19 ნოემბრის მთვარის ნაწილობრივი დაბნელება ამ საუკუნეში ყველაზე ხანგრძლივი იქნება
19 ნოემბერს მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში მცხოვრები მოსახლეობა მთვარის ნაწილობრივ დაბნელებას იხილავს, რომელიც ამ საუკუნეში ყველაზე ხანგრძლივი იქნება. NASA-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ის 3 საათს, 28 წუთსა და 23 წამს გასტანს.
დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის დაბნელების პროცესი თბილის დროით 11:19 საათზე დაიწყება, პიკს 13:00 საათზე მიაღწევს და 14:47 საათზე დასრულდება. მას მეორენაირად თახვის მიკრომთვარეს უწოდებენ, რადგან ის ამ ეტაპზე, საკუთარ ორბიტაზე მოძრაობისას, ჩვენი პლანეტისგან მაქსიმალურად შორ მანძილზეა განლაგებული (სწორედ ამის გამო მოიხსენიებენ მიკრომთვარედ). ასევე, ზემოხსენებული ფენომენი თახვებზე ნადირობის სეზონს ემთხვევა (სამწუხაროდ, თახვებზე ნადირობის სეზონი არსებობს).
მთვარის ნაწილობრივი დაბნელება ხდება მაშინ, როცა მასა და მზეს შორის დედამიწა ექცევა, რომელიც ობიექტის ზედაპირს ჩრდილავს. 19 ნოემბერს ციური სხეულის დისკოს დაახლოებით 97 პროცენტი ჩაბნელდება, რაც, ჰოლკომბის ობსერვატორიის ცნობით, არა მხოლოდ ამ საუკუნეში, არამედ უკანასკნელ 580 წელში დაფიქსირებულ მსგავს მოვლენებთან შედარებით, ყველაზე დიდხანს გაგრძელდება.
ჩვენი პლანეტის თანამგზავრი მუქ მოწითალო ფერს მიიღებს, რაც იმითაა განპირობებული, რომ მზის სხივები მის ზედაპირზე პირდაპირ დაცემის ნაცვლად, იქამდე დედამიწის ატმოსფეროს გავლით მიაღწევენ. ეს აირადი გარსი მოკლე ტალღების მქონე, ცისფერი სპექტრის სინათლეს ბლოკავს, ნარინჯისფერსა და მოწითალოს კი — არა.
მთვარის ნაწილობრივი დაბნელება გამოჩნდება ჩრდილოეთ ამერიკიდან, წყნარი ოკეანის მიმდებარე ტერიტორიიდან, ალასკიდან, დასავლეთ ევროპიდან, აღმოსავლეთ ავსტრალიიდან, ახალი ზელანდიიდან და იაპონიიდან. სამწუხაროდ, ამ დროს ჩვენთან ციური სხეული ჰორიზონტის დაბლა იქნება, ამიტომ მას ვერ ვიხილავთ. სანახაობას გამოაკლდებიან აფრიკასა და შუა აღმოსავლეთშიც.
კომენტარები