დაარღვევს თუ არა პუტინი ბირთვულ ტაბუს? — რუსული ბირთვული სტრატეგიის მკვლევრის ანალიზი
"მართალია, რუსეთმა იცის, რამდენად საშიშია ბირთვული ესკალაცია, თუმცა პრეზიდენტის განცხადებები შეშფოთების საფუძველს იძლევა", — წერს კრისტინ ვენ ბრუსგარდი, რომელიც ოსლოს უნივერსიტეტში რუსეთის ბირთვული სტრატეგიის შესწავლაზე მუშაობს.
4 მარტის გამთენიისას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან რუსებმა ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც ადგილზე ხანძარი გაჩნდა. ამ მომენტისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებით, რადიაციული დონის ცვლილება არ დაფიქსირებულა. თუმცა ელექტროსადგურის სპიკერი ამბობს, რომ "ევროპის უდიდეს ატომურ სადგურზე რეალური ბირთვული საფრთხე არსებობს". უკანასკნელი ცნობებით კი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს რუსი სამხედროები აკონტროლებენ.
ამ ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე, 27 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა გასცა ბრძანება, რომ რუსული არმიის შემაკავებელი ძალები — რომლებსაც ბირთვული იარაღის გამოყენების უფლება აქვთ — "საბრძოლო მორიგეობის განსაკუთრებულ რეჟიმში" მოეყვანათ. რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განმარტებით, პუტინის განცხადებაში რუსეთის სტრატეგიული ბირთვული ტრიადისადმი მიძღვნილი ცოცხალი ძალის გაზრდა იგულისხმებოდა. ტრიადაში შედის: სახმელეთო სტრატეგიული ბირთვული სარაკეტო ძალები; ჩრდილოეთ და წყნარი ოკეანის საზღვაო ფლოტების ბირთვული შემაკავებელი საშუალებები; და ბირთვული იარაღის გადაზიდვის პოტენციალის მქონე შორსმოქმედი სტრატეგიული ბომბდამშენების საჰაერო ფლოტი.
ქვემოთ წაიკითხავთ ოსლოს უნივერსიტეტში რუსეთის ბირთვულ სტრატეგიაზე მომუშავე პოლიტიკური მეცნიერებების ასისტენტ-პროფესორის, კრისტინ ვენ ბრუსგარდის ანალიზს, რომელიც პუტინის ამ განცხადებას აფასებს:
ეს არ არის დიდი ცვლილება რუსეთის ბირთვული არსენალის მდგომარეობაში, რადგან ის მშვიდობიან პერიოდშიც კი გარკვეულ მზადყოფნაში რჩება. აშშ-ისა და გაერთიანებული სამეფოს ოფიციალური პირები კი აცხადებენ, რომ მათი დაკვირვებით, რუსეთის ძალების პოზიციებში რაიმე ცვლილება არ შეინიშნება. მაგალითად, ეს ნიშნავს იმას, რომ მათ არ შეუნიშნავთ სახმელეთო რაკეტების დისპერსია, თვითმფრინავების ბირთვული ქობინებით დატვირთვა ან მოძრაობა ცენტრალურ საწყობებში, სადაც რუსეთი თავის სუბსტრატეგიულ ბირთვულ ქობინებს ინახავს.
მაშინ, რატომ განუცხადა პუტინმა მსოფლიოს, რომ იგი ბირთვულ მზადყოფნას ზრდიდა?
უკრაინაში შეჭრამ ალბათ იმაზე მძიმე ვითარება შექმნა, ვიდრე რუსეთის ხელმძღვანელობა ელოდა. შეჭრა გეგმის მიხედვით არ მიდის. დასავლეთის რეაგირებამ მის ხელთ არსებული შესაძლებლობების სრული სპექტრი გამოიყენა — გარდა უკრაინისთვის პირდაპირი სამხედრო დახმარების გაწევისა.
ასე რომ, დასავლურ გათვლებზე ზეგავლენას პუტინი იმის გამეორებით ცდილობს, რომ რუსეთთან დაპირისპირება მნიშვნელოვან ბირთვულ რისკებს შეიცავს. იგი ამ ქმედებას დასავლეთის რუსეთისადმი აგრესიული რიტორიკით ამართლებს. მოსკოვისთვის სიტუაცია ახლა საკმარისად მძიმეა იმისთვის, რომ ბირთვულ ალტერნატივაზე მინიშნებები გააკეთოს.
ჯერ კიდევ ნაკლებად სავარაუდოა, რომ პუტინი ამ სუიციდურ აქტს — დასავლეთის ქვეყნების წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენებას — სერიოზულად განიხილავს. მიუხედავად ამისა, არსებობს გარკვეული შემაშფოთებელი მოვლენები, რომლებიც ბირთვული იარაღის შეზღუდული გამოყენების შესაძლებლობაზე მიუთითებს.
რუსეთის მზადყოფნა, გამოეყენებინა ბირთვული იარაღი კონფლიქტის შემთხვევაში, მიმდინარე კონფლიქტის დაწყებამდეც შედარებით მაღალი იყო. ბოლო 12 წლის განმავლობაში მისი სამხედრო დოქტრინა აცხადებდა, რომ ბირთვულ იარაღს მხოლოდ ისეთ სიტუაციებში გამოიყენებდა, რომლებიც სახელმწიფოს არსებობას უქმნის საფრთხეს. ანალიტიკოსთა უმეტესობა ვარაუდობს, რომ ეს ეხება შემთხვევას, როდესაც თავად რუსეთის ტერიტორიაა მძიმე თავდასხმის ქვეშ.
