მემკვიდრეობაწართმეული გოგოების სევდა
''არაფერი ვიცოდი იმის შესახებ, რომ სახლი დედაჩემს ჩემი ძმისთვის უჩუქებია. გამოვიდა, რომ შევიჭერი ჩემი ძმის საკუთრებაში... პოლიციამ შემაკავებელი ორდერი გამომიწერა, სახლიდან გამომაგდეს. იმ დღეს ქუჩაში დავრჩი, ტყესთან ახლოს. სუსხიან საღამოს, ტყიდან სამი ტურა იყო ჩამოსული... ჩემთან მოახლოებას ცდილობდნენ... თავის დასაცავად, ბეტონის კედელზე ავძვერი და ასე გავატარე მთელი ღამე...'', — გვიამბობს ბელა პატაშური, რომელიც საკუთარმა ოჯახის წევრებმა ასეთი გზით მოიცილეს მშობლიური სახლიდან. არავის უფიქრია იმაზე, თუ სად უნდა წასულიყო ბელა. მუდმივად პოლიციასა და სასამართლოსთან იმის მტკიცების რეჟიმშია, რომ წასასვლელი არსად აქვს, თუმცა, დედამისს და ძმას ამაზეც პასუხი აქვთ: ჩადგი ვაგონი და იქ იცხოვრეო.
საქართველოში ქალებს ხშირად ისტუმრებენ მშობლები სახლიდან — ან დაქორწინებას აიძულებენ, ან, უბრალოდ, მშობლიური კერიიდან აბარგებას და სადმე გადასვლას, რადგან, გავრცელებული მოსაზრების თანახმად, მშობლების ქონება მთლიანად ''გვარის გამგრძელებელს'' ეკუთვნის.
მემკვიდრეობის გადანაწილებისას გენდერული ფაქტორების გათვალიწინება ეკონომიკური ძალადობის ერთ-ერთი, შეფარული ფორმაა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა მემკვიდრეობის გადანაწილების საკითხში არანაირ გენდერულ განსხვავებას არ ითვალისწინებს, ტრადიციულ-კულტურული მოსაზრებების თანახმად, ქალი მემკვიდრე, კაც მემკვიდრესთან შედარებით, არასახარბიელო მდგომარეობაში იმყოფება.
''ქალები ან შეგნებულად არ იყენებენ კანონით მინიჭებულ უფლებას, ან საერთოდ არ იციან მისი არსებობის შესახებ. ტრადიცია იმდენად ძლიერადაა ფესვგადგმული ცნობიერებაში, რომ ქალების მხრიდან მემკვიდრეობის საკუთარი წილის მოთხოვნა გაუმართლებელად აღიქმება საზოგადოების მიერ. ამიტომ ქალი, იმისათვის, რომ ოჯახის და სოციუმის მოლოდინები გაამართლოს, თავს არიდებს კანონით მინიჭებული უფლების გამოყენებას. ოჯახური ძალადობის სხვადასხვა ფორმა კი უმეტეს შემთხვევაში იმ ქალებზე ხორციელდება, რომლებიც ეკონომიკურად დამოკიდებულნი არიან'', — ვკითხულობთ სოციოლოგი მაია არავიაშვილის კვლევაში მემკვიდრეობის განაწილების გენდერული ასპექტები ქართულ კულტურაში.
მართლაც, ქალის აღზრდა ხშირად იმთავითვე ითვალისწინებს მისთვის იმ კულტურული ტრადიციების ჩანერგვას, რომლის თანახმადაც, თავად უცილობლად უნდა დატოვოს მშობლიური სახლი, რადგან ამ ყველაფრის ბატონ-პატრონი მისი ძმაა.
ზუსტი ან მიახლოებითი სტატისტიკის წარმოება იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ რამდენი და თმობს მემკვიდრეობის თავის კუთვნილ წილს ძმის სასარგებლოდ, შეუძლებელია, ვინაიდან მსგავსი შეთანხმებები, როგორც წესი, სიტყვიერია, ხოლო რაც შეეხება სასამართლო ინსტანციებამდე მისულ მსგავსი სახის დავებს, ამის სტატისტიკის აღრიცხვა ჩვენს ქვეყანაში არ ხდება (მ. არავიაშვილი, იქვე, გვ. 35).
ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევა საქართველოში (2017) ქალებისთვის მემკვიდრეობის გადანაწილების გენდერულ ასპექტების შედეგებს პირდაპირ უკავშირებს ქალის მოწყვლადობას მის მიმართ გამოყენებული ძალადობის წინაშე: ''მშობლების ქონების მემკვიდრედ ბიჭი სახელდება და არა გოგო. გათხოვების შემდეგ მათ უნდა დატოვონ მშობლების სახლი და მომავალში მასზე უფლებები აღარ აქვთ. ეს ნიშნავს, რომ ქალებს, რომლებიც ძალადობას განიცდიან, არ შეუძლიათ, თავშესაფარი მოსთხოვონ მშობლებს''. მართლაც, ხშირად ქალები ვერც სახელმწიფო თავშესაფარში გადაბარგებით ვერ უსხლტებიან ხელიდან მოძალადე ქმრებს/პარტნიორებს; ზემოთხსენებულ თავშესაფარში ცხოვრების ლიმიტის ამოწურვის შემდეგ, მსხვერპლის გასაძლიერებელი შესაბამისი სოციალური პროგრამების არარსებობის პირობებში, ისინი ხშირად იძულებულნი ხდებიან, ისევ მოძალადე ქმრებს დაუბრუნდნენ, რადგან დამოუკიდებლად ცხოვრების არანაირი ეკონომიკური შესაძლებლობა არ გააჩნიათ.
''მეგონა, თავს ვუშველე თქო, ბავშვიანად გამოვექეცი, როცა სახლში მთვრალი მოვიდა და ორივეს საცემრად დაგვერია, მაგრამ ჰა — რა ვქნა? მივდივარ ისევ მაგასთან და ვიცხოვრებ ისევ მაგის ჯოჯოხეთში... სხვა გზა არ არი, არა... ჯანდაბას, ისევ მირტყას და დამასისხლიანოს, ბავშვი მაინც არ მომიკვდება შიმშილით...'', — ამბობს ერთ-ერთი რესპონდენტი.
როგორც საკითხზე მომუშავე სპეციალისტები აღნიშნავენ, მემკვიდრეობის გადანაწილებისას გენდერული ფაქტორების გათვალისწინების ერთგვარ ''დაუწერელ კანონს'' ქალები ხშირად პროტესტის გარეშე ემორჩილებიან, რადგან წარმოუდგენლად მიაჩნიათ მშობლებთან, ძმებთან, სანათესაოსთან თუ მთელს საზოგადოებასთან დაპირისპირება, თავიანთი კუთვნილი ქონების მოთხოვნის გამო.
მსგავს შემთხვევაში, როდესაც ოჯახი ქალს მემკვიდრეობის გარეშე ტოვებს და გათხოვების (კონტექსტს მორგებული სიტყვაა) სახით ისტუმრებს შინიდან, მთელი პასუხისმგებლობა მომავალ ცხოვრებაზე ხშირად თავად ქალს ეკისრება: თუ ''ცუდი'' ან ''ღარიბი'' ქმარი შეხვდა, ესეც მისი პრობლემა და ნაკლია, რადგან ''უკეთესის შოვნა'' ვერ შეძლო. ''გათხოვილიყავი უკეთესად და იქნებოდი კარგად'', ''შენი ბრალია ასე რომ ხარ, გაყოლოდი მდიდარ ქმარს'' — ამ ფრაზებს სხვადასხვა ოჯახებში ტენდენციური გამოვლინება აქვთ და ქალებიც საკუთარ თავს, ხშირად, ''ნივთებად'' მოიაზრებენ'' — აღნიშნულია მაია ჩიტაიას კვლევაში ეკონომიკური ჩაგვრის გენდერული ჩრდილები: მემკვიდრეობის გადანაწილების ძალაუფლებრივი ასპექტები.
