როგორი შეგრძნებაა, გქონდეს ჰალუცინაცია? — მეცნიერებმა ამ კითხვას კვლევით უპასუხეს
ერთ-ერთ კვლევაზე დაყრდნობით, დაახლოებით 20-დან 1 ადამიანს ცხოვრებაში მინიმუმ ერთხელ მაინც ჰქონია ჰალუცინაცია, რომელიც ალკოჰოლისა თუ ნარკოტიკების მოხმარებას არ უკავშირდებოდა და არც სიზმარი ყოფილა.
მეცნიერებს სურდათ დაედგინათ, თუ რა ტიპის ფიზიკური შეგრძნებები უვითარდებათ ფსიქოზის მქონე ადამიანებს ჰალუცინაციების ქონისას, ამისათვის კი "სხეულის რუკათა" სერიები შექმნეს.
როგორც წესი, მკვლევრები აქამდე უნიმოდალურ — ანუ ერთ მოდალობაში მიმდინარე — ჰალუცინაციებზე ამახვილებდნენ ყურადღებას, როგორიცაა, მაგალითად, სმენითი ჰალუცინაციები, ახალი კვლევის ავტორები კი ამბობენ, რომ მულტიმოდალური ჰალუცინაციები, რომლებიც სენსორულ, ემოციურ და სხეულებრივ შეგრძნებებს მოიცავს, სინამდვილეში იმაზე ხშირია, ვიდრე წარმოგვედგინა.
ავტორებმა ფსიქოზური სპექტრის დიაგნოზის მქონე 12 ადამიანს სთხოვეს, ყოველდღიური ჰალუცინაციები ერთი კვირის განმავლობაში აღერიცხათ. ამისათვის თითოეული მონაწილე დღიურით უზრუნველყვეს, რომლის თითოეულ გვერდზე სხეულის რუკა გახლდათ გამოსახული, მათ კი შიგნით ხატვისა და შენიშვნების დართვის საშუალება მიეცათ.
მიგნებები ჟურნალ EClinicalMedicine-შია გამოქვეყნებული, მეცნიერები კი გვიხსნიან, რომ თითოეულ მონაწილეს დღეში მინიმუმ ერთი ჰალუცინაცია ჰქონდა, ყოველი აღრიცხული ჰალუცინაცია კი სხეულებრივ შეგრძნებებთან ერთად ვითარდებოდა.
"ჰალუცინაციებს ერთბაშად წარმოშობილი არაერთი შეგრძნება ახასიათებდა, რაც ხშირად მულტიმოდალურ, ემოციურ და სხეულებრივ შეგრძნებებში გამოხატულ დეტალებსაც მოიცავდა", — წერენ ისინი — "შეგრძნებები მთელს სხეულს მოიცავდა და სხეულის მიღმა, პერიპერსონალურ სივრცეშიც ვრცელდებოდა".
მათი თქმით, ჰალუცინაციათა თანმდევი ყველაზე ხშირი ემოციები დაბნეულობა, შიში და ფრუსტრაცია გახლდათ.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ პაციენტებს შორის ფიზიკურ შეგრძნებათა ანატომიური ადგილმდებარეობები მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან, თუმცა ადამიანებს, როგორც წესი, პერიოდულად განმეორებადი შეგრძნებები ერთსა და იმავე ადგილებში უვითარდებოდათ, რაც სხეულის კონკრეტულ ნაწილებში ტკივილით, შეხურებით ან დაძაბულობით გამოიხატებოდა.
პაციენტები ფეხების დაბუჟებას, ასევე შეხების ან მხრებზე დაწოლის შეგრძნებასა და კისრისა თუ კეფის დაძაბულობასაც ახსენებდნენ.
კვლევის ავტორებმა მიღებული მონაცემები გააერთიანეს და უჩვეულო მულტიმოდალური სენსორული გამოცდილების (MUSE) 42 რუკა შექმნეს, რომლებიც ჰალუცინაციებისას წარმოშობილი მულტიმოდალური შეგრძნებების ამ დროისათვის ყველაზე დეტალურ აღწერას გვთავაზობს.
"კვლევის წყალობით შევძლებთ, ჰალუცინაციების ბუნება უკეთ გავიგოთ და მხარი დავუჭიროთ ადამიანებს, რომლებიც მათ განიცდიან. სამომავლოდ ვგეგმავთ, რომ ჰალუცინაციებისაგან გამოწვეული ფიზიკური შეგრძნებები უკეთ გავიგოთ სხვადასხვა პოპულაციებშიც და დასახმარებლად ჩარევის მეთოდოლოგია შევიმუშაოთ", — ხსნის დოქტორი ქეთი მელვინი, კვლევის ავტორი.
მკვლევრების თქმით, ჰალუცინაციათა ბუნების უკეთ გაგება შესაძლოა, სხეულზე ორიენტირებული თერაპიების განვითარებაში დაგვეხმაროს, როგორიცაა, მაგალითად სუნთქვითი მედიტაცია ან მუსიკაზე აგებული მეთოდები.
კომენტარები