მეცნიერები ვარსკვლავთაშორის სივრცეში მიკროსკოპული ცხოველების გაგზავნას განიხილავენ
შორეულ კოსმოსში მოგზაურობაზე ბევრი ჩვენგანი ოცნებობს, მაგრამ უდიდესი მანძილისა და სხვა ფაქტორების გამო, ეს ადამიანებისთვის ჯერჯერობით აუსრულებელ ნატვრად რჩება.
ამის მიუხედავად, მეცნიერები იკვლევენ ტექნოლოგიას, რომელიც ვარსკვლავთაშორის სივრცეში მცირე ზომის ზონდების, StarChip-ების გაგზავნის საშუალებას მოგვცემს. რაც მთავარია, თითოეულ მათგანს დისტანციის დასაფარად შედარებით ნაკლები დრო დასჭირდება.
წარმოიდგინეთ მინიატურული კოსმოსური ხომალდი, რომლის წონაც სულ რაღაც 1 გრამს შეადგენს. მძლავრი ლაზერების დახმარებით ის სინათლის სიჩქარის მეხუთედს მიაღწევს, ანუ საკმაოდ სწრაფად იმოძრავებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მზესთან უახლოეს ვარსკვლავ პროქსიმა კენტავრამდე მისასვლელად დაახლოებით 20 წელი დასჭირდება.
რა თქმა უნდა, მსგავს აპარატებში ადამიანები ვერ ჩაეტევიან, რასაც ვერ ვიტყვით მიკროსკოპულ ცხოველებზე, რომელთა მაგალითზეც ცოცხალ ორგანიზმებზე სწრაფი კოსმოსური მგზავრობის გავლენას შევისწავლით.
როგორც გამოცემაში Acta Astronautica გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორები ამბობენ, ამგვარ მისიებში მონაწილეობის მისაღებად შეგვიძლია, ნელამავლები, იგივე წყლის დათვები (ტარდიგრადები) და ნემატოდთა სახეობის C. elegans წარმომადგენლები გამოვიყენოთ. ისინი განსაკუთრებული გამძლეობით გამოირჩევიან, რადგან ექსტრემალურ პირობებში გადარჩენას ახერხებენ.
ასევე, იხილეთ: მეცნიერთა თქმით, მათ გაყინული ნელამავალი კვანტურ მდგომარეობაში გადაიყვანეს
"გავიგებთ, ემახსოვრებათ თუ არა დედამიწიდან შორს თითქმის სინათლის სიჩქარით წასულებს ჩვეული ქცევები. გამოვიკვლევთ მათ მეტაბოლიზმს, ფსიქოლოგიას, ნევროლოგიურ/რეპროდუქციულ ფუნქციებსა და დაბერების პროცესს. ექსპერიმენტთა უმეტესობა, რომელიც ამ ცხოველებზე ლაბორატორიაში ტარდება, კოსმოსში, StarChip-შიც განხორციელდება", — აცხადებენ სპეციალისტები.
მეცნიერები ეთიკურ პრობლემებზეც საუბრობენ, რომლებიც სხვა სისტემებში ცოცხალი არსებების გაგზავნას და ციური სხეულების "ბიოლოგიურ დაბინძურებას" უკავშირდება. თუმცა, პატარა ზომის გამო, ისინი, სავარაუდოდ, ატმოსფეროშივე დაიწვებიან, ამიტომ რისკი უმნიშვნელოა.
კომენტარები