სომხების აქცია თურქეთის საელჩოსთან თბილისში და პრეტენზიები საქართველოს ხელისუფლებასთან
დღეს, თბილისში, თურქეთის საელჩოსთან, საქართველოში მცხოვრებმა ეთნიკურმა სომხებმა აქცია გამართეს, რომელზეც თურქეთის მხრიდან 1915 წელს მომხდარი გენოციდის აღიარება კიდევ ერთხელ მოითხოვეს.
როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ოსმალეთის იმპერიის მმართველებმა დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრები სომეხი მოსახლეობის წინააღმდეგ დანაშაული 1915-1918 წლებში ჩაიდინეს. სომხები გენოციდის დასაწყისად 1915 წლის 24 აპრილს მიიჩნევენ, როდესაც ოსმალურმა ხელისუფლებამ კონსტანტინოპოლში 250-მდე სომეხი ინტელექტუალი და მათი მეთაური დააპატიმრა. აღნიშნული მოვლენები ხდებოდა პირველი მსოფლიო ომის პარალელურად, ასევე მისი დასრულების შემდეგ და ორ ძირითად ეტაპს მოიცავს: შრომისუნარიან მამაკაცთა მკვლელობა და ქალების, ბავშვების, მოხუცებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დეპორტაცია და სიკვდილი.
დეპორტაციისას სომხები მოკლებულნი იყვნენ საჭმელსა და წყალს, პერიოდულად ძარცვავდნენ, აუპატიურებდნენ და კლავდნენ. დაღუპულთა რიცხვი 1-დან 1,5 მილიონამდე მერყეობს.
თურქეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება, რომ ოსმალეთის იმპერიაში 1915-1918 წლებში მიმდინარე მოვლენებს გენოციდი დაერქვას.
24 აპრილი აქციის მეორე დღეა. გუშინ სომხეთის დიასპორამ ვაკის პარკიდან თურქეთის საელჩომდე მსვლელობა მოაწყო, რომელზეც ისინი თურქეთის მხრიდან გენოციდის აღიარებას ითხოვდნენ:
"1915 წლის გენოციდის შემდეგ, დღეს 102-ე წლისთავია და ჩვენ ვართ თურქეთის საელჩოსთან, რათა შევახსენოთ მათ, რომ ისინი არიან სამართალმემკვიდრე ოსმალეთის იმპერიისა და მათ უნდა აღიარონ მათ მიერ ჩადენილი გენოციდი. იურიუდიული, პოლიტიკური, ეკონომიკური და ზნეობრივი შეფასება უნდა მისცეს თურქეთმა ამ მოვლენებს" - On.ge-სთან საუბრისას თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, გუარ აკოფიანმა.
აქციის ორგანიზატორი იყო საქართველოს სომეხთა სათვისტომო, სომხური ეკლესია და საქართველოში მდებარე სომხეთის კულტურული ცენტრი.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, სანდრო ოჰანიანი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ თბილისის მერიამ მათ შეკრებისგან თავის შეკავებისკენ გზის გადატვირთვის არგუმენტით მოუწოდა:
"მივმართეთ მერიას კანონის განსაზღვრული წესით, შევატყობინეთ, რომ ვაპირებდით ღონისძიების გამართვას, 23-24 აპრილის აქციებზე, საინტერესო და სამწუხარო პასუხი მივიღეთ მერიისგან, სადაც ტრანსპორტის სამსახურის ხელმძღვანელის ხელმოწერა იყო, და გვეუბნებოდნენ, რომ ტრანსპორტის მოძრაობის გადატვირთვის გამო სასურველი არ იყო ამ ადგილას ამ აქციის გამართვა. ეს ძალიან უცნაური პასუხი იყო და აკრძალვად ვერ ჩავთვალეთ, კონსტიტუციის დღევანდელი ტექსტი გვაძლევს დღეს აქ შეკრების გამართვის უფლებას. ესაა ღირსების საკითხი და იმედია ხელისუფლება არ შეზღუდავს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების უფლებას, გამოხატოს თავისი აზრი".
აქციის მონაწილეებს საქართველოს ხელისუფლების მიმართ სხვა პრეტენზიებიც აქვთ.
"მე როგორც საქართველოს მოქალაქეს, ძალიან მწყინს და გაოცებული ვარ, რომ თუკი საქართველო აღიარებს ევროპულ ფასეულობებს, რატო არ შეუძლია აღიაროს სომეხთა გენოციდი?
გერმანიამ აღიარა ჰოლოკოსტი, ბოდიში მოუხადა გერმანელებს და დღემდე კომპენსაციას უხდის, თუკი ნამდვილად აქვს საქართველოს ევროპული ღირებულებები, რატომ არ აკეთებს იგივეს?
დადგეს ცივილიზებული ქვეყნების ერთ რიგში საქართველოც. საქართველოს პარლამენტის წევრი დიდგორობის დღეს უქმად ვერ აცხადებს, რადგან ასე ურჩია თურქეთის ელჩმა, ეს სამარცხვინოა, სატირალია" - ამბობს გუარ აკოფიანი ჩვენთან საუბრისას.
"ხმაც ამოიღოს, ვითომც არაფერი არ ხდება, არც უნდა ნახონ, რაშა საქმე, ერთი ფეხი თურქეთისკენ აქვთ, მეორე ფეხი აქეთ. ძალიან სამარცხვინო ფაქტია, თეთრზე ამბობ შავი, შენ სიმართლის ხმაც არ გინდა ამოიღო, ეს ძალიან სამარცხვინო ფაქტია ქართველებისთვის, ჩვენ აქ კანონებს ვიცავთ და აქ ვცხოვრობთ და ყველაფერში ვიღებთ მონაწილეობას და ჩვენ თურმე არ ვართ დაცულნი" - ამბობს აქციის მონაწილე.
"ვითხოვთ, რომ თურქეთმა აღიაროს ეს გენოციდი, როგორც ეს ბევრმა სხვა სახელმწიფომ აღიარა. ახლა გამოვიდა ფილმი "აბიშანიე" (The Promise, 2016), ეს ფილმი დააფინანსა სომეხმა მეცენატმა, რომელმაც გამოიარა ეს ყველა გზა, 1,5 მილიონი სომეხი რომ მოსპეს, მოკლეს და დატანჯეს და დანარჩენი 500 ათასი გაუშვეს სახელმწიფოდან, ბევრი საქართველოში ჩამოვიდა, ბევრი გადავიდა ევროპაში, ათიათასობით ამერიკაში გაიქცა.
საშინელება იყო, რამდენი ბავშვი და მოხუცი გზაში დაიღუპა, მაშინ პატარა იყო კარკორიანი, ეს მეცენატი, მაგრამ ღრმა სიბერეში გარდაიცვალა ახლახან და სიკვდილამდე დაიბარა რომ ეს ფილმი გადაეღოთ.
ბაბუაჩემის მამაც იქედანაა გამოქცეული, მღვდელი იყო, კიდევ უნდოდა დაბრუნება, მაგრამ უთხრეს, რომ უარესი ელოდა. იქ ისტორიულად ბევრი ქართველიც ცხოვრობდა, ტრაპიზონი ადრე საქართველოს ტერიტორია იყო ისტორიულად. თურქეთის მთავრობისთვის იქნება დიდი პლუსი ამას თუ აღიარებს, თუ უნდათ ევროპაში შესვლა და დემოკრატია და დემოკრატიული თურქეთის აშენება, მემგონი უნდა აღიარონ" - ამბობს აქციის მონაწილე ინგა აგიკიანი.
კომენტარები