ჯო ჰისაიში: კომპოზიტორი, რომელმაც Ghibli-სთვის საოცარი მუსიკა შექმნა
ანიმეს მოყვარულთათვის ჰაიაო მიაძაკის სახელი კარგად ნაცნობია, იგი Studio Ghibli-ს თანადამფუძნებელი და ანიმაციის ისტორიაში ყველა დროის ერთ-ერთი წარმატებული კინორეჟისორია. მის მიერ შექმნილ ფერად და ჯადოსნურ სამყაროებში მოგზაურობა რომ შთაბეჭდილებების გარეშე შეუძლებელია, ალბათ დამეთანხმებით, თუმცა ამ სტატიაში არა მიაძაკიზე, არამედ მის მეგობარსა და კომპანიონზე — კომპოზიტორ ჯო ჰისაიშიზე მოგითხრობთ, რომელმაც Studio Ghibli-სთვის არაერთი გასაოცარი კომპოზიცია შექმნა.
Studio Ghibli-ს ფილმებში თვალწარმტაცი სიუჟეტების, მრავალფეროვანი პერსონაჟებისა და ამაღელვებელი ისტორიების გარდა, კიდევ არის რაღაც მომაჯადოებელი, მომნუსხველი, რაც მაყურებლის ყურადღებას იპყრობს და მას ღრმა ემოციებს აღუძრავს. ეს სწორედ ის მუსიკაა, რომლის მიღმაც გენიალური ჯო ჰისაიში დგას. მისი მუსიკა იაპონიის ყველა დროის ყველაზე შემოსავლიან ისეთ ფილმებში ჟღერს, როგორებიცაა: ჩემი მეზობელი ტოტორო (1988), პრინცესა მონონოკე (1997), მოჩვენებების მიერ გატაცებულნი (2001), ჰოულის მოსიარულე კოშკი (2004) და პონიო (2008).
კომპოზიტორის ნამდვილი სახელი და გვარი მამორუ ფუძისავაა — ჯო ჰისაიში მან სასცენო სახელად აიღო, რათა საერთაშორისო საზოგადოებისთვის ადვილად აღქმადი და დასამახსოვრებელი ყოფილიყო. 1950 წელს დაბადებულმა მამორუმ ოთხი წლის ასაკში ვიოლინოზე დაკვრა ისწავლა, სკოლაში კი საყვირზე, ტრომბონსა და საქსოფონზე უკრავდა და პარალელურად დირიჟორობდა.
იმ დროისთვის, როცა ტოკიოს ცნობილი კუნიტაჩის მუსიკალური კოლეჯი დაამთავრა, ჰისაიში გატაცებული იყო ელექტრონული მუსიკით და ამერიკული მინიმალიზმით, რაც კარგად იგრძნობა მის პირველ სოლო ალბომში, MKWAJU (1981). თუმცა, ვფიქრობ, მის შემოქმედებაში განსაკუთრებით საინტერესო Studio Ghibli-სთვის შექმნილი კომპოზიციებია, საიდანაც, ფაქტობრივად, ახალი ეპოქა იწყება.
მიაძაკის და ჰისაიშის კოლაბორაცია
ჰაიაო მიაძაკისთან ხანგრძლივი პარტნიორობის გამო, დასავლეთში ჰისაიშის ხანდახან იაპონიის ჯონ უილიამსადაც მოიხსენიებენ (ეს უკანასკნელი სტივენ სპილბერგთან თანამშრომლობითაა ცნობილი და მისი კომპოზიციები ისეთ საკულტო ფილმებში შეგვიძლია მოვისმინოთ, როგორიცაა, მაგალითად, იურული პერიოდის პარკი და ინდიანა ჯონსი).
ჰისაიში და მიაძაკი ერთმანეთს პირველად 1983 წელს, საერთო მეგობრის მეშვეობით შეხვდნენ. ამ უკანასკნელმა რეჟისორს მისი რიგით მეორე ანიმაციისთვის — პოსტაპოკალიფსური ფენტეზის, ნაუსიკა ქარების ხეობიდან, პარტიტურის დასაწერად ჰისაიშის კანდიდატურა შესთავაზა. შედეგად, ამ ანიმაციისთვის ჰისაიშიმ დრამატული ემოციური რეზონანსის შესაქმნელად მომხიბვლელი ორკესტრული სტილი გამოიყენა. დასარტყამი თუ სიმებიანი საკრავების პროფესიონალური ინტეგრაციით ჰისაიში აღწევს იმას, რომ ნაუსიკას ჰაერში ფრენა და საბრძოლო სცენები სამუდამოდ იწერება მაყურებლის მეხსიერებაში.
