1 056-წამიანი მუშაობა — ჩინეთის "ხელოვნურმა მზემ" ბირთვული სინთეზის ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა
ჩინეთის "ხელოვნურმა მზემ" ხუთშაბათს ახალი რეკორდი დაამყარა და მაღალი ტემპერატურის პლაზმაზე 1 056 წამის განმავლობაში იმუშავა. ინფორმაციას Xinhua ავრცელებს.
ტოკამაკის რეაქტორს EAST ეწოდება და თითქმის უსაზღვრო რაოდენობის სუფთა ენერგიის წარმოქმნა შეუძლია. იგი ჰეფეიში, ჩინეთში მდებარეობს. რეაქტორმა წინა რეკორდი მაისში დაამყარა, როდესაც 120 მილიონ გრადუს ტემპერატურაზე 101 წამის განმავლობაში იმუშავა.
ასევე: ჩინურმა "ხელოვნურმა მზემ" ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა
მსოფლიოში არაერთი ამგვარი ექსპერიმენტი არსებობს, რომლის მიზანია, ტოკამაკის რეაქტორების გამოყენებით მზესა და სხვა ვარსკვლავებში არსებული რეაქცია გაიმეოროს, EAST კი ამათგან სწორედ ერთ-ერთია. ბირთვული სინთეზი ორი ატომის ერთმანეთთან შეჯახებას გულისხმობს, რა დროსაც უფრო მძიმე ბირთვი წარმოიქმნება და ძალიან დიდი ენერგია თავისუფლდება. თუკი შევძლებთ და ასე საკმარის სუფთა ენერგიას მივიღებთ, შესაძლოა, მსოფლიო წიაღისეულ საწვავზე სულაც აღარ იყოს დამოკიდებული.
სხვა ექსპერიმენტთა შორისაა ბილ გეიტსის SPARC და სამხრეთ კორეის KSTAR, რომელმაც რეკორდი ახლახან დაამყარა და სუპერცხელი პლაზმა 30 წამის განმავლობაში შეინარჩუნა ერთ მილიონ გრადუსზე.
ასევე: სამხრეთკორეულმა "ხელოვნურმა მზემ" ბირთვული სინთეზის რეკორდი დაამყარა
CGTN-ზე დაყრდნობით, EAST-ის ექსპერიმენტმა რეალიზებადი ბირთვული სინთეზისაკენ არაერთი მნიშვნელოვანი წარმატება გვიჩვენა, მათ შორისაა მილიონ-ამპერიანი დენის მიღწევა და ათას-წამიან შუალედში 100 მილიონ გრადუს ტემპერატურაზე მუშაობა. ახლა EAST-ის ინჟინრებს ისღა დარჩენიათ, ორივე ქმედება ერთდროულად შეასრულონ.
რეალიზებადი ბირთვული სინთეზის მისაღწევად იმაზე მეტი ენერგია უნდა წარმოიქმნას, ვიდრე სინთეზის რეაქტორებს სჭირდება ასამუშავებლად. ამ დრომდე ეს შესაძლებელი არ ყოფილა, თუმცა უკანასკნელ წლებსა და თვეებში მიღწეულ წარმატებებს თუ გავითვალისწინებთ, შეიძლება ითქვას, რომ სამეცნიერო საზოგადოება ბირთვული სინთეზის სუფთა ენერგიას უფრო და უფრო უახლოვდება. მაგალითისათვის, ჯერ კიდევ სექტემბერში Commonwealth Fusion Systems-მა განაცხადა, რომ წარმატებით გამოცადეს მაგნიტი, რომელმაც 20 ტესლაზე სამუშაოდ მხოლოდ 30 ვატი ენერგია შთანთქა.
ასევე: "ბირთვული სინთეზი იმაზე სწრაფად გვიახლოვდება, ვიდრე წარმოგიდგენიათ" — გზა ბირთვული ენერგიისაკენ
ამგვარი მიღწევები სამეცნიერო საზოგადოებას დაეხმარება, თანდათანობით "ხელოვნური მზეების" ეფექტურობა გაზარდოს, ამასთან ერთად კი მათ ასამუშავებლად საჭირო უზარმაზარი ენერგიაც შემცირდება. ამის საშუალებით შესაძლოა, დედამიწაზე ულიმიტო რაოდენობის სუფთა ენერგია მივიღოთ.
კომენტარები