Can’t Help Myself — რობოტი, რომელიც მნახველში ადამიანურ ემოციებს აღძრავს
ოცდამეერთე საუკუნეში ტექნოლოგია სინათლის სისწრაფით ვითარდება. თანდათანობით ვამჩნევთ, თუ როგორ იჭრებიან ჩვენს ცხოვრებაში ელექტრონული მოწყობილობები. ეს პროცესი კი პანდემიის პირობებში კიდევ უფრო ასწრაფდა. შედეგად, რობოტები, რომლებიც ერთ დროს მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკურ სამყაროებში არსებობდნენ, ნელ-ნელა რეალობაში ინაცვლებენ. ამის მაგალითია თუნდაც სამსუნგის რობოტ-მტვერსასრუტი, რომელსაც თავიდან, როგორც ყველა ახალ ტექნოლოგიას, სკეპტიკურად უყურებდნენ — შეუცნობლის მიმართ შიშის განცდა ხომ ადამიანის ბუნების განუყოფელი ნაწილია.
ამ სტატიაშიც ერთ ისეთ რობოტზე ვისაუბრებთ, რომელიც, ერთი შეხედვით, ფუნქციურად დიდად არ განსხვავდება სამსუნგის ჭკვიანი მტვერსასრუტისგან — თუმცა, სინამდვილეში, ის სულ სხვა მიზეზით შექმნეს. ეს რობოტი, რომელიც ინსტალაციის ნაწილია, ერთ ოთახშია გამოკეტილი და ერთსა და იმავე საქმეს აკეთებს, რაც ადამიანებში სხვადასხვა ემოციასა და ეგზისტენციალურ კითხავს აჩენს.
როგორ შეიქმნა რობოტი?
ინსტალაცია სახელად Can’t Help Myself (ვერ ვშველი საკუთარ თავს) ჩინელი ხელოვანების, სუნ იუანისა და პენ იუის ერთობლივი ნამუშევარია. მათი კოლაბორაციის შედეგი ერთგვარი რობოტია, რომელიც გამჭვირვალე ოთახშია გამოკეტილი და გამუდმებით ერთსა და იმავე საქმეს ასრულებს: იატაკზე დაღვრილ სისხლისფერ სითხეს წმენდს. "გვინდოდა, ისეთი მოძრაობები მოგვეფიქრებინა, რისი შესრულებაც ერთი ხელით იქნებოდა შესაძლებელი", — ამბობს პენ იუი ინტერვიუში. ხელოვანებმა ნამუშევარი ადამიანის თვისებებით წარმოადგინეს, რათა მნახველთათვის მეტად ახლობელი და ემოციური ყოფილიყო.
ამ ნამუშევარზე მუშაობა 2016 წელს გუგენჰაიმის მუზეუმის დაკვეთით დაიწყო და მათ ოფიციალურ ვებსაიტზე ნახვების რეკორდული მაჩვენებელი დაამყარა. რობოტის წარმატება აქ არ მთავრდება — მან ვენეციის 2019 წლის ბიენალეზეც მიიღო მონაწილეობა, სადაც ის ორ მილიონზე მეტმა სტუმარმა იხილა.
დროთა განმავლობაში მანქანამ შენელება დაიწყო. თუ 2016 წელს სწრაფად და ხალისიანად მუშაობდა, ახლა უკვე ბევრად ნელა ასრულებს დავალებას, ვეღარც ძველებურად სიცოცხლით სავსე მოძრაობებს აკეთებს და თავადაც დაჟანგულს ჰგავს. 2021 წელს სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე მილიონობით მაყურებელმა იხილა რობოტის ბოლოდროინდელი ვიდეოები, რამაც მაყურებელში სენტიმენტალური გრძნობები გააღვივა და რობოტისადმი თანაგრძნობაც ბევრ მათგანს გაუჩნდა.
რა იყო ამ ინსტალაციის მთავარი მიზანი?
მიუხედავად იმისა, რომ ხელოვანთა მიხედვით, Can’t Help Myself-ის მთავარი სათქმელი მიგრანტების პრობლემების სააშკარაოზე გამოტანაა, ხოლო სისხლისმაგვარი ლაქები გამოძახილია იმ ძალადობრივი ქმედებებისა, რომლებიც საზღვრების დაცვას ახლავს ხოლმე თან, მნახველები მასში სრულიად განსხვავებულ ამბავს ხედავენ.
ზოგისთვის ეს ნამუშევარი ყოველდღიურ რუტინულ ტკივილს ასახავს. ოფისში მომუშავე ადამიანებიც ერთ ოთახში არიან გამოკეტილნი — ისევე, როგორც ინსტალაციის რობოტი — და ასრულებენ ერთსა და იმავე, მონოტონურ სამუშაოს.
