როგორ გვეხმარება ემოციები სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში
შიში, მღელვარება, ზიზღი — ეს გრძნობები სწორი დასკვნების გამოტანაში ხელს კი არ გვიშლის, არამედ პირიქით, გვეხმარება.
პოლ დირაკი მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიზიკოსი იყო. კვანტურ თეორიაში პიონერი, ის ანალიტიკური მსჯელობის გენიოსი გახლდათ. მაგრამ როცა კოლეგებმა რჩევა სთხოვეს, აღმოჩნდა, რომ მისი წარმატების საიდუმლო ტრადიციულ მეცნიერულ მეთოდში სულაც არ მდგომარეობდა: დირაკმა მათ უპასუხა, რომ თავიანთი გრძნობებით ეხელმძღვანელათ.
თეორიული ფიზიკის ცივ ლოგიკას ემოციებმა სარგებელი როგორ უნდა მოუტანოს? ფიზიკის თეორიები გამოიხატება მათემატიკით, რომელიც მკაცრი წესების მიხედვით მოქმედებს. თუმცა ფიზიკოსები მხოლოდ არსებული თეორიების შესწავლით არ არიან დაკავებულები — ისინი ახლებსაც ქმნიან. იმისათვის, რომ ახალი რამ აღმოაჩინონ, ისინი უნდა გაჰყვნენ გზას, რომელიც მათში აღტაცებას იწვევს, ხოლო თავი აარიდონ იმას, რომელიც იმის შიშით ავსებთ, რომ ის არაფერს მოუტანთ. ისინი უნდა იყვნენ იმდენად გამბედავები, რომ არსებულ ჰიპოთეზებში ეჭვი შეიტანონ და იმდენად თავდაჯერებულები, რომ თავიანთი დასკვნები სკეპტიკურ კოლეგებს წარუდგინონ. დირაკი მიხვდა, რომ საუკეთესო ფიზიკოსები გადაწყვეტილებების მიღებისას არ ერიდებოდნენ ემოციებით ხელმძღვანელობას.
დირაკის რჩევა — მისი ფიზიკის მსგავსად — მისი თანამედროვე ფსიქოლოგიის დარგში გაბატონებულ შეხედულებებს ეწინააღმდეგებოდა. კერძოდ, მაშინ სჯეროდათ, რომ ქცევას უპირატესად რაციონალური აზრი უნდა წარმართავდეს და რომ როცა საქმეში ემოციები ერთვება, ისინი სწორად განსჯაში ხელს გვიშლიან.
დღეს მკვლევრებს უკეთ ესმით ემოციების და იმის, თუ რა დადებითი ზემოქმედება აქვთ მათ ლოგიკურ გადაწყვეტილებებზე. მაგალითად, განვიხილოთ მარკ ფენტონ-ო’კრივის ჩატარებული კვლევა, რომლის ფარგლებშიც გამოჰკითხეს ფინანსური აქტივებით მოვაჭრე 118 პროფესიონალი და 10 მენეჯერი ოთხი საინვესტიციო ბანკიდან. ექსპერიმენტმა დაადგინა, რომ ყველაზე გამოცდილ მოვაჭრეებს შორისაც კი უმცირეს წარმატებას აღწევდნენ ისინი, ვინც გრძნობებს ყურადღებას არ აქცევდნენ ისეთი გადაწყვეტილებების მიღებისას, როგორიცაა, მაგალითად, მილიონობით დოლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდების ყიდვა-არყიდვა. ყველაზე წარმატებულები კი მეტად უსმენდნენ ემოციებს და მიჰყვებოდნენ ინსტინქტს მაშინ, როცა ობლიგაციებზე მწირ ინფორმაციას ფლობდნენ. მათ ასევე გაცნობიერებული ჰქონდათ, რომ როცა გრძნობები ზედმეტად უმძაფრდებოდათ, საჭირო იყო მათი დაცხრომა. ბირჟაზე წარმატებით მოვაჭრეებისთვის მნიშვნელოვანი იყო არა ემოციებისთვის თავის არიდება, არამედ — მათი გაკონტროლება და სათავისოდ გამოყენება.
