ირმის ნახტომის გალაქტიკა, რომელშიც დედამიწა მდებარეობს, შედარებით მცირე ზომისა და მასის მქონე მრავალი ჯუჯა გალაქტიკითაა გარემოცული, ხოლო თითოეულში მინიმუმ 1000 ვარსკვლავია განლაგებული. მსგავს ობიექტთა ნაწილი მატერიის ამ უზარმაზარი სისტემის თანამგზავრად მიიჩნევა, რადგან ისინი მისი გრავიტაციის ზემოქმედებას განიცდიან.

ასტრონომებს ირმის ნახტომისგან 1.4 მილიონი სინათლის წლის მანძილზე 60-მდე ჯუჯა გალაქტიკა აქვთ აღმოჩენილი, თუმცა ვარაუდობენ, რომ კოსმოსის სიბნელეში კიდევ ბევრი მათგანი "იმალება". მეცნიერთა ახალი კვლევის თანახმად, ამ ობიექტთა უმრავლესობა ძალიან ცოტა ხანია, რაც ჩვენ მახლობლად არსებობს, ამიტომ თანამგზავრად ვერ ჩაითვლება.

გამოცემაში The Astrophysical Journal გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორები ამას კოსმოსური ტელესკოპის Gaia მიერ მოპოვებულ მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებენ. ეს უკანასკნელი 40 ჯუჯა გალაქტიკის სხვადასხვა მახასიათებელზე გვაწვდის ინფორმაციას.

ფოტო: ESA/Gaia

სპეციალისტებმა ზემოხსენებული ფსევდო-თანამგზავრების იმპულსის მომენტი და ორბიტული ენერგია გამოთვალეს. შედეგად, დაასკვნეს, რომ მათი უმეტესობა ზედმეტად სწრაფად გადაადგილდება, ვიდრე სხვა მეზობელი ვარსკვლავები თუ სისტემები. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ გალაქტიკებს ირმის ნახტომთან ახლოს საკმარისად დიდხანს არ უმოძრავიათ იმისთვის, რომ მის გრავიტაციას მათი სიჩქარე შეენელებინა.

არაა გამორიცხული, რომ ეს მომავალში მოხდეს, მაგრამ რამდენ ხანს შეინარჩუნებენ ისინი თანამგზავრების სტატუსს, ჯერჯერობით გაურკვეველია. თუ მძლავრ მიზიდულობას გადაურჩებიან, ესე იგი მათში ბნელი მატერიის მაღალი კონცენტრაციაა, რომელიც ციურ სხეულებს ერთად აკავებს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.