იმ სამხედრო შედეგის მისაღწევად, რომელიც რუსეთს უკრაინაში განუზრახავს, მას ბირთვული იარაღის გამოყენება არ სჭირდება. ჩვენ ჯერ კიდევ არ გვინახავს რუსეთის არაბირთვული ძალების სრული ამოქმედება. რუსული სამხედრო პრაქტიკით, მიმდინარე ომი მაინც ლოკალურ კონფლიქტად ფასდება. ასეთ კონფლიქტებში ბირთვული იარაღის როლი შემდგომი ესკალაციის შეკავებაა — ამ შემთხვევაში ეს დასავლეთის პირდაპირი ჩარევის აღკვეთას ნიშნავს.
თუმცა, რუსეთის ბოლოდროინდელი განცხადებები და მოქმედებები შეშფოთების საბაბს მაინც იძლევა. ბოლომდე გაურკვეველია, თუ ზუსტად რას ნიშნავს "ეგზისტენციალური საფრთხეები", რომელსაც პუტინი ახსენებს. დამკვირვებლები ხაზს უსვამენ, რომ პუტინის წარსული განცხადებები, რომლებშიც ის ამბობს, "რუსეთის გარეშე მსოფლიო ვერ იარსებებსო", შემაშფოთებელია.
ამჟამინდელმა ვითარებამ შეიძლება რუსეთს თამაშის წესების გადახედვა აიძულოს. მისი ლიდერები ვერ წარმოიდგენდნენ, რომ დასავლეთი გაერთიანდებოდა და მას სათანადოდ უპასუხებდა. დასავლეთის ქვეყნები ეკონომიკური თუ პოლიტიკური ინსტრუმენტების ფართო სპექტრს იყენებენ, რათა რუსეთზე მაქსიმალური ზეწოლა მოახდინონ. არის იმის შანსი, რომ ეს ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო ზეწოლა რუსეთმა ეგზისტენციალურ საფრთხედ აღიქვას. დასავლურმა ერთიანობამ, შესაძლოა, დასავლურ ინტერვენციაზე რუსული პარანოია გაზარდოს.
შეშფოთების კიდევ ერთი მიზეზი პუტინის ფსიქიკური მდგომარეობაა. მისი რიტორიკა დღითიდღე უფრო ექსტრემალური ხდება. ამასთან, მისი კაბინეტის შეხვედრებიც შემაშფოთებელია. არსებობს სპეკულაცია იმის შესახებ, რომ კოვიდიზოლაციამ მის გონებაზე გარკვეული გავლენა მოახდინა. მასთან დაახლოებულ პირთა წრე ახლა მხოლოდ იმ ადამიანებს მოიცავს, რომლებიც კომპრომისებზე არ მიდიან. და, შესაძლოა, ის ინფორმაცია, რომელსაც მას აწვდიან, დამახინჯებული იყოს.
ჩვენ არ ვიცით, მიმდინარეობს თუ არა კრემლში რეალური დებატები პოლიტიკური დღის წესრიგის შესახებ. გაბედავენ კი რუსი პოლიტიკური თუ სამხედრო მრჩევლები პუტინისთვის არას თქმას ან მისგან განსხვავებული აზრის გამოხატვას? შეაჩერებენ თუ მოუწონებენ მას ბირთვული იარაღის გამოყენების იდეას თავდაცვის მინისტრი შოიგუ და გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი? საბედნიეროდ, რუსულ სისტემაში პუტინი იძულებულია, ბრძანების გაცემამდე მათთან გაიაროს კონსულტაციები.
ყველაზე სახიფათო სცენარის მიხედვით, შესაძლოა, პუტინმა თავი კუთხეში მომწყვდეულად აღიქვას და იფიქროს, რომ დასაკარგი მეტი არაფერი აქვს. ასეთ ვითარებაში არსებობს იმის საშიშროება, რომ მან ძალზე შეზღუდული ბირთვული დარტყმა გამოიყენოს, რათა კონფლიქტი შეაფერხოს და ამ პაუზის დროს შეეცადოს მოწინააღმდეგის იძულებას, დამორჩილდეს მას. წარსულში რუსი სტრატეგები ბირთვული იარაღის ამ მიზნით გამოყენების შესაძლებლობას განიხილავდნენ.
თუმცა, რუსეთის ლიდერებმა არ იციან, ბირთვული ბარიერის გადალახვით მოსალოდნელ შედეგს მიიღებენ თუ არა. მათ არ შეუძლიათ იწინასწარმეტყველონ, რა პასუხი ექნება მსოფლიოს იმ "ბირთვული ტაბუს" დარღვევაზე, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოქმედებს. ის კი იციან, რომ რისკები უზარმაზარი და მართლაც ეგზისტენციალური იქნება. რუს ლიდერებს იმაზე ფიქრიც უწევთ, თუ როგორ შეიძლება ბირთვული ესკალაციის კონტროლი. მათ იციან, რომ ბირთვული ომი ყველაზე სახიფათო სცენარია, რომელიც კი არსებობს.
გასულ წელს პუტინმა ორჯერ დაუჭირა მხარი იმ განცხადებას, რომ "ბირთვულ ომში გამარჯვებული ვერავინ იქნება და ეს არასოდეს არ უნდა მოხდეს". იმედი ვიქონიოთ, რომ მას ეს გაახსენდება, როდესაც უკრაინაში თავის მომავალ ნაბიჯებზე იფიქრებს.
კომენტარები