JP Morgan Chase მეტავერსში ჩაეშვა. მისი ახალი ოფისი Metajuku Mall-ში იქნება. ეს პოპულარული პლატფორმაა ციფრულ სივრცეში უძრავი ქონების შესაძენად. ინფორმაციას Fortune ავრცელებს.

ცნობილია, რომ ტექნოლოგიურ გიგანტებს, Meta-სა და Microsoft-ს სურთ შთამბეჭდავი ვირტუალური სამყაროს შექმნა. ამის ფონზე აღსანიშნავია, რომ ციფრულ სამყაროში "უძრავი ქონება" უკვე იყიდება. მოსალოდნელია, რომ 2022 წელს მსგავსი გაყიდვების რაოდენობა გაორმაგდება.

ასევე: შემდეგი პოდკასტი: მეტავერსი — ინტერნეტის მომავალი

ეს ყველაფერი ხდება ისეთი პლატფორმების გამოყენებით, როგორებიცაა Decentraland და Sandbox. ახლა კი საქმეში ჩართვა JP Morgan-საც სურს.

ასევე: საქართველოს ბანკი მეტავერსში ინაცვლებს — რას ნიშნავს ეს

წელიწადში ტრილიონ დოლარის პოტენციური ბაზარი

დაახლოებით ექვსი თვის წინ, JP Morgan-მა შეცვალა თავისი პოზიცია კრიპტოვალუტების მიმართ და კლიენტებს კრიპტოსამყაროში ჩართვის საშუალება მისცა. როგორც ჩანს, კომპანიის პერსპექტივა ნამდვილად გაფართოვდა, რადგან ის ახლა ინვესტირებას მეტავერსში იწყებს.

კომპანიის ბლოკჩეინის კვლევითმა ჯგუფმა Onyx-მა გამოაქვეყნა მოხსენება მეტავერსის შესახებ, რის მიხედვითაც ეს ბაზარი ყოველწლიურად ტრილიონი დოლარის შემოსავლის მომტანი იქნება. ეს გასაკვირი ნამდვილად არ არის, თუ გავითვალისწინებთ, რომ მსოფლიოს უდიდეს ბრენდებს მეტავერსთან დაკავშირებით თავისი გეგმები აქვთ. ასეთი ბრენდების მცირე ჩამონათვალი კი შემდეგია: Adidas, Nike, Disney და Walmart. ამის ფონზე, მეტავერსისადმი მზარდი ინტერესი აშკარაა.

რაც შეეხება მიწის იმ ნაკვეთს, რომელზეც JP Morgan-მა თავისი ბანკი გახსნა, ის შარშან დეველოპერმა 913,000 დოლარად შეიძინა. ეს ერთგვარი სავაჭრო ცენტრი იქნება, სადაც ადამიანების მოსაზიდად სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება. ამით JP Morgan შეეცდება გააფართოვოს თავისი საკრედიტო, იპოთეკური და ქირავნობის ხელშეკრულებები ციფრულ სამყაროზეც.

მხოლოდ JP Morgan-ი არ ფიქრობს მეტავერსზე. მისმა კონკურენტმა ბანკმა Goldman Sachs-მა განაცხადა, რომ მეტავერსის ბაზარი 8 ტრილიონ დოლარამდე გაიზრდება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.