მეცნიერებმა მეხსიერების წაშლის მეთოდს მიაგნეს, რომელიც თაგვებზე წარმატებით გამოცადეს
ალბათ, ბევრ თქვენგანს აქვს ნანახი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის მხატვრული ფილმები Men in Black და Eternal Sunshine of the Spotless Mind, რომლებშიც სპეციალური მოწყობილობისა თუ სამედიცინო პროცედურის საშუალებით ადამიანებს მეხსიერებას უშლიან.
შესაძლოა, ამგვარი ტექნოლოგია მალე რეალობად იქცეს. იაპონიაში მდებარე კიოტოს უნივერსიტეტში მომუშავე მკვლევრებმა მოგონებებზე მანიპულირების ახალ მეთოდს მიაგნეს, რომლის დახმარებითაც თაგვებს ცოტა ხნის წინ მომხდარი მოვლენა წარმატებით "დაავიწყეს".
მათ ისინი ბნელ ოთახში შეუშვეს, სადაც მღრღნელებმა ელექტრული შოკი მიიღეს, ამიტომ ამ ადგილის მიმდებარედ ყოფნისას შფოთვა ეწყებოდათ. თუმცა, ექსპერიმენტში მონაწილეობის შემდეგ ისინი იქ უპრობლემოდ დაბრუნდნენ, რადგან თავს გადამხდარი მოვლენა აღარ ახსოვდათ. გამოცემაში Science გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორებმა ამას ნერვულ-ოპტიკური სისტემის მეშვეობით მიაღწიეს.
სხვადასხვა მოგონება ძილის დროს ერთიანდება, რაც ნერვული აქტიურობის, ე.წ. ხანგრძლივი პოტენციაციის (LTP) შედეგია. მეცნიერებმა ამისთვის აუცილებელი ცილის, კოფილინის სინთეზისთვის ხელის შეშლის მიზნით ის ნეირონები მოიძიეს, რომლებიც აღნიშნულ პროცესში მონაწილეობენ.
მათ ცხოველთა ორგანიზმში ადენო-ასოცირებული ვირუსი შეიყვანეს, რომელიც კოფილინის შემცველი ცილის სინთეზირებისთვის გამოიყენეს. ასევე, ფლუორესცენციული ნაერთი SuperNova, რომლითაც ტვინში ფორმირებული მეხსიერების ადგილი მონიშნეს. SuperNova ამ რეგიონში რეაქტიულ ჟანგბადს უშვებს, ეს უკანასკნელი კი სინათლესთან ურთიერთქმედების შემდეგ კოფილინის მსგავს ქიმიურ კომპონენტებს აუვნებლებს.
კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა თაგვების ტვინის ზემოხსენებული ნაწილი 2-ჯერ გაანათეს — შოკის მიღებიდან მალევე და ძილის დროს, რის შედეგადაც მათ კონკრეტული მოგონება წაუშალეს.
ისინი იმედოვნებენ, რომ ახალი მეთოდით ფსიქიკური აშლილობების მკურნალობასაც შეძლებენ.
კომენტარები