები, ახლა აქტიური სამხედრო მოქმედების ზონაშია. ნავთობის საცავებში, ბენზინგასამართ სადგურებსა და ნაგავსაყრელებზე გაჩენილი ხანძარი გათბობისა და წყალმომარაგების ობიექტების (კანალიზაციის სატუმბი სადგურები, ფილტრაციის სადგურები, წყალსადენები) დაზიანების საფრთხეს ქმნის.
ჩერნობილისა და ზაპორიჟჟიას ატომურ ელექტროსადგურებზე თავდასხმის შესახებ ცნობებმა მსოფლიო შეძრა. 14 მარტს ოკუპანტებმა ზაპორიჟჟიას ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე საბრძოლო მასალები ააფეთქეს. ჩერნობილის სადგურზე მათ დააზიანეს მაღალი ძაბვის ხაზი, რომელიც დახარჯული ბირთვული საწვავის გასაგრილებლად ელექტროენერგიით ამარაგებს ადგილობრივ საწყობებს. ელექტროენერგიის ნაკლებობამ შეიძლება დახარჯული საწვავის აუზებში ტემპერატურის მატება გამოიწვიოს, რასაც, შესაძლოა, რადიოაქტიური ნივთიერებების გარემოში გაფრქვევა მოჰყვეს. ქარის საშუალებით, შესაძლოა, რადიაციოაქტიური ნივთიერებები უკრაინის, ბელარუსის, რუსეთისა და ევროპის სხვა რეგიონებში გავრცელდეს. უკრაინელმა ენერგეტიკოსებმა შეძლეს მაღალი ძაბვის ხაზის შეკეთება, თუმცა, ჩერნობილისა და ზაპორიჟჟიის სადგურები კვლავ რუსეთის კონტროლის ქვეშ რჩება.
ბირთვული საფრთხის გარდა, დაბომბვა და ოკუპაცია უკრაინის სამრეწველო ობიექტებიდან ტოქსიკური ნარჩენების გაჟონვის რისკსაც ზრდის. დღეს პოტენციურად სახიფათო ობიექტების სახელმწიფო რეესტრი 23 000-ზე მეტი ობიექტის შესახებ ფლობს ინფორმაციას. მათ შორის 2 987 საწყობია, სადაც მაღალი ტოქსიკურობის პესტიციდები ინახება. ამ ობიექტების უმეტესობა განლაგებულია დონეცკის, დნეპროპეტროვსკის, ზაპორიჟჟიის, ხარკოვისა და ლვოვის მახლობლად. მათი ნაწილი ამჟამად სამხედრო ოპერაციების ზონაშია მოქცეული. 21 მარტს სუმის მახლობლად მდებარე ქიმიურ ქარხანა სუმიხიმპრომში დაბომბვის შედეგად ამიაკმა გაჟონა, რამაც სოფელი ნოვოსელიცია დააზარალა.
გარემოს საწინააღმდეგო დანაშაულების ყველაზე დიდი ნაწილი დაფიქსირდა კიევის, ხარკოვისა და მიკოლაევის რეგიონებში, სადაც მტერმა სამრეწველო და ენერგეტიკული ობიექტები გაანადგურა. დაბომბვის შედეგად აფეთქდა თბოელექტროსადგურები, ოკუპანდებმა დაიკავეს და დააზიანეს კახოვსკა ჰესი, ზიანი მიაყენეს გაზსადენებსა და გაზგამანაწილებელ სადგურებს. 27 თებერვალს ხარკოვში გაზსადენის დანაღმვამ ძლიერი აფეთქება გამოიწვია, რის შედეგადაც საცხოვრებელი უბნებში დაზიანდა შენობები. სამოქალაქო უსაფრთხოების სტანდარტების მიხედვით, ასეთი მასშტაბის ავარია ტექნოლოგიურ კატასტროფად მიიჩნევა. ამ დროს მოსახლეობამ ავარიის მიმდებარე ტერიტორია დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს.
