ბიზნესდაჯილდოება 2021-ის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
და, აი, ეს დღეც დადგა.
ბიზნესდაჯილდოება 2021-ის ფინალი სულ ცოტა ხნის დამთავრდა. თიბისის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი წელს უკვე მეექვსედ გაიმართა. კონკურსმა ამ ხნის განმავლობაში ქართული ბიზნესის ეკოსისტემის გაჯანსაღება და განვითარება შეძლო, ხელი შეუწყო არაერთ ბრენდს განვითარებაში, ცნობადობის მოპოვებასა და საჭიროებების დაკმაყოფილებაში.
პროფესიონალებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ ხუთ სხვადასხვა ნომინაციაში წლის საუკეთესო ბრენდები გამოავლინა.
საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურებისთვის
- ქარი
- ოკტოპუს ფიტნეს კლუბი
- PROFY
"ჟიურისთან ერთად ბევრი ვიმსჯელეთ ამ ნომინაციაში გამარჯვებულის შერჩევაზე. ერთ-ერთი მთავარი, რასაც პროცესში ვაკვირდებოდით, იყო გავლენა, რომელიც ამ კომპანიამ მოახდინა, ზოგადად, ქვეყანაზე", — აფასებს პროგრამის აწარმოე საქართველოში წარმომადგენელი, მიხეილ ხიდურელი.
გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის
- კოდალა
- ბებიას
"თიბისისთვის თავად ბიზნესდაჯილდოება და ბიზნესის მხარდაჭერა არის სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილი", — აღნიშნავს თიბისის ბრენდის და კომუნიკაციების მენეჯერი, ნინო ეგაძე, — "როდესაც ეს კატეგორია დავამატეთ, ვიფიქრეთ, რომ სოციალური პასუხისმგებლობის ჯილდო მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, შესაძლოა, არარელევანტური ყოფილიყო, თუმცა, ჩვენ ვხედავთ უზარმაზარ აქტივობას — ყოველი ახალი ბიზნესი თავის წილ პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ თავზე".
საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის
- Payze
- Theneo
- Kvalifika
"წელს განსაკუთრებულად კონკურენტული გარემო იყო; საქართველოში ინოვაციური ბრენდების ხარისხი იზრდება და ფინალში გადასული სამივე კომპანია პოტენციური 'უნიკორნია', პოტენციური მილიარდერი. ამ სამივე კომპანიას წინა წლებში რომ მონაწილეობა მიეღოთ, სამივე გამარჯვებული იქნებოდა ალბათ, ხარისხი იმდენად მომატებულია. თუმცა, პრიზიორი შეირჩა იმით, რომ ამ კომპანიამ ყველაზე დიდი ზრდა განიცადა ბოლო წლის განმავლობაში", — აღნიშნავს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავჯდომარე, ავთანდილ კასრაძე.
გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში
- კურორტი ნუნისი
- ლოპოტა სპა რეზორტი
- ვაჩეიშვილის მარანი
"ყველა ქვეყნისთვის, თუმცა, განსაკუთრებულად საქართველოსთვის რეგიონების განვითარება მეტისმეტად მნიშვნელოვანია. ამიტომ, ჟიური შეეცადა, ის კომპანია შეერჩია, რომელმაც ამა თუ იმ რეგიონის განვითარებაში დიდი როლი ითამაშა, ხელი შეუწყო ადგილობრივ მოსახლეობას დასაქმებაში, შექმნა ინფრასტრუქტურა და, საბოლოოდ, შექმნა გარკვეული მიზიდულობის ძალა ამ ადგილისთვის", — აფასებს თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე, თორნიკე გოგიჩაიშვილი.
საუკეთესო ბიზნესთანამშრომლობისთვის
- SKA Juice Bar X DODO Designs
- ლოიალტე
- ანემონე
"ფინანსურ დახმარებასთან ერთად, ბიზნესებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია არაფინანსური მხარდაჭერა, კონსულტაციები, ტრენინგები, ცნობადობის ამაღლება და სხვა", — აღნიშნავს ფონდი EFSE-ის წარმომადგენელი, ივანე ლექვთაძე, — "ამ მიმართულებით ბაზარზე ლიდერი თიბისია; ჩვენი ფონდიც, თავისი სამეწარმეო აკადემიის საშუალებით, ცდილობს, მსგავს აქტივობებში ჩართული იყოს, რისი ნათელი მაგალითიც EFSE-ისა და ბიზნესდაჯილდოების უკვე ხუთწლიანი თანამშრომლობაა. როგორც წინა წლებში, ამჯერადაც, EFSE-ის სამეწარმეო აკადემია მონაწილეობას მიიღებს გამარჯვებულებისთვის პრიზების დაფინანსებაში".
ბიზნესის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის
პრიზი გადაეცა Adjara Group-ს.
ღონისძიებაზე პირდაპირი ეთერით ჩაერთო და სპეციალური პრიზი ლოპოტა სპა რეზორტს გადასცა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ახალარჩეულმა გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა.
"თიბისი მეექვსე წელია, ბიზნესდაჯილდოებას ატარებს და ფაქტია, რადგან ღონისძიება უკვე მეექვსედ იმართება, ესე იგი, გაჩნდა დიდი მოთხოვნილება, რამაც ეს კონკურსი უკვე ტრადიციად აქცია", — აღნიშნავს თორნიკე გოგიჩაიშვილი.
ფოტო: იანა კოხოძე / On.ge
"ბიზნესდაჯილდოება არის ყოველწლიური ზეიმი ბიზნესებისთვის", — ამბობს ნინო ეგაძე, — "როცა ეს კონკურსი ექვსი წლის წინ წამოვიწყეთ, ერთგვარად ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილი იყო, დღეს კი გახდა ბიზნესების ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეკრება. ვამაყობთ, რომ პანდემიის მიუხედავად ღონისძიებას წელსაც ვატარებთ. ორწლიანი პაუზის შემდეგ წელს პირველად გვაქვს საშუალება, ისევ შევიკრიბოთ წესების დაცვით. ამიტომ, სოციალური პასუხისმგებლობისთვის წელს გაცემული ჯილდო განასახიერებს იმ როლს, რომლის შესრულებაც ბიზნესებს სოციუმის წინაშე აკისრიათ".
ასევე იხილეთ:
- გაიცანით ბიზნესდაჯილდოება 2021-ის ფინალისტები ნომინაციაში საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურებისთვის
- გაიცანით ბიზნესდაჯილდოება 2021-ის ფინალისტები ნომინაციაში გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის
- გაიცანით ბიზნესდაჯილდოება 2021-ის ფინალისტები ნომინაციაში საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის
- გაიცანით ბიზნესდაჯილდოება 2021-ის ფინალისტები ნომინაციაში გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში
- გაიცანით ბიზნესდაჯილდოება 2021-ის ფინალისტები ნომინაციაში საუკეთესო ბიზნესთანამშრომლობისთვის
კომენტარები