ხელოვნური ინტელექტი ვეშაპებთან ლაპარაკის საშუალებას მოგვცემს
მეცნიერთა ინტერდისციპლინარულმა ჯგუფმა დაიწყო ახალი პროექტი, რომლის მიზანიც ვეშაპების ხმების გაშიფვრა და მათთან კომუნიკაცია იქნება.
Hakai Magazine-ის მიხედვით, პროექტს CETI(Cetacean Translation Initiative) ერქმევა და მის ფარგლებში მეცნიერები შეეცდებიან შექმნან ისეთი ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ვეშაპების ენის გაგებას შეძლებს. უფრო კონკრეტულად, მეცნიერებს კაშალოტების საკომუნიკაციო ენის გაშიფვრა სურთ, ის უცნაურ ტკაცუნისებრ ხმას გამოსცემს.
მეცნიერთა ჯგუფი ვეშაპების ენის გასარჩევად ბუნებრივი ენის დამუშავების მეთოდსა (NLP) და ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებს, რომელიც სასაუბრო ენისა და დამწერლობის ანალიზზე იქნება ორიენტირებული. გუნდმა უკვე მოარგო კაშალოტების ხმის ჩანაწერი NLP ალგორითმს და მათი მტკიცებით, შედეგები ძალიან დამაიმედებელია.
"ალგორითმის მუშაობით კმაყოფილები ვართ, ის გარკვეულ მარტივ სამუშაოებს უკვე ძალიან კარგად უმკლავდება" — ამბობს მიხაელ ბრონშტეინი, პროექტ CETI-ს მანქანური დასწავლის უფრო Hakai-სთან საუბარში.
გუნდის მიზანი ნამდვილად დიდებულია, თუმცა წინ ბევრი სირთულეა — მეცნიერებს ძალიან დიდი ზომის ინფორმაციის შეგროვება სჭირდება.
CETI-ს ფარგლებში დაგეგმილია ვეშაპების ხმის 4 მილიარდი ეგზემპლარის შეგროვება. თუმცა, ამ რიცხვებისგან ჯერ ძალიან შორს ვართ. ჯგუფი თავდაპირველად იმ 100 000 ნიმუშს გამოიყენებს, რომელიც Dominica Sperm Whale Project-ის ფარგლებში შეგროვდა. მაგალითისთვის, GTP-3-ის განსავითარებლად 175 მილიარდი სიტყვა გამოიყენეს. ეს უკანასკნელი კი მანქანური დასწავლით შექმნილი ყველაზე ძლიერი ენის გამშიფრავია.
მკვლევრებს ასევე ევალებათ, რომ ვეშაპებისგან მიღებული ბგერები კონტექსტს მოარგონ, რადგან უკონტექსტო საუბარს არც მნიშვნელობა აქვს. ამისათვის ჯგუფს წლობით მუშაობა დასჭირდება.
"თუ ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ ჩვენს თვალწინ არსებობს მთლიანი ცივილიზაცია, რომელსაც საუბარი შეუძლია, ეს რადიკალურად შეცვლის ჩვენს ქცევას ბუნებისადმი" — ამბობს ბრონშტეინი.
პროექტ CETI-ს წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, დიდი ალბათობით, მეცნიერები შეძლებენ ჩვენთვის გასაგებ ენაზე აღადგინონ ვეშაპების მიერ გამოცემული ბგერები და ამგვარად ახალ "ვეშაპურ" ენასაც მივიღებთ.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.
კომენტარები