კომპანიამ ქალის სიზმარში რეკლამა "განათავსა" — რას ნიშნავს ეს
როგორც ჩანს, სულ მცირე ერთმა კორპორაციამ ოცნებას მიაღწია და ახლა მისი რეკლამის ნახვა სიზმარში შეგვიძლია.
The Hustle-ის მიხედვით, ქალმა მონაწილეობა მიიღო კორპორაცია Coors-ის ექსპერიმენტში, რის ფარგლებშიც მან სიზმარში ლუდსახარშის რეკლამა "ჩაიმონტაჟა".
ქალმა The Hustle-ს განუცხადა, რომ 2021 წელს უცნაური განცხადებით დაინტერესდა, რის მიხედვითაც მას 1000 ამერიკულ დოლარს გადაუხდიდნენ თუ ის თავის სიზმარში ნებაყოფლობით კომპანიის რეკლამას "შეუშვებდა". ქალმა და მისმა მეგობარმა ბიჭმა გადაწყვიტეს ექსპერიმენტში მონაწილეობა მიეღოთ, რის შედეგადაც ისინი გადაიყვანეს ლოს-ანჟელესში მდებარე საწყობში, სადაც ათზე მეტ სხვა მოხალისეს შეხვდნენ. ისინი ყველა ტვინის მონიტორინგის მოწყობილობასთან დააკავშირეს და მათ Molson Coors-ის მარკეტოლოგები აკვირდებოდნენ.
ქალს და სხვა სუბიექტებს სპეციალური ვიდეო ჩაურთეს, რომელიც ასახავდა Coors-ის პროდუქციას ჩანჩქერებისა და ჯუნგლების პეიზაჟების ფონზე. ქალის თქმით, ამის შემდეგ მოხალისეებს დაევალათ დაძინება მაშინ, როცა უსმენდნენ აუდიოს იმ ვიდეოდან, რომელსაც ცოტა ხნის წინ უყურეს. მომდევნო რვა საათის განმავლობაში, ქალმა თქვა, რომ მან სიზმარში პროდუქცია ნამდვილად ნახა.
"ერთი სიზმარი ვნახე, სადაც ჯოხით ვხტუნაობდი და ხელში Coors-ის პროდუქცია მეჭირა. მეორეში, თვითმფრინავში ვიყავი, ადამიანებს Coor-ის ქილებს ვესროდი და ისინი მგულშემატკივრობდნენ", — თქვა ქალმა.
სიზმრების სესიის შემდეგ, მოხალისეები ფოკუს ჯგუფებად დაყვეს და გადაიყვანეს სპეციალურ ოთახში, სადაც ისინი განიხილავდნენ გამოცდილებებს.
"მათ ფაქტიურად პროდუქცია ტვინში ჩაგვინერგეს. არ მგონია ეს მთლად სწორი იყოს", — ამბობს ქალი.
ეს შემთხვევა არ არის პირველი, რომელიც Coor-ის უცნაურ მარკეტინგულ ხრიკებზე გვიყვება. 2021 წლის ივნისში ჟურნალმა Science Magazine-მა გამოაქვეყნა სტატია, რომ Coor სხვა კორპორაციებთან ერთად, მათ შორის Xbox და Burger King, ცდილობდა სიზმრების "ინჟინერიას". ამავე სტატიით გავიგეთ, რომ ძილის 40-მა მკვლევარმა ხელი მოაწერა ღია წერილს, რომლითაც კანონმდებლებს მოუწოდებენ დაარეგულირონ "მიზნობრივი სიზმრის ინკუბაცია (TDI)".
ასევე: ადამიანის სიზმრებში რეკლამის განთავსება სურთ — ექსპერტების გაფრთხილება
"ეს სერიოზული საკითხია. ადამიანების გონებაში პროდუქტის რეკლამირებისთვის სიზმრების დანერგვა, არაეთიკურია და მისი დაშვება არ შეიძლება. ადამიანის სიზმარი კორპორაციებისთვის რეკლამის განსათავსებელი მორიგი პლატფორმა არ უნდა გახდეს", — ნათქვამია მკვლევრების წერილში.
იმის გათვალისწინებით, რაც ქალმა The Hustle-ს განუცხადა, როგორც ჩანს, ექსპერტების გაფრთხილებები უსაფუძვლო არ არის.
ასევე: რატომ ვხედავთ სიზმრებს და რა ხდება ამ დროს ჩვენს გონებაში — მეცნიერება სიზმრებზე
კომენტარები