ისტორიული მომენტი ახლოვდება — ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი 24 დეკემბერს გაეშვება
NASA კოსმოსში მასიური ჯეიმს ვების ტელესკოპის გაშვებას სულ რამდენიმე დღეში გეგმავს. ვების კოსმოსური ტეკესკოპის შექმნა კაცობრიობას დაახლოებით 10 მილიარდი დოლარი დაგვიჯდა და ამისთვის 20 წელზე მეტი დაგვჭირდა. ეს ყველაფერი პასუხისმგებლობას ზრდის, რაც იმას ნიშნავს, რომ ასტრონომები შიშობენ, გაშვების დროს რაღაც არასწორად არ წარიმართოს, იუწყება The New York Times.
"მე აუცილებლად ვუყურებ გაშვებას და მთელი ეს დრო ძალიან დაძაბული ვიქნები", — განუცხადა გაზეთს ნიუ ჰემფშირის უნივერსიტეტის ფიზიკის პროფესორმა ჩანდა პრესკოდ-ვაინშტაინმა.
რაკეტა Ariane 5, ჯეიმს ვების კოსმოსურ ტელესკოპს 24 დეკემბერს გაუშვებს. ეს საფრანგეთის გვიანაში მდებარე ევროპული ობიექტიდან მოხდება, რაც წლების შეფერხებებისა და ბიუჯეტის უზარმაზარი გადაჭარბების კულმინაცია იქნება.
ასევე: 5 რამ, რაც ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის შესახებ უნდა ვიცოდეთ
ტელესკოპის გაშვება აქამდეც არაერთხელ გადადებულა, თუმცა ინჟინრების თქმით, ამჯერად ეს აღარ მოხდება.
კოსმოსში გაშვების შემდეგაც კი, ტელესკოპს მოუწევს გიგანტური სარკის გაშლა რომელიც შედგება რამდენიმე ექვსკუთხა სარკის ნაწილისგან. ამის გარდა, ინჟინრებს უამრავი კომპლექსური დავალების შესრულება მოუწევთ და ამისთვის 6 თვე დასჭირდებათ. 6 თვის შემდეგ ტელესკოპი მუშაობის დასაწყებად მზად იქნება.
მეცნიერების თქმით, ფსონები არ შეიძლება იყოს უფრო მაღალი.
"კოსმოსური ტელესკოპის ნებისმიერი მარცხი დამღუპველი იქნება NASA-სთვის. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი უზუსტობა სარკეების გაშლისას ტელესკოპისთვის შეიძლება დასრულდეს კატასტროფით. ტელესკოპის კატასტროფა კი მთელი კაცობრიობის კატასტროფაც იქნება", — ამბობს მარტინ რისი, კემბრიჯის უნივერსიტეტის ასტრონომი.
თუმცა, წარმატებაც აუცილებლად სათანადოდ ანაზღაურდება. წარმატების შემთხვევაში ტელესკოპი კოსმოსური ძიების ახალ ერას წამოიწყებს. მას აქვს პოტენციალი გადაწეროს ჩვენი სამყაროს ადრეული დღეების გაგება — ისევე როგორც ეს თავის დროზე მისმა წინამორბედმა, NASA-ს ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა ქნა.
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები