კორეული თრილერი ვალებში ჩაფლული იმ ადამიანების ისტორიას მოგვითხობს, რომლებიც დიდი საპრიზო თანხის მისაღებად ბავშვური თამაშების სასიკვდილო შეჯიბრში ერთვებიან. კალმარის თამაში გამოშვებისას ნეტფლიქსის ყველაზე პოპულარულ სერიალად იქცა. ის 28 დღის განმავლობაში 111-მა მილიონმა ადამიანმა ნახა და ამ მონაცემით სერიალმა პირველობა ბრიჯერტონს ჩამოართვა. ამით ნათელი გახდა, რომ მსოფლიოს გარშემო მაყურებლებმა კორეულ დრამებს მწვანე შუქი აუნთეს.

კალმარის თამაშის პოპულარობის უეცარი ზრდა დასავლეთზე თავს დამტყდარი კორეული კულტურული ცუნამის უკანასკნელ ტალღას წარმოადგენს. შოუ კორეული პოპჯგუფების, BTS-ისა და Blackpink-ის და ჰოლივუდში დაფასებული ოსკაროსანი ფილმების, პარაზიტისა და მინარის მიერ მიღწეული წარმატებების გამგრძელებელია.

პაკ ჰე-სუ და ლი ჯონ-ჯე კალმარის თამაშის მთავარი როლების შემსრულებლები არიან.

ფოტო: Netflix

თუმცა, კორეული კულტურით გამოწვეული გადატრიალება ერთ ღამეში არ მომხდარა. მიუხედავად იმისა, რომ კორეული დრამა მსოფლიო მაყურებლებისთვის ახლახან გახდა ცნობილი, ის უკვე ათწლეულებია, რაც აზიაში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

1990-იან წლებში ქვეყანაში ლიბერალიზმის გავრცელებასთან ერთად, გასართობ ინდუსტრიაში თანხის დიდი რაოდენობით დაბანდებაც დაიწყო. იაპონიის ეკონომიკური კრიზისისა და ჩინეთის გაძლიერების ფონზე სამხრეთ კორეის კულტურა წელში იმართებოდა. ის აზიის აუდიტორიას აშშ-ის შოუებზე უფრო მშობლიურ და, ამასთან, პეკინისთვის მორალურად უფრო მისაღებ ტელევიზიას სთავაზობდა.

მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ამ ტენდენციამ იაპონიის, როგორც აზიური კულტურის მოწინავე ქვეყნის, სტატუსს წყალი შეუყენა. მაგალითად, 2003 წელს გამოსულმა კორეულმა დრამამ, ზამთრის სონატა, იაპონელი მაყურებლების 20% დააინტერესა. 2011 წელს კორეული კულტურისა და ინფორმაციის სერვისის მიერ ჩატარებული კვლევა კი გვაუწყებს, რომ "მრავალ აზიურ ქალაქში კორეული დრამები გავლენას ახდენს ცხოვრების წესსა და მომხმარებელთა ქცევაზე, რაც მეტყველებს მათ კულტურულ მიმზიდველობაზე".

პარაზიტის წარმატება

ბონგ ჯუნ ჰომ ფილმით, პარაზიტი, 2020 წლის ოსკარების ცერემონიაზე წლის ფილმის, საუკეთესო რეჟისორისა და საუკეთესო ორიგინალური სცენარის ნომინაციებში გაიმარჯვა.

ფოტო: Getty Images

რაც შეეხება გლობალურ ინტერესს, ის მას შემდეგ გაიზარდა, რაც Viki-სა და DramaFever-ის მსგავსმა საიტებმა მომხმარებლებს კორეული კონტენტის ყურების საშუალება ონლაინ, ლეგალურად და ინგლისური სუბტიტრებით მისცეს. ამ გზით ბოლო ათწლეულში კორეული დრამები სრულიად ახალი საზოგადოებისთვის გახდა ხელმისაწვდომი.

ამ წყაროების პოპულარობის ზრდასთან ერთად, კორეული დრამით ჰულუ და ნეტფლიქსიც დაინტერესდა და მათ ამ შოუების თავიანთ პლატფორმებზე განსათავსებლად ხელშეკრულებების გაფორმება დაიწყეს. შედეგად, 2018 წლიდან მოყოლებული სტრიმინგ სერვისების სულ უფრო მეტი გამომწერი მიეჯაჭვა მრავალფეროვანი სიუჟეტების მქონე კორეულ დრამებს, რომლებიც ყოველდღიური სტრესისგან კომფორტულ გასაქცევს წარმოადგენს.

2019 წელს გადაღებული კორეული დრამის, სიყვარულის ავარიული დაშვების წარმატება (ის იაპონიაში 229 დღის განმავლობაში რჩებოდა პოპულარული სერიალების ათეულში, ხოლო აშშ-ში 2020 წლის 21-დან 27 მარტამდე ნეტფლიქსის რიგით მეექვსე ყველაზე ბევრჯერ ნანახი შოუ იყო) დაემთხვა პარაზიტის საეკრანო წარმატებას, რამაც ამ ქვეყნის პოპკულტურისადმი ინტერესი კიდევ უფრო გააღვივა.

პანდემიის დაწყების შემდეგ დასავლური გასართობი ინდუსტრია, ფაქტობრივად, ადგილზე გაიყინა, კორეული დრამებით შეპყრობამ კი იმატა. ნეტფლიქსმა განაცხადა, რომ აზიის ფარგლებში კორეული კონტენტის პოპულარობა 2019 წელთან შედარებით 2020 წელს ოთხჯერ გაიზარდა.

ჯი ჩან-უკი კორეული დრამების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვარსკვლავია.

ფოტო: Getty Image

ლონდონში მცხოვრები კორეული დრამების ფანატი, მწერალი ტეილორ-დიორ რამბლი ამ ტენდენციას შემდეგნაირად განმარტავს: "ყველაზე პოპულარული კორეული დრამები, როგორც წესი, ჰიპერსტილიზებული, მიმზიდველი და რეალობისგან ერთობ დაშორებულია, რაც მათ ესკაპიზმის საუკეთესო საშუალებად აქცევს. სტრესული ბოლო რამდენიმე წლის შემდეგ ხალხს განსაკუთრებით იზიდავს გულის გამთბობი სიუჟეტები".

მართალია, კორეული დრამის მნიშვნელოვანი ნაწილი ბოლივუდური სტილისთვის დამახასიათებელი პროგნოზირებადი სიუჟეტებით გამოირჩევა, თუმცა რამბლი ამტკიცებს, რომ მათ გვერდით ასევე არსებობს "მრავალფეროვანი შოუები უნიკალური იდეებით და მოვლენების მოულოდნელი განვითარებით. ეს ისაა, რასაც თითქმის ვერასდროს ვიღებთ ბრიტანული და ამერიკული ტელეარხებიდან. კორეული შოუების დიაპაზონი ფენტეზიდან სამეცნიერო ფანტასტიკამდე და მძაფრსიუჟეტიანიდან თრილერამდე ჟანრებს მოიცავს".

ამ ფართო სპექტრის მიმზიდველობას ხელს უწყობს ოჯახურ-მეგობრული ტონი. "სერიალებში პრაქტიკულად არ ჩანს სიშიშვლე ან სქესობრივი კავშირი", — გვიხსნის რამბლი, — "კორეული საზოგადოება ერთობ კონსერვატიულია, რაც ხელს უწყობს იმას, რომ მათი შოუები არაერთი კულტურის წარმომადგენლისთვის იყოს მისაღები და მოსაწონი".

ძვირადღირებული სპეცეფექტების და აღმაფრთოვანებელი სასცენო რეჟისურის გარდა, ეს დრამები გვთავაზობს "მდიდარ და სასიამოვნო გამოცდილებას, რასაც სხვაგან ვერსად შეიგრძნობ", — ამბობს რამბლი და ურთავს, რომ "კორეული დრამები ასევე ასახავს მსოფლიო პრობლემებს, რომლებიც ახალგაზრდა თაობებისთვის განსაკუთრებით აქტუალურია. მდიდარ და ღარიბ სოციალურ ფენებს შორის სხვაობა უფრო და უფრო იზრდება და უთანასწორობაც მატულობს. ამის ფონზე პარაზიტის მიერ ეკონომიკური უსამართლობის ღიად მხილებამ მრავალ კორეელზე იმოქმედა".

