ქართველმა მეცნიერებმა, კოლეგებთან ერთად, დაადგინეს, რა იწვევს მზის კორონული მასის ამოფრქვევას
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მოღვაწე ქართველმა მეცნიერებმა, თეიმურაზ ზაქარაშვილმა, ზურაბ ვაშალომიძემ, ვასილ კუხიანიძემ და გიორგი რამიშვილმა, ევროპელ კოლეგებთან ერთად, მზის კორონული მასის ამოფრქვევა შეისწავლეს და მისი გამომწვევი მიზეზი დაადგინეს. ამის შესახებ ისინი საერთაშორისო რეფერირებად გამოცემაში Astronomy & Astrophysics გამოქვეყნებულ ნაშრომში წერენ.
ჩვენი სისტემის ცენტრში განლაგებული ვარსკვლავის ამგვარი აქტიურობა დედამიწასა და ზოგად კოსმოსურ ამინდზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. შესაბამისად, მისი უკეთ გამოკვლევა დაგვეხმარება, მოსალოდნელი ამოფრქვევების შესახებ წინასწარ შევიტყოთ, რასაც ილიაუნის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში მეცნიერულ გარღვევას უწოდებენ.
მოგეხსენებათ, რომ მზე საკმაოდ ბობოქარი და აქტიური მნათობია, რომელში მიმდინარე პროცესებიც სხვადასხვა მაღალენერგიულ ფენომენს განაპირობებს. სწორედ ასეთი გამორჩეული მოვლენაა კორონული მასის ამოფრქვევა. ეს გახლავთ პლაზმის ნაკადი, რომელიც ვარსკვლავის ატმოსფეროს ზედა ფენიდან, გვირგვინიდან ღია სივრცეში თავისუფლდება.
ამ დროს გამოტყორცნილი მილიარდობით ტონა მატერია ჩვენს პლანეტასთან "შეჯახებისას" მაგნიტურ ქარიშხლებს წარმოქმნის, რომლებიც, თავის მხრივ, დედამიწის ორბიტაზე განთავსებული ხელოვნური თანამგზავრებისა და სხვა სატელეკომუნიკაციო სისტემების ხარვეზებს ედება საფუძვლად. ასევე, უარყოფითად მოქმედებს ცოცხალ ორგანიზმებზე.
მზეში მიმდინარე აღნიშნულ პროცესებზე მეტის გასაგებად, რომელთა ზუსტ მექანიზმზეც ბევრი არაფერი ვიცით, ქართველმა სპეციალისტებმა SDO-ისა და STEREO-ს სახელით ცნობილი მისიების ფარგლებში მოპოვებული მონაცემები გააანალიზეს. მათ დაადგინეს, რომ გვირგვინში არსებული პლაზმის ერთგვარი ღრუბლებიდან, პროტუბერანცებიდან პლაზმის ბურთულების ცვენა, რასაც კორონულ წვიმას უწოდებენ, არამდგრადობას იწვევს. ამას კი შედეგად ამოფრქვევები მოჰყვება.
"ინტენსიური კორონული წვიმის შედეგად პროტუბერანცის მასა მნიშვნელოვნად მცირდება, რაც იწვევს მის არამდგრადობას. პროტუბერანცის არამდგრადობა იწყება კორონული წვიმის დაწყებიდან რამდენიმე ათეული საათის შემდეგ, რაც გვაძლევს კორონული მასის ამოფრქვევის პროგნოზირების საშუალებას მინიმუმ ერთი დღე-ღამით ადრე", — აცხადებს კვლევის წამყვანი ავტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი, საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის ასისტენტ-მკვლევარი ზურაბ ვაშალომიძე.
კომენტარები