The Verge-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, Facebook-ის ინჟინრებმა აღმოაჩინეს ბაგი, რომლის გამოც, 6 თვის განმავლობაში ნიუს ფიდებზე პოსტების რანკირება (მნიშვნელობის მინიჭება) არასწორად ხდებოდა. შესაბამისად, არასწორი, ცრუ ან საზიანო ინფორმაცია, შესაძლოა სიაახლების ველის სათავეში მოქცეულიყო.

Facebook-ის ალგორითმს ევალება გაარჩიოს რა ტიპის სიახლე შეიძლება იყოს საზიანო მომხმარებელთათვის, რა არის ცრუ და რა მართალი. ამის შემდეგ, თითოეულ პოსტს გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება და სიახლეების ზოლში შესაბამის ადგილს იკავებენ.

როგორც ირკვევა, ალგორითმის შეცდომის გამო, ცრუ ინფორმაცია არათუ იფილტრებოდა, არამედ იბუსთებოდა და მოწინავე ადგილებზე ჩანდა, რამაც ამ ექვსი თვის განმავლობაში პლატფორმაზე ცრუ ინფორმაციების გავრცელების დონე 30%-ით გაზარდა.

აღსანიშნია ისიც, რომ კონკრეტული აკრძალვების მიუხედავად, ფილტრს სცდებოდნენ რუსული სახელმწიფო მედია საშუალებებიც და მათი პროპაგანდა პლატფორმაზე მაინც ვრცელდებოდა.

ეს ინციდენტი კიდევ ერთხელ კარგად გვიჩვენებს, თუ როგორ აკონტროლებს Facebook საკუთარ პლატფორმას. ის, თუ რა გამოჩნდება და რა არა სიახლეებში, მხოლოდ მათი გადასაწყეტია და ამის შესახებ ფართო მასებისთვის და, როგორც ჩანს, FB-ს ზოგიერთი თანამშრომლისთვისაც ბევრი რამ ცნობილი არ არის.