''ასე ვიზრდებოდი, ასე მინერგავდნენ, ასე ვიცხოვრე და ასეც მოვიქეცი — მშობლების უზარმაზარი მემკვიდრეობიდან ერთი ''ვაზა'' არ წამომიღია, მიუხედავად იმისა, რომ მე და ჩემს ქმარს მატერიალურად ძალიან გვჭირდა ყოველთვის... ფუფუნებაში გაზრდილს ძალიან მეხამუშებოდა ხელფასიდან ხელფასამდე კაპიკების თვლა, მაგრამ აბა მშობლებს და ჩემს ძმას ხომ არ შევაწუხებდი... ჩემს ძმისშვილებს თუნდაც ერთ პატარა ბინაში ხომ არ შევეცილებოდი... არადა, ბინა ოჯახს ჰქონდა ხუთი, მათ შორის — პრესტიჟულ უბნებში, ძალიან ძვირიანი, აგარაკი — 3, ყველა საუკეთესო კონდიციაში და საუკეთესო ადგილას, და ბიზნესი — 3, საიდანაც ერთი თეთრიც არ შემხვედრია... მშობლებთან სტუმრად რომ მივდიოდი ხოლმე, დედაჩემი დამცინავად წამომაძახებდა, სჯობდა, უკეთესი შეძლების ქმარი გეპოვნა, ამ ჯიბეგაფხეკილს რომ გადაეკიდე და ასე ''გამათხოვრდიო'' ... გული მეწვოდა მის სიტყვებზე და მწყინდა — ჩემი ქმარი მიყვარდა და მიყვარს ახლაც... ანუ ისევ ჩემი ბრალი გამოდიოდა ჩემი სიღრიბე — აბა თავიანთ თავებს ხომ არ დააბრალებდნენ რამეს...'', — გვიამბობს ერთ-ერთი რესპონდენტი.
ორგანიზაცია საფარის მუშაობის ერთ-ერთი მიმართულება ქალთა ეკონომიკური გაძლიერებაა. საფარის ფეისბუქ კამპანია ''მეც შვილი ვარ'' მთლიანად ეძღვნება მემკვიდრეობის გადანაწილებისას გენდერული ფაქტორების გათვალისწინების პრობლემას. ქალები თავიანთ პირად ამბებს გვიამბობენ, გვიამბობენ დამცირების, უარყოფის, მარტო დარჩენის სიმწარეზე, ნორმალური ცხოვრების აშენების შეუძლებლობაზე.
თითქმის ყოველთვის, ისინი ანონიმურად უზიარებენ თავიანთ ისტორიებს საფარის ფეისბუქ კამპანიას. მათი თქმით, ანონიმურობის გარანტიის გარეშე ამ საკითხებზე ღიად ვერ ისაუბრებდნენ, რადგან, როგორც უკვე ითქვა, მთელი სანათესაო, სანაცნობო თუ სამეზობლო მათ გაკიცხვასა და შერცხვენას შეუდგება, არა მხოლოდ მემკვიდრეობის კუთვნილი წილის მოთხოვნის, არამედ — უბრალოდ ამ საკითხზე საუბრის შემთხვევაშიც კი.
რთულია, თითქმის შეუძლებელი, ამ ყველაფერს გაუძლო და მაინც შენი გაიტანო, მაგრამ ეს მაინც მოახერხა მარიამმა (სახელი შეცვლილია) — რესპონდენტმა, რომელმაც ასევე ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა.
''მას შემდეგ, რაც ოჯახს უარი ვუთხარი, ჩემი სამემკვიდრეო წილი მათთვის დამეთმო (თურქეთში ვიყავი იმ მომენტში წასული სამუშაოდ), ცოტა ხანში, მთელი ოჯახი მირეკავს, ნათესავებთან შეკრებილან და უკანასკნელი სიტყვებით მლანძღავენ — თურმე როგორ "ჩავუშალე" გეგმები. აუტანელი ზეწოლა იყო, აუტანელი შეურაცხყოფები, დაბლოკვები, თათხვა. ვცდილობდი, ამეხსნა, რატომ ვთქვი უარი მათ წინადადებაზე, მაგრამ ვის ესმოდა? მე გართმევთ რამეს თუ თქვენ-მეთქი? უზარმაზარი სახლები და ბიზნესები გაქვთ, და ლოთი ქმარყოფილის და მომვლელის ამარა მიტოვებული შვილების პატრონს მშობლიური სახლიდან საბოლოოდ როგორ მაძევებთ-მეთქი? იყო უსაშინლესი ზეწოლა, ლანძღვა, გინება, დამუნათება, ფსიქოლოგიური ტერორი. საავადმყოფოდან საავადმყოფოში გადავყავდი ჩემს დიასახლისს...'', — გვიამბობს მარიამი, კამპანიის ერთ-ერთი მონაწილე.