მაინც, როგორ გვეხმარება ემოციები გადაწყვეტილების მიღების პროცესში? ისინი ჩვენს ყურადღებას როგორც საფრთხეებზე, ისე შესაძლებლობებზე ამახვილებენ. მაგალითად, ზიზღი იმ საკვების ამოცნობაში გვეხმარება, რომელსაც შეუძლია, მოგვწამლოს. თუ სადაცაა ხამანწკას შეექცევი და ამ დროს ამჩნევ, რომ მას ჭიები ახვევია, არ ჩერდები და სიტუაციის ანალიზს არ იწყებ — უბრალოდ, მოისვრი მას. ამის მსგავსად, ბირჟაზე მოვაჭრეებმა უნდა იცოდნენ, რას მიანიჭონ პრიორიტეტი და როდის იმოქმედონ — თანაც, ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს. "ხალხი ფიქრობს, რომ თუ დოქტორის ხარისხი გაქვს, ავტომატურად მაგარი ხარ, რადგან არჩევანის თეორია გესმის. მაგრამ ყოველთვის ასე არ ხდება", — ამბობს საინვესტიციო ბანკის ერთ-ერთი გამოკითხული მენეჯერი. კარგი ინსტინქტების ქონაც მნიშვნელოვანია, რაც, ძირითადად, ემოციებს უკავშირდება.
გასული ათწლეულის განმავლობაში მეცნიერებმა უკეთ გამოიკვლიეს, თუ როგორ თანამშრომლობენ რაციონალური აზროვნება და ემოციები. ვიდრე ჩვენი ტვინი ინფორმაციას რაციონალურად გადაამუშავებს, იქამდე ეს ინფორმაცია უნდა შეირჩეს და შეფასდეს. აი, სწორედ აქ თამაშობს ემოცია მთავარ როლს. ყოველი გრძნობა — შიში, ზიზღი, ბრაზი — ფიქრის პროცესში გარკვეულ მოგონებებს, ცოდნას, რწმენას წინა პლანზე გადმოწევს, დანარჩენებს კი უკან მოისვრის.
წარმოვიდგინოთ, რომ ბნელ ქუჩას მშვიდად მივუყვებით და ერთი სული გვაქვს, როდის მოვა ვახშმის, ხოლო შემდეგ კონცერტზე წასვლის დრო. ჩვენ ამ დროს, შეიძლება, ვაცნობიერებდეთ, რომ გვშია, მაგრამ ვერ დავაფიქსიროთ ჩრდილში მცირე მოძრაობები ან — ჩვენ უკან ფეხის ხმა. უმეტესად, ამგვარი დეტალების უგულებელყოფა ნორმალურია. ფეხის ხმა ჩვენ უკან იმ ადამიანებისგან მოდის, რომლებიც ჩვენ მსგავსად თავიანთი საღამოს გეგმების შესასრულებლად მიდიან, ხოლო მოძრაობები ჩრდილში, შეიძლება, ფოთლები იყოს. მაგრამ თუ რამე შეგვაშინებს, ეს ხმები და მოძრაობები ჩვენს აზროვნებაზე გაბატონდებიან; შიმშილის გრძნობა გაგვიქრება, კონცერტი კი ძალიან უმნიშვნელოდ მოგვეჩვენება. ეს იმიტომ, რომ როცა შიშის ფუნქცია გვიაქტიურდება, მყისიერ შეგრძნებებზე ვკონცენტრირდებით; ჩვენი გეგმები ახლანდელ მომენტს უკავშირდება და მიზნები და პრიორიტეტები გვეცვლება. ასეთ დროს, შეიძლება, უფრო გრძელი, მაგრამ განათებული გზით წასვლა ვამჯობინოთ მოკლესა და ჩაბნელებულ ქუჩას და, ამგვარად, დრო უსაფრთხოებას შევწიროთ.