2014 წლიდან რუსული ოკუპაციისა და რვა წლიანი აქტიური საომარი მოქმედებების შედეგად დონბასი ეკოლოგიური კატასტროფის ზღვარზეა. ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეზღუდული წვდომის გამო, ამ წლების განმავლობაში ვერ ხერხდება გარემოსდაცვითი ზიანის შესახებ ზუსტი ინფორმაციის მოიპოვება. დაზიანებულია წყალმომარაგების ობიექტები, რის გამოც ასიათასობით მშვიდობიან მოქალაქეს არ აქვს წვდომა წყალზე. დაზიანებულია ენერგო ინფრასტრუქტურა, რამაც პრობლემები შეუქმნა სატუმბი სისტემების ნორმალურ ფუნქციონირებას. თავის მხრივ, ეს ზრდის იმ მაღაროების დატბორვის რისკს, სადაც ტოქსიკური და ბირთვული ნარჩენები ინახება. გასული ერთი თვის განმავლობაში შეიარაღებული თავდასხმები განხორციელდა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, რის შედეგადაც დაიტბორა ზოლოტეს მაღარო, გრადების სროლა მიმდინარეობდა ავდიივკას კოქსის ქარხანაში, დაიბომბა ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ლუგანსკის ოლქში.
სამხედრო მოქმედებები არანაკლებ საშიშროებას წარმოადგენენ გარემოსთვის: დაღვრილი საწვავი, განადგურებული აღჭურვილობა და გამოყენებული იარაღი, ისევე როგორც აფეთქებული რაკეტები, ქიმიკატებითა და მძიმე ლითონებით აბინძურებენ ნიადაგსა და მიწისქვეშა წყლებს. ომის შემდეგაც კი, წლები დასჭირდება ეკოლოგიური დაბინძურების ზოგიერთი ეფექტის გამოვლენას. უკრაინას უკვე 1 100-ზე მეტი რაკეტა ესროლეს, განადგურდა 4 000-მდე სხვადასხვა ტიპის სამხედრო ტექნიკა. ეს ყველაფერი კანცეროგენული ნარჩენების დაგროვებას გამოიწვევს.
რუსული ჯარები ტექნოგენურ და ეკოლოგიურ კატასტროფას ქმნიან. ისინი ანადგურებენ ბუნებრივ ჰაბიტატებს, სადაც იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სახეობები ბინადრობენ.
უკრაინის ბუნების დაცვის ჯგუფის მონაცემებით, ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაკრძალების ტერიტორიების 44% ამჟამად ომის ზონაშია, რუსი დამპყრობლების დროებითი კონტროლის ქვეშაა ან უკრაინული მხარისთვის მიუწვდომელი რჩება.
წარმოდგენილი ინფორმაცია რუსეთის მიერ ჩადენილი ეკონოგიური დანაშაულების შესაფასებლად გადადგმული პირველი ნაბიჯია. საომარი მოქმედებების ფონზე გარემოს დაბინძურების ზუსტი მასშტაბებისა და დონის დანახვა რთულია. თუმცა, ამ პირობებშიც კი, ერთ თვის მანძილზე უკვე ასზე მეტი დანაშაული დაფიქსირდა. ზუსტი შეფასების გაკეთებას აქტიური საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ შევძლებთ. უკრაინელები ამ ომის შედეგებს წლების განმავლობაში იგრძნობენ. ამიტომაც, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ომი რაც შეიძლება მალე შეჩერდეს. რუსეთმა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი ყველა დანაშაულისთვის, ბიზნესისა და ინფრასტრუქტურის განადგურებისთვისა და გარემოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხი უნდა აგოს.
თავდაპირველი სტატია "Crimes against the environment after one month of Russia’s war against Ukraine" 2022 წლის 29 მარტს გამოქვეყნდა პლატფორმაზე Ukraїner.
ტექსტის ავტორი: არასამთავრობო ორგანიზაცია Ecoaction-ის კლიმატის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ევგენია ზასიადკო.
თარგმანის ავტორი: გვანცა გვერდწითელი, ქლაიმეთ ბეიზიქსის მკვლევარი.
კომენტარები