NASA იუპიტერის ახალ ფოტოებსა და მისი თანამგზავრის "ხმის" ჩანაწერს ავრცელებს
ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულმა სააგენტომ (NASA) პლანეტა იუპიტერის ახალი სურათები და მისი ბუნებრივი თანამგზავრის, განიმედეს "ხმის" ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელიც კოსმოსურმა ზონდმა Juno-მ მოიპოვა.
სააგენტოს მიერ გავრცელებული აუდიომასალა ჩვენს მზის სისტემაში არსებულ უდიდეს თანამგზავრთან აპარატის ჩავლისას შეგროვებულ მონაცემებს აერთიანებს. რა თქმა უნდა, კოსმოსში რეალურად ვერაფერს გავიგონებთ, რადგან იქ ბგერითი ტალღები არ მოძრაობენ. თუმცა, ხომალდმა ელექტრული და მაგნიტური გამოსხივება დააფიქსირა, რომელიც მეცნიერებმა ხმოვან ჩანაწერად აქციეს.
თუ მას დაკვირვებით მოვუსმენთ, Star Wars-ში წარმოდგენილი რობოტის, R2-D2-ის ვოკალური მახასიათებლები გაგვახსენდება. ასევე, სიხშირეების ცვლილებასაც შევნიშნავთ, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ზონდმა განიმედეს მაგნიტოსფეროს სხვა რეგიონში გადაინაცვლა.
Juno იუპიტერის გარშემო 2016 წლიდან გადაადგილდება და ამ უკანასკნელის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის. მისი მეშვეობით მეცნიერები პლანეტის მტვრის მკრთალი რგოლის შესწავლას ცდილობენ, რომელიც ახლომდებარე თანამგზავრების მიერაა წარმოქმნილი. განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია აირის გიგანტად წოდებული ციური სხეულის ქაოსური ატმოსფეროც, რადგან ის სხვებისას არ ჰგავს.
ობიექტის ღრუბლები აქტიური ელექტრონებით, პროტონებითა და იონებითაა გარემოცული. მას ლითონური წყალბადის ფენაც აქვს, იუპიტერის ბირთვი კი მკვლევრებისთვის ჯერ კიდევ გამოცანად რჩება. ფიქრობენ, რომ იქ ჰელიუმზე მძიმე ელემენტები ცენტრში არიან განლაგებულნი, რაც მძლავრი მაგნიტური ველის წყაროა.
ზონდის მონაცემები ნათელს ჰფენს პლანეტის დინამიკურობით გამორჩეულ შიდა სტრუქტურასაც, რომლის შედეგიც, მაგალითად, დიდი წითელი ლაქაა. ასტრონომები ასევე დიდ ცისფერ ლაქასაც აკვირდებიან, რომელსაც მაგნიტურ ანომალიას უწოდებენ. ის აღმოსავლეთის მიმართულებით წამში დაახლოებით 4 სანტიმეტრი სიჩქარით მოძრაობს, რაც საკმარისია იმისთვის, რომ პლანეტას წრე 350 წელში დაარტყას.
ამ შტორმებს ქვემოდან ამოსული ნაკადები აძლიერებენ, რომლებიც იმაზე ბევრად ღრმად ფორმირდებიან, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა. იმედოვნებენ ეს ინფორმაცია იუპიტერის ატმოსფეროსა და მისი მაგნიტურ ველთან ურთიერთქმედების შესახებ მეტის გაგებაში დაგვეხმარება.
მეცნიერთა განცხადებით, აირისგან შედგენილი ამ ციური სხეულის შესწავლით თავად ჩვენს მზის სისტემასა და მის ევოლუციაზეც ბევრ რამეს გავიგებთ, რაშიც Juno უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს.
კომენტარები