Pfizer-ის განცხადებით, ომიკრონის შტამთან საბრძოლველად ვაქცინის დამატებითი დოზა დაგვჭირდება
ბიოტექნოლოგიური კომპანიების Pfizer და BioNTech მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, კორონავირუსის ახალ შტამთან, ომიკრონთან ეფექტიანად საბრძოლველად მათი ვაქცინის 3 დოზაა საჭირო. ისინი ამას პირველადი ლაბორატორიული კვლევის შედეგების საფუძველზე ასკვნიან.
ასევე, იხილეთ: რატომაა საშიში კორონავირუსის ახალი შტამი — ყველაფერი, რაც B.1.1.529-ზე ვიცით
სპეციალისტთა თქმით, იმ ადამიანებში, რომლებმაც პრეპარატის 2 ინიექცია გაიკეთეს, ომიკრონის საწინააღმდეგო, გამანეიტრალებელი ანტისხეულების რაოდენობა ვირუსის პირველ ვარიანტთან შედარებით, 25-ჯერ ნაკლები იყო. სისხლის ნიმუშების ანალიზმა ცხადყო ისიც, რომ დამატებითი დოზის მიღებამ აღნიშნული მაჩვენებელი გაათანაბრა.
ეს იმას ნიშნავს, რომ ომიკრონის, იგივე B.1.1.529-ის გასაუვნებლად სტანდარტული იმუნიზაცია საკმარისი არაა. ამის მიუხედავად, კომპანიები იმედოვნებენ, რომ ამგვარი ვაქცინაცია კორონავირუსით გამოწვეული დაავადების მძიმე ფორმებს მაინც აგვაცილებს თავიდან.
"შესაძლოა, მე-3 დოზის მიღება უფრო სწრაფად დაგვჭირდეს. ეს ჯანდაცვის სამსახურმა ფრთხილად უნდა აწონ-დაწონოს და თავად გადაწყვიტოს. თუმცა, სულ არაფერს ისევ 2 დოზა სჯობს, რადგან, ასე თუ ისე, გვიცავს", — აცხადებს Pfizer-ის აღმასრულებელი დირექტორი, ალბერტ ბურლა.
ამჟამინდელი რეგულაციებით, Pfizer-ის და Moderna-ს "ბუსტერ" დოზების გაკეთება ბოლო ინიექციიდან 6 თვეში, Johnson & Johnson-ის შემთხვევაში კი 2 თვეშია დაშვებული. მეცნიერები ომიკრონის მახასიათებლებს ჯერ კიდევ შეისწავლიან, ამიტომ საბოლოო დასკვნების გამოსატანად სხვა კვლევების ჩატარებაცაა აუცილებელი. ამის გარდა, ფარმაცევტული კომპანიები კონკრეტულად B.1.1.529-ის საწინააღმდეგო პრეპარატების შექმნაზე უკვე მუშაობენ.
კომენტარები