ერთ კვლევაში მეცნიერებმა ადამიანის დანით სასიკვდილოდ დაჭრის შემთხვევის დეტალების გაზიარებით მონაწილეებში შიში მიზანმიმართულად გამოიწვიეს. შემდეგ მონაწილეებს სთხოვეს, გამოეთვალათ, რამდენად სავარაუდოა სხვადასხვა სახის კატასტროფა — იქნებოდა ეს ბუნებრივი თუ ძალადობრივი. მათთან შედარებით, ვინც არ შეუშინებიათ, ამ ცდისპირებმა გადაჭარბებულად შეაფასეს ისეთი შემთხვევების მოხდენის ალბათობა, როგორიცაა არა მარტო მკვლელობა, არამედ ტორნადო და წყალდიდობაც. საზარელმა ისტორიამ ექსპერიმენტის მონაწილეების მენტალურ გამოანგარიშებებზე ფუნდამენტურ დონეზე იმოქმედა ისე, რომ მათ ეკოლოგიური საშიშროებების ზოგადი შიშიც კი გაუმძაფრდათ. ლაბორატორიის მიღმა სამყაროში სწორედ ეს სიფრთხილე გვეხმარება, საშიშ სიტუაციებს თავი ავარიდოთ.
ჩვენთვის ყოველთვის აშკარა არაა, როგორ ზემოქმედებს ემოციები ჩვენს განსჯაზე. კვლევაში, რომელიც ზიზღს შეისწავლიდა, მკვლევრები მოხალისეებს ან არაფრით გამორჩეულ ვიდეორგოლს აჩვენებდნენ, ან სცენას ფილმიდან, ჩხერკეთელაობა, როცა პერსონაჟი ხელს უნიტაზში ჰყოფს. ზოგადად, საკვებისა თუ სხვა რამის ნარჩენები ჩვენში ზიზღს იწვევს. ვიდეოს ყურების შემდეგ მონაწილეებს უნდა გადაეწყვიტათ, გაეცვალათ თუ არა მათთვის უცნობი საკანცელარიო ნივთებით სავსე ყუთი მეორე ყუთში. ფილმიდან სცენის მნახველი ადამიანების 51%-მა გაცვლა არჩია, ხოლო მეორე ჯგუფში ასე მხოლოდ 32% მოიქცა. თუმცა როცა ცდისპირებს ამის შესახებ კითხვა დაუსვეს, ექსპერიმენტის ზიზღმორეულმა მონაწილეებმა თავიანთი გადაწყვეტილება "რაციონალური" მიზეზებით ახსნეს.
გადაწყვეტილების მიღების პროცესში ემოციების ჩართვა გვეხმარება, უკეთ გავაცნობიეროთ, საიდან მოდის ჩვენი არჩევანი. დირაკმა იცოდა, რომ გრძნობები მას თავისი თანამედროვეების რწმენათა მიღმა გახედვას და მსჯელობას უადვილებდა. საბოლოოდ, მისი საკამათო იდეები სიმართლე აღმოჩნდა. მან გამოიგონა მათემატიკური ფუნქცია, რომელიც თითქოს ამ დარგის საბაზისო წესებს არღვევდა, თუმცა ის მომდევნო თაობის მათემატიკოსებმა გამოიყენეს და განავრცეს. დირაკმა იწინასწარმეტყველა ახალი ტიპის მატერიის, ანტიმატერიის არსებობა — ეს გახლდათ იდეა, რომელიც იმ დროს რევოლუციური იყო, თუმცა დღეს ფართოდ მიღებულია. მის მიერ ემოციების როლის დაფასებაც წინასწარმეტყველური იყო.
დირაკი 1984 წელს გარდაიცვალა — ემოციების თეორიაში რევოლუციის დაწყებამდე რამდენიმე ათწლეულით ადრე. თუმცა მას აუცილებლად გაახარებდა იმის გაგება, რომ ამჯერადაც მართალი აღმოჩნდა.
კომენტარები