მისი აზრით, კალმარის თამაშიც — სისხლიანი, შოკისმომგვრელი სცენების მიღმა — ანალოგიურ თემებზე მიანიშნებს: "ის მრავალ საკითხს წამოჭრის — მათ შორისაა, სესხი და ოჯახის შენახვის პრობლემა, რაც, გარკვეულწილად, პანდემიისგან გამოჯანმრთელების მცდელობაში ჩაფლული მთლიანი სამყაროსთვის მნიშვნელოვანი თემებია, რადგან ეს პერიოდი წარმოუდგენლად რთული აღმოჩნდა მრავალი ადამიანისთვის".

თუ კალმარის თამაშების შემდეგ აღარ იცით, რას უყუროთ, მაშინ ამ ხუთ კორეულ დრამას გირჩევთ:

1. სიყვარულის ავარიული დაშვება (რომანტიკული სიუჟეტების მოყვარულთათვის)

ფოტო: tvN / Netflix

ტორნადო, პარაპლანის ჩამოვარდნა და სიყვარულის მიერ ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის გადებული ხიდი — არ არსებობს ამაზე უკეთესი გზა კორეული დრამების გასაოცარი და მშვენიერი სამყაროს გასაცნობად.

მულტიმილიონერი იუნ სე რი კორეული სილამაზის ინდუსტრიის მაგნატი და პროფესიონალი პარაპლანით მფრინავია. შტორმში მოყოლის შემდეგ ის მიწაზე ავარიულად ეშვება და მილიტარიზებულ ზონაში გამომწყვდეული ეგება გონს. საბედნიეროდ, მას კაპიტანი რი, კეთილი გულის მქონე ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცი პოულობს.

ასე იწყება უიღბლობისთვის განწირული სიყვარულის ისტორია, რომელიც ინტრიგებით, პოლიტიკური ქვეტექსტებითა და სასიამოვნო იუმორითაა გაჯერებული.

2. ვინჩენცო (განგსტერული სერიალების მოყვარულთათვის)

ფოტო: CJ E&M / Netflix

ვინჩენცო კაზანო იტალიელი მაფიოზის ადვოკატი და პირადი მრჩეველია. მშობლიურ კორეაში დაბრუნებული, კაზანო მიზანში იღებს კორუფციაში ჩაფლულ ბიზნესმენს, მის ჯალათებს და სხვა ბოროტმოქმედებს. ამავდროულად ის მხარს უჭერს ადგილობრივ ბიზნესს და კანონის ორივე მხარეს სამართლიანობის დამცველად გვევლინება.

სერიალი კრიმინალური, განგსტერული და ლეგალური დრამების სიყვარულითაა შთაგონებული და საოცრად ჩამთრევი სცენარით გამოირჩევა.

3. სამეფო (ისტორიული დრამის და ჰორორის მოყვარულთათვის)

ფოტო: Netflix

თუ გსურთ, უყუროთ ისტორიულ დრამას ზომბებზე, მაშინ ეს სერიალი თქვენთვისაა. სამეფო მე-17 საუკუნის მოვლენებს მოგვითხრობს: ტახტის კანონიერ მემკვიდრე ლი ჩანგს უწევს დაუპირისპირდეს ზომბებს, რომლებიც მას სამეფოს წართმევით ემუქრებიან.

4. მემკვიდრეები (კარდაშიანების მსგავსი შოუების ფანებისთვის)

ფოტო: Seoul Broadcasting System

მემკვიდრეები მდიდარი ახალგაზრდების მეგობრობის, შუღლის და სასიყვარულო ურთიერთობების შესახებ მოგვითხრობს. ამ შოუში მრავლადაა სასიყვარულო სამკუთხედები და მოვლენათა ისეთი განვითარება, როგორზეც კარდაშიანები მხოლოდ თუ იოცნებებდნენ.

5. ძლიერი ქალი დო ბონ-სუნი (სუპერგმირების მოყვარულთათვის)

ფოტო: JTBC

ახალგაზრდა ქალს, დო ბონ-სუნს მემკვიდრეობით ჰალკის მსგავსი ძალა გადაეცა. მიუხედავად მცდელობისა, დაემალა საკუთარი იდენტობა და ჩვეულებრივ მოკვდავთა უსაფრთხო ცხოვრებით ეცხოვრა, მის საიდუმლოს ნათელი მაინც ეფინება. ამ შემთხვევიდან მალევე ის იწყებს დანაშაულთან მებრძოლთა გუნდის ჩამოყალიბებას, რომელიც თავისუფლად უწევს კონკურენციას X-Men-ის ან Marvel/DC-ის სხვა ნებისმიერ სუპერგმირულ გაერთიანებას.