მასკის თქმით, SpaceX ატმოსფეროდან CO2-ის შთანთქმასა და რაკეტის საწვავად გარდაქმნას აპირებს
SpaceX რაკეტის საწვავის დამზადებას ჰაერიდან გეგმავს.
"SpaceX ახალ პროგრამას იწყებს, რომლის ფარგლებშიც იგი ატმოსფეროდან CO2-ს შთანთქმასა და მის რაკეტის საწვავად გარდაქმნას აპირებს", — დატვიტა ორშაბათს კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა. "შემოგვიერთდით, თუ დაინტერესებულები ხართ".
მასკის თქმით, ასეთმა პროცესმა, რომელიც საწვავის მისაღებად in-situ რესურსებს იყენებს, შესაძლოა, მომავალში, ჩვენს პლანეტათაშორის ცხოვრებაზე გადასვლაზეც დიდი გავლენა იქონიოს.
"ეს მნიშვნელოვანი იქნება მარსისთვისაც", — დასძინა მან შემდგომ პოსტში.
ეს SpaceX-ისთვის მართლაც შესაფერისი პროექტია, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიის Falcon 9 რაკეტა აფრენისას საკმაოდ დიდი რაოდენობით CO2-ს გამოყოფს.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პროექტის განხორციელება არც ისე შორეულ პერსპექტივაში მოიაზრება. როგორც Bloomberg იუწყება, ახალ ტექნოლოგიის, სახელად პირდაპირ ჰაერიდან შთამნთქმელის (DAC) გამოყენებით SpaceX-ს ატმოსფეროდან ათასობით ტონა ნახშირორჟანგის შთანთქმა და საწვავის წყაროდ გადაქცევა შეუძლია. ცოტა ხნის წინ მსოფლიოს ყველაზე დიდი DAС სადგური ისლანდიაში ამოქმედდა და მან ატმოსფეროდან, ყოველწლიურად, 4 400 ტონა CO2 უნდა შთანთქას.
ასევე იხილეთ: ისლანდიაში უდიდესი ქარხანა ამუშავდა, რომელიც ნახშირორჟანგს შთანთქავს და ქვად გარდაქმნის
წლის დასაწყისში მასკმა განაცხადა, რომ ნახშირბადის დამჭერი ტექნოლოგიის შექმნისთვის ჯილდოდ 100 მილიონ დოლარს გასცემდა. ტექნოლოგიას ატმოსფეროდან წლიურად 1 000 ტონა CO2 უნდა მოეცილებინა, დროთა განმავლობაში კი მისი მოქმედების ინტენსივობა უნდა გაზრდილიყო.
ასევე იხილეთ: ილონ მასკი 100 მილიონ დოლარს გადასცემს მას, ვინც ნახშირბადის საწინააღმდეგო ტექნოლოგიას შექმნის
"ვფიქრობ ეს ისეთი საკითხია, რომლის გადასაჭრელად სწორი გზის მოფიქრებას გარკვეული დრო დასჭირდება", — განაცხადა მასკმა. "განსაკუთრებით კი იმის გარკვევას, თუ რა იქნება საუკეთესო ეკონომიკური გამოსავალი ნახშირორჟანგის შთანთქმისთვის". "ამჟამად ჩვენ მხოლოდ ერთი პლანეტა გვაქვს. კატასტროფის თუნდაც 0.1% შანსი რომ არსებობდეს, რაში გვჭირდება ეს რისკი? ეს სიგიჟეა!".
კომენტარები