როგორ დავიწყოთ ინვესტირება $1-დან
ინვესტირება მომავალში მოგების მიღების მიზნით ფულის დაბანდებას გულისხმობს. ფულის დაბანდება შესაძლებელია როგორც ფინანსურ, ისე არაფინანსურ პროდუქტებში. ფინანსური პროდუქტებიდან ერთ-ერთი ყველაზე მეტად პოპულარულია ფასიან ქაღალდებში ინვესტირება — მაგალითად, კომპანიის აქციის ან ობლიგაციის ყიდვა მათი ღირებულების გაზრდის პერსპექტივით.
ინვესტირების მიზანი შესაძლოა იყოს მოკლევადიანი მოგების მიღება. მაგალითად, იყიდო აქცია და ფასის გაზრდის შემდეგ გაყიდო. მეორეს მხრივ, შენ, როგორც ინვესტორს შესაძლოა გრძელვადიანი მიზნები გამოძრავებდეს — ავტომობილისა თუ სახლის შეძენა, საპენსიო დანაზოგის შექმნა და სხვა — და ამისთვის აბანდებდე ფულს.
წამყვანი საინვესტიციო ბანკის Goldman Sachs-ის მიხედვით, S&P 500-ის ინდექსმა (რომელიც აშშ-ში მოქმედ 500 უმსხვილეს კომპანიას აერთიანებს) 2010-2020 წლების პერიოდში საშუალოდ 13,6%-იანი მოგება დაწერა. თუ 2010 წელს S&P 500-ში $5 000-ის ინვესტირებას განახორციელებდი, 2020 წლისთვის შენი ინვესტიციის ღირებულება $18 000-ს მიაღწევდა.
როდის დავიწყოთ ინვესტირება
ინვესტირების დაწყებისთვის საუკეთესო დრო არ არსებობს — დაიწყე დღესვე. ამას ფინანსური ანალიტიკოსები გვირჩევენ და ამბობენ, რომ რაც უფრო ადრე დაიწყებ ფულის დაბანდებას, ეს შენი კაპიტალის გაზრდისთვის უფრო მეტად სასარგებლო იქნება. ინვესტირების დასაწყებად სწორედ კაპიტალის ბაზარს უნდა მიაკითხო.
როდესაც კომპანია IPO-ს ანუ საკუთარი აქციების პირველად საჯარო შეთავაზებას აკეთებს, მისი ფასიანი ქაღალდები კაპიტალის ბაზარზე ილისტება, რის შემდეგაც ნებისმიერ ინვესტორს მისი აქციის, ანუ წილის ყიდვა შეუძლია.
მაგალითად, თუ კომპანიის ერთი აქცია ღირს $1 და მას გამოშვებული აქვს 100 ცალი აქცია, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კომპანიის ღირებულება, ანუ საბაზრო კაპიტალიზაცია არის $100. თუ ინვესტორი 10 ცალ აქციას იყიდის, ანუ 10 დოლარის ინვესტიციას განახორციელებს, მაშინ ის გახდება კომპანიის 10%-ის მეწილე.
ფასიანი ქაღალდების შერჩევა და ინდექსები
როგორც წესი, კომპანიებს სამი მახასიათებლის მიხედვით ყოფენ: სტილის, სექტორისა და ზომის მიხედვით. ეს ის ფაქტორებია, რომელთა გათვალისწინებაც ფასიანი ქაღალდების შერჩევის დროს დაგჭირდება.
ზომის შემთხვევაში ინვესტორები იყენებენ საბაზრო კაპიტალიზაციას, რაც კომპანიის მიერ გამოშვებული აქციების რაოდენობის ფასზე ნამრავლს გულისხმობს. საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით კომპანიები მცირე, საშუალო და მსხვილ კომპანიებად იყოფიან.
- მცირე — 200 მილიონიდან 2 მილიარდ დოლარამდე;
- საშუალო — 2 მილიარდიდან 10 მილიარდამდე;
- მსხვილი — 10 მილიარდი და მეტი;
სტილის მიხედვით კომპანიები ორ კატეგორიად იყოფიან: მზარდი და ღირებულებითი. მზარდი კომპანიები საკუთარი ბიზნესის განვითარებაზე არიან ორიენტირებულნი, რის გამოც დივიდენდს ნაკლებად გასცემენ. ღირებულებითი კომპანიები კი ისეთი ფირმები არიან, რომლებმაც განვითარების ეტაპები უკვე გაიარეს და ახლა მშვიდ ცურვაში არიან — ამიტომ, ისინი საკუთარ აქციონერებს დივიდენდებითაც ანებივრებენ.
ხშირად ამბობენ, რომ ბაზარი გაიზარდა ან შემცირდა — აქ, როგორც წესი, ინდექსების ცვლილებას გულისხმობენ. ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინდექსი, რომელსაც ბაზრის ანალიტიკოსები უყურებენ S&P 500-ია. ეს ინდექსი აშშ-ში მოქმედი 500 უმსხვილესი კომპანიის ფასებს მიჰყვება. ამ ინდექსში ისეთი კომპანიები ერთიანდება, როგორიცაა: AMERICAN EXPRESS, AT&T, MICROSOFT, APPLE, AMAZON, TESLA, GOOGLE, FACEBOOK, BANK OF AMERICA, MODERNA და ა.შ.
3 მთავარი რამ, რაც ინვესტირების დაწყებისას უნდა გაითვალისწინო
ჩვენ უკვე ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ ინვესტირების დაწყებისთვის საუკეთესო დრო არ არსებობს და უმჯობესია, ამ საქმეს მალევე შეუდგე, თუმცა ვიდრე აქციებში საკუთარ თანხებს დააბანდებ, რამდენიმე რამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინო.
პირველი ასეთი საკითხი მიზანსა და ვადას ეხება — ვიდრე ინვესტირებას დაიწყებ, კარგად ჩამოყალიბებული მიზანი და სავარაუდო ვადა უნდა გქონდეს განსაზღვრული. ზოგიერთისთვის ასეთი მიზანი უძრავი ქონების შეძენა, ავტომობილის შეძენა, შვილისთვის სწავლის ფულის შეგროვება, საპენსიო დანაზოგის შექმნა და სხვა. მიზნის ვადიანობა კი იმაში დაგეხმარება, გაიგო, თუ რა ტიპის ფასიანი ქაღალდი შეიძინო. როგორც ცნობილია, აქციებს მომგებიანობა სწორედ გრძელვადიან პერსპექტივაში ახასიათებთ, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ის კრიზისები, რომლებიც, საშუალოდ, 8-9 წელში ერთხელ ხდება.
მეორე, რაც ინვესტირებამდე უნდა გაითვალისწინო რისკისადმი შენი დამოკიდებულებაა. საინვესტიციო სამყაროში ამას რისკისადმი ტოლერანტობასაც უწოდებენ. როგორც ცნობილია, რისკი ნებისმიერ ინვესტიციას თან ახლავს. რისკი იმაში მდგომარეობს, რომ აქციის ფასი შემცირდება და, შესაბამისად, შენი ინვესტიციის ღირებულებაც დაიკლებს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია იცოდე, რა არის რისკისადმი ტოლერანტობის შენი დონე.
კიდევ ერთი რამ, რაც ინვესტირების დაწყებამდე უნდა გაითვალისწინო საკუთარი ფინანსური მდგომარეობაა. ვიდრე აქციებში პირველ თანხას ჩადებ, უნდა დარწმუნდე, რომ ფინანსურად სტაბილური მდგომარეობა გაქვს — ეს, ასევე, გადაუდებელი შემთხვევებისთვის გადადებულ დანაზოგს გულისხმობს. როგორც წესი, დანაზოგი მარტივად ხელმისაწვდომი უნდა იყოს და უნდა ფარავდეს შენს 6 თვის სავარაუდო ხარჯებს.
როგორ გავხსნათ საინვესტიციო ანგარიში
საინვესტიციო ანგარიშის გახსნა და მსოფლიოს წამყვანი კომპანიების აქციების ყიდვა ასეთი მარტივი არასდროს ყოფილა — ამისთვის მხოლოდ საქართველოს ბანკის მობილბანკია საჭირო.
შენს მობილბანკში საინვესტიციო ანგარიში გახსნისთვის უმარტივესი ველების შევსება დაგჭირდება. შეგყავს ინფორმაცია შენს შესახებ, გაივლი ვერიფიკაციას და შენთვის საინვესტიციო სამყაროს კარი გაიხსნება. საინვესტიციო ანგარიშის გახსნისთვის საჭირო ყველა დეტალი ამ ვიდეოშია მოცემული.
ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი.
თუ გსურს მეტი გაიგო ინვესტიციების შესახებ, ესტუმრე ფეისბუქგვერდს — ინვესტიციები და ივაჭრე ისეთი საერთაშორისო კომპანიების აქციებით, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა. ეს სიახლე საქართველოს ბანკმა მისი ჯგუფის შვილობილი კომპანიის, Galt & Taggart-ისა და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა DriveWealth-ის პარტნიორობით დანერგა.
კომენტარები