რიგში დგომა ჩვენი სოციალიზაციის განუყოფელი ნაწილია. გვსურს თუ არა, ყოველდღიურად სხვადასხვა ტიპის რიგში გვიწევს დგომა და თან ისე, რომ ამას შეიძლება ვერც ვაცნობიერებდეთ. მიუხედავად იმისა, რომ საყოველთაოდ გაწერილი რიგის კანონები არ არსებობს, ადამიანთა უმეტესობა დაუწერელ კანონებს პასუხისმგებლობით ეკიდება.

თუმცა, როგორც ლათინური სენტენცია გვეუბნება, არ არსებობს წესი გამონაკლისის გარეშე და ქართველები ვისზე ნაკლები ვართ, რიგის დასარღვევად გამონაკლისი შემთხვევების პოვნას თავი რომ ვერ გავართვათ. სტატიაში სწორედ ასეთ "გამონაკლის" შემთხვევებზე ვისაუბრებ, თუმცა არ არის რეკომენდებული, რომ თავადაც გაიმეოროთ.

1. "ჩემზე იცის"

ფოტო: Giphy


სამსახურის შემდეგ დაღლილს, მოშივებულსა და დასვენებაზე მეოცნებეებს, ალბათ, რამდენჯერ გვიფიქრია იმ ჯადოსნური კომბინაციის შესახებ, რომელიც გრძელი რიგის სათავეში მოგვახვედრებდა. ქართველებს კი საამისოდ არც ყვავი ჩხიკვის მამიდის მოძებნა გვიჭირს და სუპერშესაძლებლობის ფრაზაც გვაქვს: "ჩემზე იცის".

თუ ჯერ არ გქონიათ შემთხვევა, მაშინ გამოცდილ ადამიანებს დაგვიჯერეთ, რომ ეს ფრაზა ნამდვილად მუშაობს და თქვენი რიგში დგომა საათობით შეიძლება გაიწელოს, რადგან ერთ-ერთ ადამიანზე "იციან". აი, თქვენ კი დაბრძანდით და დაელოდეთ.

2. "5 წუთის საქმე მაქვს"

ფოტო: Laurel Thomson

ჯადოსნური ფრაზები მხოლოდ ამით არ ამოიწურება და მეორე ასე ჟღერს: "ხუთი წუთის საქმე მაქვს". ამ მოვლენას უფრო ხშირად საავადმყოფოებსა და სხვადასხვა მიმართულების ექიმებთან რიგის დროს ვაწყდებით. შენ რიგში ღირსეულად დგები, მიუხედავად იმისა, სიკვდილ-სიცოცხლის ამბის გასაგებად ხარ თუ არა მისული.

თუმცა ვიღაცას მხოლოდ "ხუთი წუთის საქმე აქვს" ან "რაღაც უნდა ჰკითხოს". ამ დროს შენი შინაგანი მორალი გკარნახობს, რომ მხოლოდ ერთი შეკითხვის გამო რიგში დგომა უსამართლობაა და თავაზიანად უთმობ. ერთი საათის შემდეგ კი, როცა ხუთი წუთის საქმე ჩვეულებრივ მთავრდება, მათი მზერის ღირსიც აღარ ხარ.

3. "თქვენ შემდეგ მე ვარ და ახლავე მოვალ"

ფოტო: Tenor

დრო ტყუილად რატომ უნდა დაკარგოთ, თუ რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთება შეგიძლიათ? თუ ამისი შესაძლებლობა გვაქვს, მაშინ დროის კარგვა ირაციონალური გადაწყვეტილება იქნება. მაგრამ იქნებ რამდენიმე ადგილასაც ერთდროულად ყოფნა მოვახერხოთ? ამ კითხვაზე თქვენ შეიძლება დაეჭვდით და ამოწმებთ ფიზიკის კანონებში ბოლო დროს რამე ხომ არ შეიცვალა.

თუმცა ქართველების ნაწილმა ზუსტად იცის, რომ არა ორ, არამედ ოთხ ადგილასაც კი ერთდროულად შეუძლია ყოფნა. ამის მისაღწევად კი უკვე ამ ჯადოსნურ ფრაზას ვიყენებთ: "თქვენ შემდეგ მე ვარ და ახლავე მოვალ". ასე კი, როცა რიგში ხუთ ადამიანს ვხედავთ, რეალურად იქ 10-ია, რადგან ყოველი გამოტოვებული ცარიელი ადგილი ამ ფრაზის მოყვარული ადამიანებით არის შევსებული.

4. "უი, არ შემიმჩნევია"

ფოტო: Giphy

ქართველებს შეგვიძლია, ზედმეტად თვალშისაცემ და გრძელ რიგს ზუსტად გვერდით ჩავუაროთ და პირველი ადამიანის გვერდით დავდგეთ. როცა ამაზე საყვედურს მოვისმენთ, პასუხიც წინასწარ მზად გვაქვს: "უი, არ შემიმჩნევია". თან ფრაზა აუცილებლად აქ უნდა გაწყდეს, თორემ როგორ შეიძლება ამდენი ხალხი ვერ შეგემჩნია? ასეთი მოკლე ჯადოსნური ფრაზით კი ორაზროვნებით გვტანჯავენ, რადგან მაინც არის 0,00001% შანსი, რომ "ვერ შეამჩნია", აბა, ამას ხომ არ იკადრებდა?

