ჩვენს მზის სისტემაში "გიგანტური კოსმოსური ვულკანი" მოძრაობს, რომელიც ახლახან ამოიფრქვა
ჩვენს მზის სისტემაში, სატურნსა და იუპიტერს შორის განლაგებულ ორბიტაზე "გიგანტური კოსმოსური ვულკანი" გადაადგილდება, რომელიც ახლახან ამოიფრქვა და გარემომცველ სივრცეში ე.წ. კრიომაგმა გამოათავისუფლა. უკანასკნელ 40 წელიწადში ეს ყველაზე მძლავრი ამოფრქვევა იყო.
ეს ობიექტი 29P-ის, იგივე Schwassmann-Wachmann 1-ის სახელით ცნობილი ყინულოვანი კომეტაა, რომელიც მზის გარშემო 41 836 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს. 60 კილომეტრი სიგანის მგონე ასტრონომიული სხეული ვულკანური აქტიურობით გამოირჩევა. მასზე ამოფრქვევები წელიწადში დაახლოებით 20-ჯერ ფიქსირდება.
ბოლოს ასეთი მოვლენა მიმდინარე წლის სექტემბრის მიწურულს და ოქტომბრის დასაწყისში, საერთო ჯამში 4-ჯერ აღინიშნა, რაც სპეციალისტებმა სულ რაღაც 56-საათიანი დაკვირვების ფარგლებში შენიშნეს.
29P-ის აქტიურობისას კოსმოსში ტიპური მაგმა არ იტყორცნება, არამედ კრიომაგმა, რომელიც ცივი ნახშირწყალბადებისგან, მათ შორის მეთანისა და ეთილენისგან შედგება. ასტრონომთა განცხადებით, ობიექტის ზედაპირი ცვილის მსგავსი კონსისტენციისაა. მასზე ნაპრალების გაჩენისას აზოტისა და ნახშირბადის მონოქსიდისგან ფორმირებული აირები მაღლა ამოდიან და იფრქვევიან, რისი დანახვაც დედამიწიდანაცაა შესაძლებელი.
სექტემბრიდან მოყოლებული, კომეტის სიკაშკაშე 250-ჯერ გაიზარდა, ამიტომ ცაზე მის დასანახად ახლა საუკეთესო პერიოდია. აღსანიშნავია, რომ ის ჩვენი პლანეტისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, რადგან ჩვენგან 700 მილიონი კილომეტრითაა დაშორებული.
კომენტარები