1846 წელს დანიელი ექიმი, პიტერ ლუდვიგ პანუმი ფარერის კუნძულების მოსანახულებლად გაემგზავრა. შოტლანდიის ჩრდილოეთით მდებარე ამ მუდამ ქარიან კუნძულებს წითელას ეპიდემიამ მძლავრი დარტყმა მიაყენა. მაშინ ჯერ კიდევ წარმოდგენა არ გვქონდა ვირუსებისა და ანტისხეულების რაობის შესახებ, მაგრამ პანუმმა ძალიან საინტერესო იმუნოლოგიური ტრენდი შენიშნა: კუნძულელთა ყველაზე მხცოვან მოსახლეობას, რომელთაც წითელა 65 წლით ადრე, 1781 წლის ეპიდემიის დროს მოიხადეს, ინფექცია აღარასდროს შეჰყრია. "არც ერთი მათგანი, როგორც ეს საგულდაგულო კვლევით დავადგინე, მეორედ აღარ დაინფიცირებულა", — წერდა იგი თავისი მოგზაურობის შემაჯამებელ ტრაქტატში.

პანუმის ამ დაკვირვებამ სამეცნიერო საზოგადოების გონებაში ერთი მარტივი აზრი ჩათესა, რომელმაც ფესვები ღრმად გაიდგა და საუკუნეებს გაუძლო — მასტერილიზებელი, ანუ იდეალური იმუნიტეტი, რომელიც ადამიანებს კონკრეტული ვირუსული ინფექციისგან სიცოცხლის ბოლომდე დაგვიცავს. ინფექციისგან დაცვა ავტომატურად გულისხმობს დაავადებისგან, სიკვდილისა და გადადებისგან დაცვასაც, რაც საბოლოო ჯამში იმუნოლოგიურ წმინდა გრაალს კრავს. იდეალურ შემთხვევაში იგი შემდეგნაირად მუშაობს: პათოგენი ორგანიზმში შემოჭრას ცდილობს, რა დროსაც მას ვაქცინაციით, ან გადატანილი ინფექციის შედეგად გამომუშავებული ანტისხეულები მომენტალურად შენიშნავენ და მას იმდენად სწრაფად გაანადგურებენ, რომ ეს უკანასკნელი გამრავლებასაც ვერ ასწრებს. შესაბამისად, კლინიკური სიმპტომები არასდროს გამოვლინდება, რადგანაც იმუნიტეტს ფართომასშტაბიან ოპერაციაში ჩართვა არც კი სჭირდება. მარტივი ანალოგია რომ მოვიშველიოთ: პოტენციური დამნაშავე წინასწარ გაბმულმა ელექტრო-მავთულხლართმა ისე მოკლა, რომ პერიმეტრის დაცვას ამის შესახებ არც არაფერი გაუგია.

კორონავირუსის ვაქცინის შექმნის დღიდან მოყოლებული, ადამიანთა ნაწილს იმედი ჰქონდა, რომ აცრა ზუსტად ასე იმუშავებდა და ორგანიზმს მასტელიზირებელ იმუნიტეტს გამოამუშავებინებდა. ეს ავტომატურად გულისხმობდა, რომ ვაქცინაციის შემდეგ პრეპანდემიურ რეალობას დავუბრუნდებოთ, როცა არც პირბადის ტარება იყო აუცილებელი, არც დახურულ სივრცეში შეკრების გვეშინოდა და სიტყვათშეთანხმება "სოციალური დისტანცია" ჩვენს ლექსიკონში საერთოდ არ არსებობდა. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა. მეტიც, შესაძლოა, ეს უბრალოდ აუსრულებელი ოცნება იყოს და Covid-19-ის ვაქცინა იმუნოლოგიურ წმინდა გრაალად არასოდეს იქცეს. უფრო შორს თუ წავალთ: შეიძლება, იდეალური იმუნიტეტის კონცეფცია უბრალოდ ბიოლოგიური მითი და პრაქტიკულად მიუღწევადი ცნება იყოს.

ამ ყოველივეს მიზეზი საკმაოდ მარტივია: მასტერილიზებელი იმუნიტეტის არსებობის დასამტკიცებლად, მეცნიერებმა უნდა აჩვენონ, რომ ინფექციას ადგილი საერთოდ არ ჰქონია. ეს კი საოცრად რთული რამ გახლავთ, რადგანაც მიკრობიოლოგები ბოლომდე ვერც კი თანხმდებიან, თუ რას ვგულისხმობთ ტერმინში "ინფექცია". საქმეს ისიც ართულებს, რომ SARS-CoV-2 ვირუსს შეუძლია მასპინძელ უჯრედში შეიჭრას და ისე დაიწყოს გამრავლება, რომ ერთი სიმპტომიც კი არ გამოვლინდეს — ამის მაგალითი კორონავირუსის ასიმპტომური მტარებლები არიან. იმის გათვალისწინებით, რომ ამ დროს ვირუსის გადადების მცირე ალბათობა მაინც არსებობს, შეუძლებელია იმაზე კამათი, თითქოს ასეთი ადამიანები ინფიცირებულები არ არიან.

ყურადღება: ქვემოთ გამოთქმულ სკეპტიკურ მოსაზრებებს ანტივაქსერები ხშირად აცრისგან თავშეკავების გასამართლებლად იყენებენ

თუ მასტერილიზებელი იმუნიტეტი პრაქტიკულად მიუღწევადია, ეს იმას ნიშნავს, რომ კორონავირუსი როგორც აცრილს, ისე აუცრელ ადამიანს ერთნაირად აინფიცირებს? საფუძვლიანია იმის მტკიცება, თითქოს ვაქცინირებული ინდივიდიც ისეთივე გადამდებია, როგორც აუცრელი?

მტკიცებულებების კვალდაკვალ

კორონავირუსის ვაქცინების უპირველესი მიზანი რთულად მიმდინარე Covid-19-ის რისკების შემცირებაა. ეს ნიშნავს, რომ ინფიცირებული პაციენტის სიკვდილის ალბათობა მინიმუმამდე მცირდება და იგი, ძალიან დიდი ალბათობით, საავადმყოფოში მოხვედრასაც გადარჩება. ამგვარად, ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვა თავიდან იქნება აცილებული და ექიმების მთელი ყურადღება კორონავირუსით ინფიცირებული მძიმე პაციენტებისკენ იქნება მიპყრობილი, რაც საბოლოო ჯამში პანდემიის ეფექტიანად მართვის საშუალებას იძლევა. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინები ერთი შეხედვით რეკორდულ დროში შეიქმნა, მათი უსაფრთხოება და ეფექტიანობა ეჭვგარეშეა, რაც გასული წლის პრაქტიკული მაგალითებით მტკიცდება

ისრაელი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც საკუთარი მოქალაქეები მასიურად აცრა. სწორედ ამის დამსახურებით, გასული წლის დასაწყისში, ისრაელელმა მეცნიერებმა ფაიზერის ვაქცინის ეფექტიანობის შესახებ პირველადი მონაცემები პრეპრინტის სახით (კვლევას რეცენზირება არ გაუვლია) გამოაქვეყნეს. როგორც გაირკვა, 60 წელს გადაცილებულ აცრილი, ინფიცირებული მოქალაქეების მიერ გამოყოფილ რესპირატორულ წვეთებში ვირუსის შემცველობა 60%-ით ნაკლები იყო. ამან მკვლევრებს იმედი მისცა, რომ ვაქცინაციას კორონავირუსის გავრცელების შემცირების პოტენციალი გააჩნდა. ისრაელში ჩატარებული სხვა კვლევები, რომლებიც პრეპრინტ სერვერებზე გამოქვეყნდა, ასევე იმედისმომცემად გამოიყურებოდა — როგორც ირკვეოდა, ვაქცინაცია ვირუსის გადაცემის რისკებს სახლის პირობებში 88%-მდე ამცირებდა.

