ქირურგებმა გენმოდიფიცირებული ღორის თირკმელი ადამიანზე წარმატებით გამოსცადეს
უკვე ათწლეულებია, რაც მეცნიერები ცხოველებისგან ადამიანთათვის ორგანოთა გადასანერგად ეძიებენ გზებს, ამას კი უკვე ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით — ქირურგებმა ადამიანს ღორის თირკმელი მიამაგრეს, შემდეგ კი მის ამუშავებას დააკვირდნენ.
სულ ახლახან ორგანოთა დეფიციტის პრობლემის მოსაგვარებლად ღორებს იკვლევდნენ, თუმცა მათ უჯრედებში არსებული შაქარი, რომელიც ადამიანის სხეულისათვის უცხოა, ორგანოს უკუგდებას დაუყოვნებლივ იწვევს. ექსპერიმენტში მონაწილე თირკმელი გენეტიკურად მოდიფიცირებულ ცხოველს ეკუთვნოდა, რომელიც ამ შაქრისა და იმუნური რეაქციის თავიდან ასაცილებლად შექმნეს.
ასევე იხილეთ: მსოფლიოში პირველად, ქალს ახალი თაობის, სრულად ხელოვნური გული ჩაუდგეს.
ქირურგებმა ღორის თირკმელი უზარმაზარ სისხლძარღვთა წყვილს მიუერთეს მკვდარი რეციპიენტის სხეულს გარეთ, ნამოქმედარს კი ორი დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ. მცდელობა წარმატებით დასრულდა — სხეულმა თირკმელი მიიღო, ხოლო მან კი ეფექტურად შეძლო მუშაობა.
"იგი სრულებით ნორმალურად ფუნქციონირებდა", — განაცხადა დოქტორმა რობერტ მონტგომერიმ, რომელიც სექტემბერში NYU ლანგონის სამედიცინო ცენტრში ქირურგიულ გუნდს წარუძღვა — "უკუგდების საკითხი გვაწუხებდა, თუმცა მას ეს არ განუცდია".
ქსენოტრანსპლანტაციის ისტორია
ქსენოტრანსპლანტაციის, იგივე ცხოველისგან ადამიანისთვის ორგანოთა გადანერგვის სურვილმა მე-17 საუკუნიდან აიღო სათავე, როდესაც გადასხმებში ცხოველების სისხლის გამოყენებას ცდილობდნენ. უკვე მე-20 საუკუნისათვის, ქირურგები ადამიანებისთვის პავიანთა (მაიმუნი) ორგანოების გადანერგვას ცდილობდნენ. ამის ერთ-ერთი მაგალითი ბეიბი ფეი, იგივე სტეფანი ფეი ბეკლერი გახლდათ — მომაკვდავი ჩვილი, რომელმაც პავიანის გულით 21 დღის განმავლობაში იცოცხლა.
მეცნიერები პრიმატებიდან ღორებზე გადავიდნენ, სახეობებს შორის განსხვავებათა შესამცირებლად კი მათი გენები შეცვალეს.
ამ კუთხით, ღორებს მაიმუნებთან შედარებით არაერთი უპირატესობა აქვთ: ღორებს საკვებად ზრდიან, ამიტომაც ორგანოთა გადანერგვისათვის მათი გამოყენება ეთიკის კუთხით ნაკლებ პრობლემას წარმოშობს; ისინი ერთბაშად ბევრ ნაშიერს აჩენენ, მაკეობის ხანმოკლე პერიოდი ახასიათებთ, ორგანოებით კი ადამიანებს წააგვანან.
ღორის გულის სარქვლებს ადამიანებში ათწლეულების განმავლობაში იყენებდნენ; ამ ცხოველის ნაწლავებიდან მოიპოვებენ სისხლის გამათხელებელ ჰეპარინს; დამწვრობის დროს ღორის კანის ცოცხალ ქსოვილებს უნერგავენ ადამიანებს; ჩინელ ქირურგებს კი მისი რქოვანაც გამოუყენებიათ მხედველობის აღსადგენად.
გენმოდიფიცირებული ღორები და ეთიკა
NYU-ის შემთხვევაში, მკვლევრებმა დაღუპული ქალის სხეული ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გააჩერეს მას შემდეგ, რაც ოჯახი ექსპერიმენტზე დათანხმდა. ქალს მისი ორგანოების გაცემა უნდოდა, თუმცა ტრადიციული დონაციისათვის ისინი შეუსაბამო აღმოჩნდა.
ტრანსპლანტატისთვის შესაფერის ორგანოთა შექმნის შანსი რამდენიმე ბიოტექნოლოგიურ კომპანიას აქვს, ეს კი ორგანოთა დეფიციტის მძიმე პრობლემას შეამსუბუქებს — შეერთებულ შტატებში 90 ათასზე მეტი ადამიანი უცდის თირკმელს, ლოდინისას კი ყოველდღიურად 12 ადამიანი იღუპება.
ცხოველების კუთხით, წინსვლა Revivicor-ის, United Therapeutics-ის შვილობილი კომპანიის გამარჯვებას წარმოადგენს, რომელმაც 100 ასეთი ღორი შექმნა და აიოვაში მკაცრად კონტროლირებად პირობებში გაზარდა.
ღორებს ალფა-გალაქტოზიდაზის წარმომქმნელი გენი აკლიათ, ეს შაქარი კი ადამიანის იმუნური სისტემის მხრიდან დაუყოვნებელ თავდასხმას იწვევს.
შეერთებული შტატების საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) დეკემბერში დაადასტურა, რომ Revivicor-ის გენმოდიფიცირებული ღორები კვებისთვის და სამედიცინო მიზნებით გამოსაყენებლად სახიფათო არ არის. მიუხედავად ამისა, FDA-მ ისიც დაამატა, რომ ამის ორგანიზატორებს ცოცხალი ადამიანებისთვის ღორის ორგანოთა გადანერგვამდე ოფიციალური საკითხების მოგვარება კიდევ დასჭირდებათ.
"ეს ქსენოტრანსპლანტაციის პოტენციალის გააზრებაში მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. არც ისე შორ მომავალში, მეთოდი ათასობით სიცოცხლეს გადაარჩენს წლიურად", — განაცხადა United Therapeutics-ის მთავარმა აღმასრულებელმა, მარტინ როთბლატმა.
ექსპერტთა თქმით, ამგვარი ექსპერიმენტების შედეგად შეიძლება, ღორის თირკმელებისა თუ გულის გადანერგვა ცოცხალ ადამიანებშიც მოხერხდეს.
როგორც კარენ მასკე, ჰასტინგის ცენტრის მეცნიერი თანამშრომელი აღნიშნავს, ორგანოთა დონორობისათვის ღორების აღზრდა ზოგისთვის არაეთიკურად ჟღერს, თუმცა შესაძლოა, მეტად მისაღები გახდეს, თუკი ცხოველთა კეთილდღეობის საკითხსაც შესაბამისად მიუდგებიან. მასკე პირველი კლინიკური კვლევებისთვის ეთიკისა და სამოქმედო პოლიტიკის რეკომენდაციების შემუშავებაში შეიტანს წვლილს.
"კიდევ ის იქნება სადავო: უნდა გავაკეთოთ თუ არა ეს მხოლოდ იმიტომ, რომ შეგვიძლია?" — თქვა მან.
კომენტარები