გაერთიანებულ სამეფოში უკრაინელი ლტოლვილების შესაფარებლად მთავრობის მიერ სქემის შემუშავებიდან პირველ 24 საათში მასპინძლობის სურვილი 100 ათასზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა.

ვებგვერდი, სადაც ლტოლვილების შეფარების მსურველებს რეგისტრაცია შეუძლიათ, ჩართვიდან მალევე გადატვირთვის გამო გაითიშა.

ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიმს კლევერლის თქმით, მსურველთა რაოდენობა ყოველ საათში 10 ათასით იზრდება. ბრიტანეთის მთავრობის წევრებმა ქვეყნის მოსახლეობას დიდსულოვნებისთვის მადლობაც გადაუხადეს.

"ვიცი, რომ მთავრობის მინისტრისგან ეს უცნაური ნათქვამია, მაგრამ მიხარია, რომ ვებგვერდი გაითიშა, რადგან ეს ბრიტანელების სულგრძელობაზე მიუთითებს", — ამბობს კლევერლი.

რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ქვეყანა თითქმის 3-მა მილიონმა ადამიანმა დატოვა. ამასთან, უფრო მეტ მოქალაქეს მოუწია ქვეყნის სხვა რეგიონებისთვის თავშეფარება.

გაერთიანებული სამეფო ერთ-ერთია იმ ქვეყნებიდან, რომლებმაც უკრაინელი ლტოლვილების მასპინძლობის სურვილი გამოთქვეს. ქვეყანაში ამოქმედებული სქემით, ბრიტანეთში ჩასული ადამიანები ცხოვრებასა და მუშაობას სამი წლით შეძლებენ, ამ დროის განმავლობაში კი ისარგებლებენ ჯანდაცვისა და სხვა სოციალური სერვისებით.

ამის მიუხედავად, პროგრამა ქვეყნის ლეიბორისტულმა პარტიამ გააკრიტიკა, რადგან მასპინძელ ოჯახებს თავად მოუწევთ იმ ლტოლვილების მოძებნა, რომელთა შეფარებაც სურთ.

"არ შეიძლება, უკრაინელ ოჯახებს, რომლებიც ვლადიმირ პუტინს გაექცნენ და სახლებიდან არაფრით წამოვიდნენ, სთხოვდე ინსტაგრამზე ყოფნას და საკუთარი თავის რეკლამირებას იმ იმედით, რომ ბრიტანელების ოჯახი მათ შენიშნავს", — ამბობს ლეიბორისტული პარტიის წევრი, ლისა ნენდი.

საპასუხოდ კლევერლიმ აღნიშნა, რომ არ იციან, რამდენ ადამიანს და რა ხნით დასჭირდება თავშესაფარი, თუმცა, ისინი ადგილობრივ მთავრობებს ყველა საჭიროებით უზრუნველყოფენ, ამ პროცესში კი აქტიურად იქნებიან ჩართული საქველმოქმედო ორგანიზაციები.

აღსანიშნავია, რომ 100 ათასამდე უკრაინელი ლტოლვილის მასპინძლობის მზადყოფნა გამოთქვა საცხოვრებლის დაჯავშნის ერთ-ერთმა უდიდესმა პლატფორმამ, Airbnb-მ. რუსეთის აგრესიას გარიდებულ ადამიანებს შეფარებისა და დახმარების სურვილით ხვდებიან ევროპის სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის, გერმანიაში — პირდაპირ სადგურზე.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში