ახალი კვლევის მიხედვით, ჰომო საპიენსის უძველესი ნამარხი 233 000 წლით დაათარიღეს
ჩვენი სახეობის ადრეული ისტორია კიდევ ერთხელ გადაიწერა.
აღმოსავლეთ აფრიკაში ჰომო საპიენსის უძველესი დადასტურებული ნამარხების ნაშთები ხელახლა იქნა დათარიღებული. ეს კოლოსალური ვულკანური ამოფრქვევის დახმარებით მოხდა, რომელიც ეთიოპიას ასობით ათასი წლის წინ დაატყდა. ახალი აღმოჩენების მიხედვით, ნაშთების მინიმალური ასაკი ახლა დაახლოებით 233 000 წლია. ეს 36 000 წლით უფრო ძველია, ვიდრე ადრე ეგონათ.
"ახალი თარიღი ჩვენ როგორც სახეობას, ცოტათი კიდევ უფრო გვაბერებს", — თქვა კვლევის თანაავტორმა დოქტორ აურელიენ მუნიემ, IFLScience-სთვის გაგზავნილ განცხადებაში.
დასკვნები დღეს ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ცოტა ხნის წინ კიდევ ერთხელ დაათვალიერეს ვულკანური ფერფლის ფენები, სადაც ადრე ომო I-ის ნაშთები აღმოაჩინეს. ომო აქამდე აღმოჩენილ ჰომო საპიენსებში უძველესად ითვლება. მას სამხრეთ-დასავლეთ ეთიოპიაში 1960-იანი წლებში მიაგნეს. ნალექის ფენების დათარიღებით, მეცნიერებს შეუძლიათ დაასკვნან იმის შესახებ, თუ როდინდელია ნამარხი. და რაც უფრო უმჯობესდება ეს ტექნიკა, ასევე იზრდება სიზუსტე.
ადრეული ჰომო საპიენსის ნაშთების დათარიღება შეიძლება ზოგჯერ სრულიად ზუსტი არ იყოს. ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე სენსაციური მოვლენა იყო მაროკოში 300 000 წლის წინდელი ადამიანის ნეშტის მოულოდნელი აღმოჩენა. თუმცა, ყველა არ ეთანხმება, რომ ეს ნაშთები ნამდვილად ჰომო საპიენსისაა. ეს იმიტომ, რომ აღმოჩენილ ნაშთს აქვს თავის ქალას განსხვავებული ფორმა თანამედროვე ადამიანებისგან. რაც შეეხება ომო I-ის ნაშთებს, ის აშკარად ჰომო საპინესს ეკუთვნის.
ფერფლის ირგვლივ ვულკანური ფენის საფუძველზე, ომოს შესწავლის შემდეგ თავიდან ვარაუდობდნენ, რომ ნაშთები დაახლოებით 197 000 წლის იყო. თუმცა, ამ თარიღის ირგვლივ დიდი ხანია გაურკვევლობაა, რადგან ნაცარი ძალიან წვრილმარცვლოვანია, იმისთვის რომ მისი დრო ზუსტად განისაზღვროს.
ამიტომ, ახალი კვლევისთვის, ჯგუფმა ოდნავ განსხვავებული მიდგომა გამოიყენა. ეს უკავშირებდა მიმდებარე ვულკანურ საბადოებს. საუბარია შალას ვულკანის მთავარ ამოფრქვევაზე, რომელიც მოხდა გვიან შუა პლეისტოცენში. გეოქიმიურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ნაშთები უფრო ღრმად იყო, ვიდრე ფერფლის ფენა, რომელიც წარმოიშვა 230 000 წლის წინ მომხდარი ამოფრქვევის შედეგად. ეს იმას ნიშნავს, რომ ნაშთები სავარაუდოდ უფრო ძველი იყო.
თუმცა, გუნდი მიიჩნევს, რომ ეს არ არის ამბის დასასრული და, სავარაუდოდ, უძველესი ჰომო საპიენსი აღმოსავლეთ აფრიკაში ჯერ კიდევ არ არის აღმოჩენილი.
შესაძლებელია, რომ ახალმა აღმოჩენებმა და ახალმა კვლევებმა ჩვენი სახეობის ასაკი კიდევ უფრო გაზარდოს.
კომენტარები