რატომ უნდა წაიკითხოთ Harvard Business Review-ს ახალი წიგნები
თანამედროვე სამყაროს ტემპი ხშირად არ გვაძლევს საშუალებას, გამოვნახოთ დრო მყუდროდ მოსაკალათებლად და სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურის წასაკითხად, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თვითგანვითარებისა და შემეცნების ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან და საინტერესო გზას სწორედ წიგნების კითხვა წარმოადგენს. ბევრი ჩვენგანი ლიტერატურას არა მხოლოდ თავშესაქცევად და დროის სასიამოვნოდ გასატარებლად, არამედ ცოდნის მისაღებად და პროფესიულად გასავითარებლადაც ეცნობა, თუმცა, ამ მხრივ, ქართულ ენაზე ხელმისაწვდომი წიგნების რაოდენობით არ გამოვირჩევით.
არადა, ბიზნესლიტერატურით არა მხოლოდ ბიზნესთან უშუალო შემხებლობაში მყოფი ადამიანები არიან დაინტერესებულნი, არამედ სხვა სფეროების წარმომადგენლებიც. ამის მიზეზი მარტივია — ყველა ის თვისება, რაც ბიზნესის მართვისა და განვითარებისთვისაა საჭირო, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორში დასაქმებულთათვის აუცილებელია.
მკითხველებში ბიზნესლიტერატურის დანაკლისს ამიერიდან კიდევ ერთი საინტერესო სერია შეავსებს — თიბისის გენერალური პარტნიორობით ქართულ ენაზე გამოიცა Harvard Business Review-ის წიგნები, რომლებიც ყველა ადამიანის გულს მოიგებს, ვისაც ბიზნესლიტერატურა ახალი პიროვნული თუ პროფესიული უნარების ათვისებისთვის აინტერესებს.
HBR-ის გზამკვლევთა სერიას სამი ახალი წიგნი შეემატა:
- HBR-ის გზამკვლევი გუნდის მოტივირებისთვის;
- HBR-ის გზამკვლევი მეტი პროდუქტიულობისთვის;
- HBR-ის გზამკვლევი სტრატეგიული ინიციატივების მართვაში.
გზამკვლევი გუნდის მოტივირებისთვის
პანდემიის პირობებში კიდევ უფრო გართულდა თითოეული თანამშრომლისთვის მოტივაციის მიცემა და მათი ჩართულობის გაზრდა. Harvard Business Review-ის გზამკვლევი გვეხმარება არა მხოლოდ ჩვენი გუნდის წევრების უკმაყოფილების მიზეზების დადგენაში, არამედ მათ აღმოფხვრასა და თანამშრომლების მოტივირებაში. ამ წიგნში შეხვდებით სხვადასხვაგვარ ხერხსა და რჩევებს, რაც დაგეხმარებათ გუნდის უკეთესად მართვასა და იმ დიდი მიზნების წარმოსახვაში, რაც ასე აუცილებელია გუნდური მუშაობის პირობებში.
გზამკვლევი მეტი პროდუქტიულობისთვის
თითოეული ჩვენგანის პროდუქტიულობაზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს — ზოგი დადებითად, ზოგი კი უარყოფითად. თუმცა, ამ ფაქტორებს არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ ჩვენი მიზნების მიღწევაზე ცუდი ზეგავლენა იქონიონ. გზამკვლევი მეტი პროდუქტიულობისთვის დაგვეხმარება "მავნე ჩვევების" გამკლავებაში, რაც ყველა ჩვენგანს გვახასიათებს — ამ წიგნის საშუალებით უკეთესად შევძლებთ ჩვენი სამუშაო დღისა თუ კვირის დაგეგმვას, სადაც თანაბრად გადავანაწილებთ დროს მუშაობასა და დასვენებას შორის ისე, რომ უარის თქმამ არცერთზე მოგვიწიოს.
გზამკვლევი სტრატეგიული ინიციატივების მართვაში
სტრატეგია კომპანიისა თუ ბიზნესის მართვასა და წარმატების მიღწევაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, ამიტომაც აუცილებელია, რომ ის სწორად და გამართულად იყოს დასახული და გაწერილი. HBR-ის მესამე გზამკვლევი გვთავაზობს პრაქტიკულ რჩევებსა და რეკომენდაციებს ინიციატივის მთელი სასიცოცხლო ციკლის ყველა ეტაპთან გასამკლავებლად — ინიციატივის ამოქმედებიდან მასშტაბის ზრდის ჩათვლით.
ახალი გამოცემების პრეზენტაცია 19 ნოემბერს, თიბისი კონცეპტის სივრცეში შედგა, სადაც ასევე გაიმართა საპანელო დისკუსია ბიზნესლიტერატურის, ბიზნესგანათლების, პროდუქტიულობისა და გუნდის მოტივაციის თემებზე.
"თიბისის მხარდაჭერით Harvard-ის სამი გზამკვლევი ითარგმნა, დღეიდან ქართველი მკითხველი, მენეჯერები და სტუდენტები შეძლებენ მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ბიზნეს ლიტერატურის ქართულ ენაზე კითხვას. ამ დრომდე ჩვენმა გამომცემლობამ უკვე მოახერხა 9 ბესტსელერის ქართულ ენაზე თარგმნა. ახალ სამეულშია წიგნები, რომლებიც ეხება პროდუქტიულობას, სტრატეგიას და გუნდის მოტივირებას. წიგნების შერჩევის პროცესზეც თიბისის გუნდთან ერთად ვიმუშავეთ, გვჯერა რომ ეს ის თემებია, რაც დღეს ქართველ მკითხველს აინტერესებს", — აცხადებს აკო ახალაია, ბიზნეს მედია საშუალება მარკეტერის დამფუძნებელი.
თიბისის ბრენდისა და მარკეტინგის ხელმძღვანელის, ნინო ეგაძის თქმით, აღნიშნული გამოცემა არა მარტო შემდგარი ბიზნესმენებისთვის, არამედ სტუდენტებისთვისაც კი საინტერესოა. "ჰარვარდის ქეისებზე და კვლევაზე ბაზირებული სწავლის მეთოდი სრულიად გასაგებ და პრაქტიკულ ენაზე ხსნის ურთულეს თეორიებს მენეჯმენტში, ორგანიზაციულ მოწყობაში, ლიდერობაში", — აღნიშნავს ის.
თიბისი ბიზნესის აქტიური მხარდამჭერია და ამ მიმართულებით არაერთი ინიციატივით გამოირჩევა. კომპანია ბიზნესსაქმიანობის გამარტივებისთვის სტარტაპერებსა და მცირე თუ საშუალო ბიზნესებს, ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად, ცოდნის გაღრმავებაშიც უწყობს ხელს.
კომენტარები