აღსანიშნავია, რომ ავტორებმა გამჭვირვალე "გალიას" კარი არ გაუკეთეს და, შესაბამისად, რობოტს ამ მდგომარეობიდან გაქცევა კონცეპტუალურადაც არ შეუძლია. "მიუხედავად იმისა, რომ რობოტი სრულიად აკონტროლებს თავის ირგვლივ არსებულ პერიმეტრს, მოწითალო სითხე, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ისევ იღვრება იატაკზე და ამ დროს უკვე ვხედავთ კონტროლის დაკარგვის ფაზას, რაც მუდმივად გასდევს ჩვენს ინსტალაციას", — განაცხადა პენ იუიმ ინტერვიუში.
ამგვარი მოძრაობა მნახველს დაუსრულებელი შრომის განცდას უქმნის და საკუთარ ცხოვრებაზე აფიქრებს. ზოგ ადამიანს ძალიან კარგად ესმის რობოტის, უფრო მეტიც — თანაუგრძნობს კიდეც მას.
რა გამოარჩევს Can’t Help Myself-ს?
დამზადების პროცესში ავტორებმა უსულო რობოტი ისეთი ბრძანებებით დააპროგრამეს, რომ მნახველისთვის უფრო გაადამიანურებული ყოფილიყო. ასეთია, მაგალითად, სხვადასხვა ცეკვის მოძრაობები, რომელსაც იგი შესვენების დროს ასრულებს. სწორედ ეს უწყობს ხელს იმას, რომ ამ ქმნილებაში რობოტის ნაცვლად ადამიანი ამოვიცნოთ.
დამთვალიერებელთა ნაწილმაც იგივე დაინახა. ვფიქრობ, ამ ინსტალაციას განსაკუთრებულს სწორედ ის ხდის, რომ ადამიანები ყველაფერს ჩვენი გადმოსახედიდან ვაფასებთ და ჩვენს გამოცდილებებს მივაწერთ სხვა ქმნილებებს. რაციონალურ დონეზე ყველამ ვიცით, რომ რობოტს გრძნობები არ გააჩნია, იგი მხოლოდ ერთი საქმის შესასრულებლად დაამზადეს და სულ არ ადარდებს, მისი ცხოვრება თუ რუტინულია. მაგრამ რადგან მნახველი მის ყოფას თავისი პერსპექტივიდან განსაზღვრავს, ადამიანურ თვისებებს ანიჭებს მას და მის მიმართ სიბრალულის განცდა უჩნდება.
როგორი გამოხმაურება მოჰყვა გაადამიანურებულ რობოტს მაყურებელში?
ემოციები, რომლებიც Can’t Help Myself-მა გამოიწვია, თითოეული მნახველისთვის ინდივიდუალურია. ზოგიერთ მათგანს საერთოდ არ ჰქონია მკვეთრად გამოხატული რეაქცია და არც ადამიანური ღირებულებები მიუწერია მისთვის. ზოგს კი — პირიქით, ნამუშევრისადმი ემოციური კავშირი გაუჩნდა.
დამთვალიერებელთა ნაწილმა რობოტის გამო ცუდად იგრძნო თავი, რადგან მას ასეთ პირობებში უწევდა ცხოვრება — ვერც თავის თავს შველოდა და ვერც ვერავინ ეხმარებოდა. "გამუდმებით ასუფთაო შენ ირგვლივ არსებული სივრცე მარტო, როდესაც შენ თვითონ ნელ-ნელა იშლები, სანამ ყველა გიყურებს და გასართობად გიყენებს", — ამბობს ერთ-ერთი დამთვალიერებელი. ბევრისთვის ეს უსულო მანქანა ყოველდღიური რუტინის სიმბოლოდ გადაიქცა, რადგან საზოგადოების ნაწილი გამუდმებით მსგავს ცხოვრებას ეწევა და ცდილობს, თავის ირგვლივ ყველაფერი მოაგვაროს, მაგრამ ეს ციკლი უწყვეტია და არასდროს მთავრდება.
სწორედ რობოტის გაპიროვნების გამო მნახველთა ნაწილმა ცრემლები ვერ შეიკავა, რადგან უსულო მანქანისადმი თანაგრძნობის განცდა გაუჩნდათ. რობოტი სიზიფესეულ დავალებას ასრულებს და ამას დღეს, მისი შექმნიდან რამდენიმე წლის მერე, უფრო ნელა, უხალისოდ აკეთებს, რის გამოც მნახველს უფრო ებრალება იგი. მთავარი სურვილი, რომელიც დამთვალიერებელს უჩნდება, არის ის, რომ რობოტმა საბოლოოდ დაამთავროს თავისი საქმე და დაისვენოს, რადგან მთელი თავისი ცხოვრება ერთსა და იმავე საქმეს მიუძღვნა.
საოცარია, თუ როგორ აღძრავს ადამიანში უზღვავ ემოციებს უსულო არსება, რომელიც მხოლოდ ერთ დავალებას ასრულებს. რაც უნდა იყოს ამის მიზეზი, ცხადია, რომ მან მნახველებზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. სავარაუდოდ, იგი ერთ დღეს მუშაობას შეწყვეტს, უშველის საკუთარ თავს და მის დაუსრულებელ შრომასაც საბოლოოდ წერტილი დაესმება.
კომენტარები