იგივე მოსაზრება გაამყარა ბრიტანულმა კვლევამაც, რომელმაც ასტრაზენეკას ვაქცინის ეფექტიანობა შეამოწმა. ავტორთა შეფასება არაპირდაპირ ანალიზს ეყრდნობოდა (ანუ, მეცნიერები უშუალოდ ინფიცირებულ აცრილთა კონტაქტებს არ იკვლევდნენ) — ისინი აცრილ მოხალისეებს რეგულარულად უტარებდნენ PCR კვლევას, რითაც დგინდებოდა, რომ სრული იმუნიზაციის შემდეგ დადებითობის მაჩვენებელი 50%-მდე ჩამოვიდა. კვლევის ავტორთა განცხადებით, ვაქცინას რომ გავლენა მხოლოდ დაავადების სიმძიმეზე ჰქონოდა, ეს PCR ტესტების დადებითობაზე არ აისახებოდა და შესაბამისად, მათი მაჩვენებელი უცვლელი დარჩრებოდა. ამგვარად, ბრიტანულმა კვლევამაც იგივე ვარაუდი გამოთქვა — ვაქცინაციამ ინფიცირების სტატისტიკაზე რეალური გავლენა მოახდინა და ვირუსის გავრცელება შეზღუდა.

აღნიშნული სურათი რამდენადმე შეიცვალა, როდესაც პანდემიის მიმდინარეობაში კორონავირუსის დელტა ვარიანტი ჩაერთო. ამის მიზეზი ის გახლდათ, რომ ვაქცინები პირველად გამოჩენილ, ვუხანის შტამის წინააღმდეგ იყო შექმნილი, ხოლო დელტა კი მისგან განსხვავებული, მუტირებული ვარიანტი იყო.

"ეს ვარიანტი რომ არ გამოჩენილიყო, ახალი შემთხვევებით გამოწვეული ტვირთი ბევრი ქვეყნისთვის ძალიან, ძალიან მსუბუქი იქნებოდა", — აღნიშნა ინფექციური დაავადებების მკვლევარმა, მერმ კილპატრიკმა. მისი აზრით, კვლევაში ნაჩვენები ინფიცირების მაჩვენებელი კიდევ უფრო დაბალი იქნებოდა გარე სივრცეში, სადაც ვირუსით გაჯერებული რესპირატორული წვეთების ჰაერში შეწონვა პრაქტიკულად გამორიცხულია.

დელტა ვარიანტის მიერ შექმნილი რეალობა

მეცნიერთა შიშები გამართლდა — დელტა ვარიანტმა ვაქცინების ეფექტიანობა შეამცირა და ამან გავლენა მის გავრცელებაზეც მოახდინა. აცრილ ინდივიდებში წინა შტამთან შედარებით კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა იმატა, მაგრამ სრულად იმუნიზებული პაციენტები Covid-19-ის მძიმე მიმდინარეობისგან აუცრელებთან შედარებით მაინც გაცილებით უფრო მეტად იყვნენ დაცულნი. მკვლევრებმა ასევე შენიშნეს, რომ აცრილი ადამიანების იმუნიტეტი დელტა ვარიანტს გაცილებით უფრო მალე, ინფიცირებიდან 7 დღის თავზე იშორებდა ორგანიზმიდან. თუმცა, საყურადღებო იყო ის გარემოება, რომ ინფიცირების საწყის პერიოდში აცრილი და აუცრელი ინდივიდების PCR ანალიზებში კორონავირუსის კონცენტრაცია თითქმის ერთნაირი იყო. ამის დასამტკიცებლად მკვლევრებმა ციკლის ზღურბლოვანი მაჩვენებლები (Cycle threshold value), ანუ Ct დონეები განსაზღვრეს. ეს მონაცემი PCR ტესტში კორონავირუსის გენეტიკური მასალის, რნმ-ს დასაჭერად გამოიყენება და მისი დონე ინფექციის არსებობას ადასტურებს. სწორედ ამ დაშვებამ წარმოშვა მოსაზრება, რომ შესაძლოა სრულად იმუნიზებული ინდივიდიც ისევე ავრცელებდეს კორონავირუსს, როგორც აუცრელი.

"თქვენ შეგიძლიათ რნმ-ს დონე გაზომოთ, მაგრამ ეს უსარგებლო ინფორმაციაა", — აღნიშნავს ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარი, ტიმოთი პეტო, რომელმაც აცრილებში Ct დონისა და ინფექციის გავრცელების კორელაცია შეისწავლა (კვლევამ რეცენზირება ახლახანს გაირა და იგი The New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნდა). მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით კორონავირუსით ინფიცირებულ აცრილებსა და აუცრელებს ვირუსის შემცველობა ერთნაირი შემცველობა უფიქსირდებათ, როგორც ირკვევა, აცრილები ვირუსს უფრო ნაკლებად ავრცელებენ, რაც პეტოსა და მიდი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მიგნებაა.

ფოტო: Getty / The Atlantic

რა შეიძლება იყოს ერთი შეხედვით პარადოქსული მოვლენის მიზეზი? ამ კითხვაზე ზუსტი და ამომწურავი პასუხი მკვლევრებს ჯერ არ აქვთ, მაგრამ რაც დრო გადის, მათ ხელში სულ უფრო მეტი მტკიცებულება გროვდება, რაც ზოგიერთ თეორიულ ახსნას წონას მატებს. ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი Ct დონეში დაჭერილი რნმ-ს რაობაა — იგი შეიძლება იმუნური სისტემის მიერ დამარცხებული კორონავირუსისგან იყოს დარჩენილი. უფრო საყურადღებო ჰიპოთეზას პირველადი სამეცნიერო მტკიცებულებები უკვე გამოუჩნდა (კვლევებს რეცენზირება ჯერ არ გაუვლიათ) — ვარაუდობენ, რომ აცრილთა მიერ გამოყოფილი ვირუსული ნაწილაკები ანტისხეულებით არის დაფარული. მათი ნაწილი პირისა და ცხვირის ღრუში, მძლავრი "ლორწოვანი იმუნიტეტის" ფარგლებში გამოიყოფა. ამას ისიც ემატება, რომ ზოგადად აცრილი ინდივიდები აუცრელებთან შედარებით კორონავირუსით უფრო იშვიათად ინფიცირდებიან.

დელტასთან დაკავშირებული პესიმისტური განწყობები, თითქოს აცრა ვირუსის გავრცელებაზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენდა, არ გამართლდა. თეორიული ჰიპოთეზების მიღმა, ვაქცინაციამ თავისი პოპულაციური ეფექტიანობა პრაქტიკაში დაამტკიცა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO) და ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (ECDC) კვლევის მიხედვით, Covid-19-ის ვაქცინებმა წელიწადზე ნაკლებ დროში ნახევარი მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: ამ ნახევარ მილიონში მხოლოდ 60 წელს გადაშორებული ადამიანები მოიაზრებიან. გაცილებით დიდია 60- წელზე ახალგაზრდა ინფიცირებულებისა და ვაქცინების არაპირდაპირი მოქმედების, ანუ კორონავირუსის გავრცელების შეზღუდვით გადარჩენილთა რაოდენობა.

გასული წლის სექტემბერში აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა (CDC) თავის კვარტალურ ანგარიშში აღნიშნა, რომ დელტა ვარიანტით გარდაცვილი აუცრელი ადამიანები 11-ჯერ აღემატებოდნენ სრულად ვაქცინირებულ გარდაცვლილებს. აცრილი ადამიანები ჰოსპიტალში 10-ჯერ ნაკლებად ხვდებოდნენ და 5-ჯერ უფრო ნაკლებად ინფიცირდებოდნენ. აუცრელთა ლეტალობის მაჩვნებელი საოცრად მაღალი იყო საქართველოშიც. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ 2021 წლის 13 ნოემბერს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, Covid-19-ით გარდაცვლილთა შორის 98.96% არავაქცინირებული იყო.

ფოტო: National Center for Disease Control & Public Health, Georgia (NCDC & PH)

მოკლედ რომ შევაჯამოთ: აცრილი ადამიანი აუცრელთან შედარებით უფრო ნაკლებად ინფიცირდება. დაინფიცირების შემთხვევაში, ვირუსის თანაბარი რაოდენობის მიუხედავად, აცრილი ადამიანების მიერ გამოყოფილი რესპირატორული წვეთები უფრო ნაკლებად კონტაგიოზურია და იმუნური სისტემა მას ორგანიზმიდან უფრო სწრაფად გამოდევნის. შესაბამისად, ვაქცინირებული ადამიანი აუცრელთან შედარებით კორონავირუსს გაცილებით ნაკლებად ავრცელებს.

