მეთანი სიცოცხლის პოტენციური ნიშანია — ჯეიმს ვების ტელესკოპს პლანეტებზე მისი დაფიქსირება შეუძლია
თუ ეგზოპლანეტის ატმოსფერო მეთანს შეიცავს, ეს შესაძლოა, იქ არსებულ სიცოცხლეზე მიანიშნებდეს. კალიფორნიის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერთა ახალი კვლევის თანახმად, ამისთვის აუცილებელია, ციური სხეული რამდენიმე კრიტერიუმს აკმაყოფილებდეს. კარგი ისაა, რომ აღნიშნული ბინარული ნაერთის დაფიქსირება ჯეიმს ვების კოსმოსურ ტელესკოპს ძალიან მარტივად და მოკლე დროში შეუძლია.
ასევე, იხილეთ: ჯეიმს ვების კოსმოსურ ტელესკოპს არამიწიერი სიცოცხლის დაფიქსირება 20 საათში შეუძლია — კვლევა
სპეციალისტები აცხადებენ, რომ მცირე ზომის მყარი ობიექტის შემთხვევაში, რომელიც მზის მსგავსი ვარსკვლავის გარშემო მოძრაობს, დიდი შანსია, რომ მეთანი სწორედ ბიოკვალი იყოს თუ: 1. იქ ნახშირორჟანგიც გვხვდება. 2. ატმოსფეროში უფრო მეტი მეთანია, ვიდრე ნახშირბადის მონოქსიდი. 3. პლანეტა წყლით მდიდარი არაა.
უნდა ითქვას, რომ ეს აირი არაბიოლოგიური პროცესების დროსაც გამოიყოფა, მაგალითად, ვულკანების ამოფრქვევისას ან ასტეროიდთან შეჯახებისას. პირველი ტიპის კატასტროფისას მეთანი გარემოში ნახშირბადის მონოქსიდთან ერთად გამოთავისუფლდება, ბიოლოგიური გზით წარმოქმნისას კი ამ უკანასკნელის კონცენტრაცია მცირეა. შესაბამისად, მათი დონე მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის.
ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი სამეცნიერო საქმიანობას ზაფხულში დაიწყებს და ეგზოპლანეტებზე მეთანის ძიებასაც შეუდგება. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ შორეული ციური სხეულების ატმოსფერო შესაძლოა, მოულოდნელობებით იყოს სავსე.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Proceedings of the National Academy of Sciences გამოქვეყნდა.
კომენტარები