ეს ისტორია იმითაა გამორჩეული, რომ მის მთავარ გმირს ეყო სიმამაცე და თავისი კუთვნილი სამემკვიდრეო წილი არ დათმო, თუმცა, ეს ნაბიჯი მას უზარმაზარი სტრესის ფასად დაუჯდა. როგორც იგი ამბობს, ბავშვობაში ჩაცმაც აკლდა, საჭმელიც და გართობაც, რადგან მშობლები ყველა სახსარს თავიანთ სახლს ახმარდნენ, ბოლოს კი მას უთხრეს, რომ ამ სახლში მას ღამის გათევის უფლებაც აღარ ჰქონდა. თუმცა, საბოლოოდ, რესპონდენტმა მშობლებისეული სახლი შეინარჩუნა, მცირე ბიზნესიც ააწყო — ბანკიდან ჯერ ხუთი, შემდეგ კი ათი ათასი ლარი ისესხა და სწრაფი კვების ობიექტი გახსნა. რომ არა მშობლების სახლი, მას ამ სესხსაც არავინ მისცემდა და ვერც ბიზნესს დაიწყებდა...
საფარის ფეისბუქ კამპანიის მონაწილეთა უმრავლესობა მაინც სინანულით აღნიშნავს, რომ ვერ შეძლო თავისი სამემკვიდრეო უფლებების დაცვა, რადგან ძალიან ძლიერი იყო საზოგადოების, საახლობლოს, თავად მშობლების თუ ოჯახის სხვა წევრების ზეწოლა. ვინც მზად იყო, ქონებრივი დავა სასამართლოში გაეგრძელებინა, იგიც გაჩუმდა საბოლოოდ, რადგან შესაბამისი ხარჯის გაწევა ვერ მოახერხა, ან რაღაც მომენტში მორალურად გატყდა. ამ ყველაფრის გამო, მათი ცხოვრება თითქმის ყოველთვის უარესობისკენ შეიცვალა.
თუმცა, აქ ვხვდებით გოგოებსაც, რომლებიც უარს ამბობენ, დაემორჩილონ პატრიარქალური სამყაროს ამ დაუწერელ კანონს და მზად არიან, ბოლომდე იბრძოლონ თავიანთი უფლებების დასაცავად და კუთვნილი ქონების მისაღებად. მაია არავიაშვილი ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევები ჯერ კიდევ ვერ ცვლის ამ საკითხთან დაკავშირებით არსებულ მძიმე სურათს:
''კამპანიის ფარგლებში მოსაზრებებს გამოთქვამენ ის გოგოები, რომლებსაც გაუჩნდათ პროტესტის განცდა. მნიშვნელოვანია, ვისი დამოკიდებულებაც განსხვავებულია, რა ფაქტორებმა განაპირობა. ეს შეიძლება იყოს კლასი, განათლება, საცხოვრებელი ადგილი, ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა, თუმცა, სამწუხაროდ, საზოგადოების კრიტიკული ნაწილი ამ საკითხთან დაკავშირებით კვლავ ინარჩუნებს ტრადიციულ დისკრიმინაციულ განწყობას'', — ამბობს იგი.
მემკვიდრეობის გადანაწილებისას ადამიანების გენდერული ნიშნით სეგრეგაცია კვლავ რჩება ჩვენი ქალების წინაშე მდგარ ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემად, თუმცა, როგორც ორგანიზაცია საფარში ამბობენ, საკითხის შესახებ დისკუსიის მუდმივ რეჟიმში შენარჩუნება იმედს იძლევა, დროთა განმავლობაში სურათი შეიცვალოს და ქალების წინაშე თავიანთი კუთვნილი მემკვიდრეობის მიღების პრობლემა ასე მწვავედ აღარ დადგეს.
კომენტარები