ნაწარმოებზე მუშაობის პროცესს კომპოზიტორი ასე იხსენებს: "ვცდილობდი, მეპოვა იმედის გრძნობა… მუსიკა, რომელიც ნელია და რომელიც საშუალებას აძლევს აუდიტორიას, შეიგრძნოს ის, რაც მოქმედებათა შორის სივრცეშია". მართლაც, როცა ეს მუსიკა ჟღერს, თითქოს სამყაროში არსებული ყველა ბოროტება შეჩერებულია და შეგიძლია, მშვიდად იყო.
სწორედ ამ პროექტის მსხვილმასშტაბიანმა წარმატებამ შთააგონა მიაძაკი, 1985 წელს დაეარსებინა Studio Ghibli. მიაძაკის და ჰისაიშის მეგობრობა დღემდე ურყევია, მათი უახლესი თანამშრომლობა 2018 წელს, მოკლემეტრაჟიანი ანიმეს, მუხლუხო ბოროს შექმნისას შედგა.
კარგი საუნდტრეკის თვისება ისაა, რომ ზოგჯერ მის არსებობას გაცნობიერებულად ვერც კი ამჩნევ — განსაკუთრებით მაშინ, თუკი ბავშვი ხარ და ეკრანზე საოცარ პეიზაჟებსა და საინტერესო გმირების თავბრუდამხვევ თავგადასავლებს მიშტერებიხარ. გამოგიტყდებით, Studio Ghibli-ს ანიმაციების პირველად ნახვისას არც მე დავფიქრებულვარ მათ მუსიკალურ გაფორმებაზე. თუმცა როცა ორიოდე წლის წინ ბავშვობაში კარგად ნაცნობი და საყვარელი ანიმეს, მოჩვენებების მიერ გატაცებულნის თავიდან ყურება გადავწყვიტე, ყველაფერი შეიცვალა. სწორედ მაშინ მიიპყრო ჩემი ყურადღება საოცარმა მელოდიამ და მივხვდი, თურმე რატომ მნუსხავდა ბავშვობიდან ეს ანიმაცია. შემდეგ, ჰისაიშის სხვა კომპოზიციებიც მოვისმინე და აღმოვაჩინე, რომ მისი შემოქმედების უდიდესი ნაწილი სწორედ Studio Ghibli-სთანაა დაკავშირებული.
ქვემოთ იმ ორ კომპოზიციაზე მოგიყვებით უფრო დაწვრილებით, რომელთა მოსმენაც მიაძაკის ყველაზე ცნობილ ნამუშევრებში შეგიძლიათ.
მოჩვენებების მიერ გატაცებულნი და იმედის მუსიკა
"ზაფხულის ერთი დღე" — ასე ჰქვია კომპოზიციას, რომელიც ოსკაროსანი ანიმეს, მოჩვენებების მიერ გატაცებულნი, საუნდტრეკია. ამ მუსიკით იწყება პატარა ჩიჰიროს მოგზაურობა სულებისა და უცნაური არსებების სამყაროში, სადაც იგი გზადაგზა სიყვარულს, თანაგრძნობასა და სიმტკიცეს სწავლობს. გამოუცდელი და დამფრთხალი გოგო ყველა იმედს ებღაუჭება, რათა საყვარელი ადამიანები გადაარჩინოს, რასაც მრავალი განსაცდელის მიუხედავად მაინც ახერხებს.
სწორედ ასეთი დამაიმედებელი, ბედნიერი დასასრულის მაუწყებელი ჟღერადობა აქვს ჰისაიშის ამ კომპოზიციასაც. მუსიკა ყველა ისეთ საკვანძო მომენტში ჩნდება, როგორიცაა, მაგალითად, ჰაკუს და ჩიჰიროს ციდან ვარდნა და ჩიჰიროს სულების სამყაროდან დაბრუნება, რაც სიუჟეტს კიდევ უფრო ცოცხალს და ემოციურს ხდის.