ომიკრონი და მეცნიერთა მოლოდინები

ომიკრონ-ვარიანტის გამოჩენით არსებული სტატუს-კვო კვლავ იცვლება. ახალი შტამის პირობებში მეცნიერებს იგივე გზის ხელახლა გავლა მოუწევთ: თავიდან უნდა იქნეს დათვლილი ვაქცინების ეფექტიანობა, განისაზღვროს აცრილთა შორის ინფექციის გავრცელების ალბათობა და ამ გამოთვლებში უკვე ბუსტერული დოზებიც უნდა იქნეს გათვალისწინებული. საქმეს ისიც ართულებს, რომ ბევრ ქვეყანაში დამატებით დოზად სხვა მწარმოებლის ვაქცინა გამოიყენება და აცრების მსგავსი არევა კვლევის ცალკე საგანს წარმოადგენს. საბოლოო ჯამში, მოლოდინები აქაც უცვლელია: ომიკრონი ვაქცინების ეფექტიანობას შეამცირებს. როგორც პირველადი სტატისტიკური მონაცემები გვიჩვენებს, იგი ძალიან სწრაფად კრეფს ტემპს. ამ მოცემულობაში დღის წესრიგში წინ უნდა წამოვიდეს ის მტკიცებულება, რაც აქამდე ჩატარებული კვლევებიდან გამოიკვეთა: დროთა განმავლობაში ვაქცინით შეძენილი იმუნიტეტი კორონავირუსის მიმართ მოწყვლადი ხდება. ეს კიდევ ერთხელ ხაზგასმით მიანიშნებს ბუსტერული დოზების დროულად ჩატარების აუცილებლობაზე.

ვაქცინების დამცველობით უნარებთან დაკავშირებული გარემოებების მიუხედავად, პრევენციული ძველი რეკომენდაციები ავტომატურად არ უქმდება. ვირუსის პოპულაციაში გავრცელება მხოლოდ ადამიანების იმუნური სისტემაში მიმდინარე ბიოლოგიურ პროცესებზე არ არის დამოკიდებული. როგორც განვლილმა დრომ გვიჩვენა, ჩვენ პანდემიიდან გამოსვლის გზად სწრაფ და მაქსიმალურად მოკლე გზას ვეძებთ. ამის გამო, ვაქცინებს ხშირად მიუღწევად და არარეალურ მოთხოვნებს ვუყენებთ და საკუთარ პასუხისმგებლობას სრულებით ვიხსნით. თითქოს გვინდა, რომ ვაქცინებმა პანდემია უჩვენოდ დაასრულონ და ისევ იმ ძველ რეალობაში დაგვაბრუნონ, რომელსაც ასე მივტირით. ეს სრულიად ბუნებრივი და ძალიან ადამიანური მოვლენაა, მაგრამ სინამდვილე უფრო მკაცრია. პანდემიასთან ეფექტიანი ბრძოლა ერთ ჯადოსნურ, ყველაფრისმომცველ საშუალებაზე არ გადის, იგი მრავალშრიანი და ხანგრძლივი პროცესია. ამის ნათელ დადასტურებად ისიც კმარა, რომ ვაქცინა უკვე თითქმის 1 წელიწადია საქართველოში შემოტანილი გვაქვს, მაგრამ აცრის პროცესი მაინც დუნედ მიმდინარეობს.

სტატისტიკური მონაცემებს რამდენჯერაც არ უნდა გადავხდედოთ, კორონავირუსის ინფექციით გამოწვეული რისკების შეფასება საბოლოოდ მაინც პერსონალურ დონეზე დადის. მეცნიერები უკვე მეორე წელია იმეორებენ, რომ პანდემიიდან გამოსავალი არა ერთეული, არამედ საერთო ინტერესების გათვალისწინებით მიიღწევა და ამ რთულ მისიაში თითოელ ჩვენგანს უნიკალური როლი გვაკისრია: დავიცვათ საკუთარი თავი კორონავირუსისგან და ამგვარად ირგვლივმყოფების სიცოცხლის გადარჩენასაც წარმატებით მოვახერხებთ.

პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია On.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

პროექტი "სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობა და მდგრადობა" არის 48-თვიანი პროექტი, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის (EU) მიერ და ხორციელდება ERIM (ყოფილი IREX Europe) და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის (HRHT) მიერ. პროექტის მთავარი მიზანი არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობის და მდგრადობის ხელშეწყობა, რაც მათ საშუალებას მისცემს შეამსუბუქონ COVID-19- ის უშუალო და გრძელვადიანი გავლენა.