მეცნიერების თქმით, საკვებს გენებზე ზემოქმედების უნარი შესწევს
ადამიანთა უმეტესობას საკვები მხოლოდ კალორიების, ენერგიის წყაროდ მიაჩნია. თუმცა, უკანასკნელმა კვლევებმა აჩვენა, რომ ის გავლენას ახდენს ჩვენს გენომზეც, რომელიც ორგანიზმის ფუნქციონირებას უჯრედულ დონეზე განსაზღვრავს.
ამ ზემოქმედების შედეგი აისახება, როგორც ჯანმრთელობასა და ფიზიოლოგიაზე, ასევე სიცოცხლის ხანგრძლივობაზე. ის, რომ საკვები ცხოველის გენომს მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის, მეცნიერების ჯერ კიდევ ახალი დარგის, ნუტრიგენომიკის შესწავლის მთავარი საგანია. მართალია, აღნიშნული დისციპლინა განვითარების ადრეულ ეტაპზეა და ბევრი კითხვა პასუხგაუცემელი რჩება, მაგრამ ნამდვილად ვიცით, რომ საჭმელთან ჩვენი "ურთიერთობა" იმაზე ღრმაა, ვიდრე წარმოგვედგინა.
გენებისა და საკვების ურთიერთქმედება
იდეა, რომ მცენარეული ან ცხოველური პროდუქტი სხეულში ამა თუ იმ ბიოლოგიურ პროცესს გენებთან კავშირის მეშვეობით განაპირობებს, გასაოცარია. მაგალითად შეგვიძლია ფუტკრები განვიხილოთ. როგორც ვიცით, მათი უმეტესობა (მუშები) არ მრავლდება და მხოლოდ რამდენიმე კვირას ცოცხლობს, დედა ფუტკარი კი მთელ კოლონიას შობს და სიცოცხლეს წლობით ინარჩუნებს.
არადა, ამ მწერებს გენეტიკურად იდენტური ორგანიზმი აქვთ (ლარვულ ფაზაში), ერთადერთი განსხვავება სწორედ საკვებია, რომელსაც ისინი იღებენ. კერძოდ, "დედოფლები" ფუტკრის რძეს მიირთმევენ, ხოლო სხვები ნექტარსა და ყვავილის მტვერს სჯერდებიან. თითოეული მათგანი ენერგიის კარგი წყაროა, მაგრამ პირველი ისეთ ქიმიურ ნაერთებს შეიცავს, რომლებიც ზემოხსენებულ ცვლილებას იწვევს.
საინტერესოა, როგორ. შეგახსენებთ, რომ საკვები მიკროელემენტებისგან შედგება, როგორიცაა ნახშირწყლები, ცხიმები და ცილები. ასევე, ვიტამინები და მინერალები. მათი დაშლის შედეგად წარმოქმნილ ნივთიერებებს კი გენეტიკური ცვლილებების ხელშეწყობის უნარი შესწევს.
წარმოიდგინეთ ერთგვარი ჩამრთველი, რომლის დახმარებითაც გენებს ააქტიურებთ. თუ ფუტკრის რძე "დედოფლებში" ორგანოების ჩამოყალიბებასა და ნაყოფიერების შენარჩუნებას უწყობს ხელს, ადამიანებსა და ვირთხებში ამინომჟავა მეთიონინი (რომელიც ხორცში/თევზში ჭარბად გვხვდება) უჯრედების ზრდისა და დაყოფისთვის მნიშვნელოვან გენებზე ზემოქმედებს. კვლევების თანახმად, ჩვენი კვების რაციონი მომდევნო თაობების ჯანმრთელობაზეც აისახება.
კვებითი ჯაჭვი
ეს ყველაფერი კვებით ჯაჭვს ახლებურად წარმოაჩენს. მაგალითად, იმ ძროხების რძე, რომლებიც ბალახით საზრდოობენ, საგრძნობლად განსხვავდება მარცვლეულით გამოკვებილი საქონლის რძისგან. მათ შემადგენლობაში ცხიმოვანი მჟავები, ისევე, როგორც ვიტამინი C და A არათანაბარი რაოდენობითაა. შესაბამისად, თითოეულის მიღება ჩვენზე სხვადასხვაგვარ გავლენას ახდენს.
იგივე პრინციპია მეძუძური ქალის შემთხვევაშიც. დედის რაციონი მის რძეში არსებული ნივთიერებების კონცენტრაციასა და, თავის მხრივ, ჩვილის გენომისთვის მიწოდებულ ინფორმაციასაც განსაზღვრავს. თუმცა, რამდენად მოქმედებს ეს ბავშვის განვითარებაზე, ამ დროისთვის უცნობია.
არ უნდა დაგვავიწყდეს მიკროორგანიზმები, რომლებიც ადამიანის სხეულში, კუჭ-ნაწლავში, ლორწოვან გარსსა და კანზე ბინადრობენ. ისინი გენეტიკურ "ბერკეტებს" არანაკლებ ფლობენ და ამინომჟავების დაშლით ბედნიერების ჰორმონად წოდებული სეროტონინის დონის შეცვლაც შეუძლიათ.
საკვები დანამატები და შეფუთვა
ამ მხრივ საჭმლის დამატებით ინგრედიენტებიც არაა გამონაკლისი, რადგან ისინიც ჩვენს კუჭში ხვდება. პური და ბურღულეული ფოლიუმის მჟავითაა მდიდარი, რომელიც ხსენებული ვიტამინის ნაკლებობით გამოწვეული თანდაყოლილი ანომალიების რისკს ამცირებს. ამის მიუხედავად, ზოგიერთი მეცნიერი ამტკიცებს, რომ სხვა ბუნებრივი მიკროელემენტების არარსებობის დროს, მისი სიჭარბე მსხვილი ნაწლავის სიმსივნეს ედება საფუძვლად, რის უკანაც სწორედ გენეტიკური მექანიზმი დგას.
ეს ვრცელდება სასურსათო პროდუქტის შესაფუთ მასალაზეც, რომელშიც სხვადასხვა საზიანო ქიმიურ ნაერთს ვაწყდებით. ასეთია პლასტმასაში არსებული ბისფენოლ A, რომელიც გამრავლების უნარისა სქესის ჩამოყალიბებაში დიდ როლს ასრულებს.
მეცნიერებმა აღნიშნული ფაქტორების შესწავლა და გამოვლენა ახლახან დაიწყეს, ამიტომ საკვებისა და გენომის ურთიერთდამოკიდებულების ზუსტი პრინციპი ჯერჯერობით გაურკვეველია. მკვლევრები იმედოვნებენ, რომ ახლო მომავალში ამის შესახებ მეტს შეიტყობენ.
კომენტარები