ჩვენს გალაქტიკამდე ცხელი აირის ნაკადი იმაზე სწრაფად მოაღწევს, ვიდრე აქამდე გვეგონა
ირმის ნახტომის გალაქტიკას, რომელშიც დედამიწა მდებარეობს, სწრაფად მოძრავი ცხელი აირი — მაგელანის ნაკადი უახლოვდება. მეცნიერთა ახალი კვლევის მიხედვით, ის ჩვენამდე იმაზე მოკლე დროში მოაღწევს, ვიდრე აქამდე გვეგონა, რის შესახებაც ავტორები გამოცემაში The Astrophysical Journal Letters გამოქვეყნებულ ნაშრომში საუბრობენ.
ნაკადის წარმოქმნა ირმის ნახტომის თანამგზავრ ჯუჯა გალაქტიკებს, მაგელანის დიდ და პატარა ღრუბლებს უკავშირდება, რომელთა საერთო მასაც მზისას დაახლოებით 17 მილიარდჯერ აღემატება. სწორედ მატერიის ამ სისტემების მძლავრი გრავიტაციული ურთიერთქმედების შედეგია აირისგან შედგენილი ერთგვარი თაღი, რომელიც ცის სამხრეთ ნახევარსფეროს გასწვრივაა გადაჭიმული.
ასევე, იხილეთ: ირმის ნახტომის გალაქტიკას იმაზე ნაკლები თანამგზავრი ჰყავს, ვიდრე გვეგონა — კვლევა
მომავალში ის ჩვენს გალაქტიკას "შეეჯახება", მას ვარსკვლავების წარმოქმნისთვის საჭირო ნივთიერებებით მოამარაგებს და პლანეტიდან ღამით ხილული კოსმოსის ხედს საგრძნობლად შეცვლის. სპეციალისტთა განცხადებით, ეს მოსალოდნელზე მალე მოხდება.
მკვლევრები ამას კომპიუტერულ სიმულაციებზე დაყრდნობით ასკვნიან. მათი თქმით, მაგელანის ნაკადისგან 65 000 სინათლის წელი გვაშორებს, იმაზე 5-ჯერ მცირე დისტანცია, ვიდრე ვარაუდობდნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ცხელი აირი ირმის ნახტომში დაახლოებით 50 მილიონ წელში შემოიჭრება.
იმავე მეცნიერებმა შარშან ჩატარებული კვლევისას დაადგინეს, რომ მაგელანის დიდი ღრუბელი იონიზებული აირის ჰალოთია გარშემორტყმული, რომლის ტემპერატურაც 500 000°C-ს შეადგენს. ამ ინფორმაციის გათვალისწინებით, ასტრონომებმა ახალი მოდელი შექმნეს, რომელმაც აჩვენა, რომ ეს ჯუჯა გალაქტიკები ერთმანეთის ირგვლივ 3 მილიარდი წლის განმავლობაში მოძრაობდნენ, შემდეგ კი მათზე ირმის ნახტომის გრავიტაციამ იქონია გავლენა.
კომენტარები