ჰოულის მოსიარულე კოშკი და შთაგონების მუსიკა
ჰისაიშის კიდევ ერთი უნიკალური შედევრია "ცხოვრების კარუსელი" (Merry go round of life) რომელიც მან ჰოულის მოსიარულე კოშკისთვის დაწერა. ვისაც ეს ანიმე ნანახი გაქვთ, ალბათ დამეთანხმებით, რომ იგი თვალწარმტაცი პეიზაჟების, ფანტასტიკური პერსონაჟებისა და ზღაპრული მუსიკის საოცარი ნაზავია. აქაც, ისევე როგორც მიაძაკის ბევრ სხვა ანიმაციაში, დაგმობილია ომი და ბოროტება, სიყვარული კი გადარჩენის ერთადერთ გზადაა დასახული. ურჩხულად გარდაქმნილ ჰოულის სოფი სიყვარულის ძალით ადამიანურ საწყისებს უღვიძებს — ეს არის ფილმი საკუთარი თავის ძიების, შიშებთან გამკლავებისა და სიყვარულის პოვნის აუცილებლობის შესახებ, რა თქმა უნდა, კეთილი დასასრულით.
კომპოზიტორმა აქ თხრობის შესატყვისად სხვადასხვა ინსტრუმენტი და მუსიკალური ტექნიკა გამოიყენა. შედეგად, ფილმის მთლიანი სიუჟეტის ცოდნის გარეშეც კი, მსმენელს შეუძლია, ადვილად ამოიცნოს რომანტიკისა და ფანტაზიის ყოვლისმომცველი თემები. საორკესტრო არანჟირების გამოყენებით კომპოზიცია საოცრად ერწყმის ფილმის სიუჟეტს და ემოციური მუხტის გადმოცემით ჩვენც მიაძაკისთვის მნიშვნელოვანი ტრადიციული ღირებულებების გამზიარებლად გვხდის. ჰისაიშიმ ვალსის ლამაზი მელოდიით, რთული რიტმებითა და ჰარმონიებით, კიდევ ერთი საოცარი კომპოზიცია შემოგვთავაზა.
დედამიწის არცერთ წერტილში არ არსებობს იაპონური ანიმაციის მოყვარული, რომელსაც ჰაიაო მიაძაკის სახელი არ გაუგია. აი, ჯო ჰისაიში კი ის ფიგურაა, რომელიც საერთაშორისო — და მათ შორის, ქართული — აუდიტორიისთვის ნაკლებად ცნობილია. არადა, მისი ნამუშევრების გარეშე ჩვენი საყვარელი ანიმეები მათი ახლანდელი ფორმით ხომ ვერ იარსებებდნენ. და ვინ იცის, სხვა მუსიკალური გაფორმებით, იქნებ, მათ ჩვენზე ასეთი გავლენა ვერც კი მოეხდინათ.
თუმცა საკუთრივ იაპონიაში ჰისაიში დიდი წარმატებითა და აღიარებით სარგებლობს. კარიერის განმავლობაში მან რვაჯერ მიიღო იაპონური აკადემიის ჯილდო საუკეთესო მუსიკისთვის. 2009 წელს კი იაპონიის მთავრობამ ის ღირსების მედლითაც დააჯილდოვა ხელოვნებისთვის გაწეული სამსახურისთვის. თამამად შემიძლია ვთქვა — რომ არა ჰისაიში და მისი საოცარი კომპოზიციები, Studio Ghibli-ს ნამუშევრები არ იქნებოდა ისეთი ჯადოსნური და ჰარმონიული, როგორიც არის. ჰისაიშის ყველა კომპოზიცია გამორჩეულად სასიამოვნო და დასამახსოვრებელია, რადგან მათში ხშირად სევდიანი, თუმცა კეთილი დასასრულის მაუწყებელი იმედის ხმა ისმის.
ამიტომ შემდეგ ჯერზე, როცა Studio Ghilbli-ს რომელიმე კლასიკის გადამეორებას გადაწყვეტთ, ჩემი რჩევა იქნება, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოთ ამბის ფონად გაჟღერებულ მელოდიებს — გპირდებით, რომ ამ გზით მიაძაკისა და ჰისაიშის საოცარ სამყაროში ახალ სამოგზაურო ადგილებს აღმოაჩენთ.
კომენტარები