5. "მეორე მოლარე სად არის?"

ფოტო: Tenor

ალბათ, ყველას გვსმენია, რომ ჩვენს ქვეყანაში მოლარედ ან კონსულტანტად მუშაობა სუპერშესაძლებლოებებს მოითხოვს, რადგან ამ ადამიანებს რამდენიმე პოზიციაზე მუშაობა ერთდროულად უწევთ. თუმცა შეწუხებული და თან ამასთანავე ყოველთვის მართალი მომხმარებელი 5 წუთით ზედმეტად რიგში დგომას ვერ ითმენს და აი, ეს პრეტენზიული ფრაზაც გვესმის: "მეორე მოლარე სად არის?" მეორე მოლარესაც აქვს დასვენების უფლება, სხვა შემთხვევაში, ზედმეტი საყვედურის საბაბს თავადაც არ მოგცემდათ.

6. "მოლაპარაკე"

ფოტო: Tenor


რიგში მოლაპარაკე კატეგორიის ადამიანების შემჩნევა მაშინ უფრო მარტივია, როცა ისინი შენ გვერდით არიან. თან ისე, სხვათა შორის და ჩუმად წამოჭრიან საკამათო თემებს, რაზეც, წესით, კარგი გამგონე აუცილებლად უნდა აყვეს. თემების შინაარსი პოლიტიკიდან ამინდამდე მერყეობს, მაგრამ ფრთხილად იყავით, ამგვარი დამეგობრება რიგის დათმობის საფასურად შეიძლება დაგიჯდეთ. საუკეთესო შემთხვევაში სჯობს, თავი ისე დაიჭიროთ, რომ უბრალოდ არაფერი გაგიგონიათ.

7. ორ რიგს შორის

ფოტო: Giphy

რადგან დროის დაზოგვა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, ისეთი კრეატიული გადაწყვეტილებებიც უნდა გვეპატიოს, როგორიც ორ რიგს შორის ლოდინია. მიზანი მარტივი ამოსაცნობია: რომელიც ადრე გათავისუფლდება, რა თქმა უნდა, ეს ხალხი ზუსტადაც რომ იმ რიგს ელოდა. სხვებისთვის კი ეს ქცევა ორი მიზეზით არის გამაღიზიანებელი: პირველი, თუ ამ ადამიანის შემდეგ ხარ რიგში, თავად ვერ ხვდები, სად უნდა დადგე, რადგან არ იცი, რომელ სალაროს ელოდება, ან ხომ არ გაბრაზდება, თუ რომელიმეს მასზე ადრე აირჩევ. და მეორეც, არასდროს იცი, როდის გეტყვის, თქვენზე ადრე მე აქ ვიყავიო. მართალია, რომ იყო, მაგრამ რისთვის?

8. "მხოლოდ ერთი რაღაც უნდა გავატარო"

ფოტო: Giphy


ეს ფრაზა, რომელიც ასევე რიგში დგომისგან გვათავისუფლებს, სხვებთან შედარებით ნაკლებად გამაღიზიანებელია. ალბათ, როცა მხოლოდ ერთი პროდუქციის ყიდვა გვინდა და დიდ რიგს ვხედავთ, ამაზე ჩვენც გვიფიქრია და სხვებსაც თავაზიანობა საკუთარი ინიციატივით გამოუჩენიათ.

მაგრამ "მხოლოდ ერთი" ძალიან ბევრ კითხვასა და თავსატეხს გვიჩენს. თუ ერთის ნივთის ყიდვისთვის ადამიანს რიგისგან ვიხსნით, მაშინ იმათ რატომ არ გავუშვებთ ჩვენზე ადრე, რომლებსაც მხოლოდ ორი პროდუქტის შეძენა სურთ? და სამის მყიდველმა რა დააშავა? ან სად გადის ზღვარი?

ასეთ პარადოქსებზე ფიქრს რომ თავი ავარიდოთ, იქნებ სჯობს, ნებისმიერი რაოდენობის ნივთით რიგში დგომა თანაბრად სავალდებულოდ ჩავთვალოთ. ასე არც ჩვენ გვექნება უსამართლობის განცდა და არც სხვებს მანამ, სანამ ერთი ნივთით ხელში ჩვენ წინ მდგომ სავსე ურიკის პატრონს საწყალი თვალებით არ დავუწყებთ ყურებას.

9. დამთმობი

ფოტო: Nicholas Larimer / Dribbble

ეს იმ ტიპის ადამიანია, რომელიც ოდესღაც ყველა ვიყავით ან შეიძლება, რომ დღემდე ვიყოთ. რიგში დამთმობები უსამართლობას კი ამჩნევენ, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო ხმამაღლა პრეტენზიის გამოხატვა არ შეუძლიათ და უსიამოვნო სიტუაციის შექმნა არ სურთ.

თუ რიგის დათმობას სთხოვთ, დიდი შანსია, რომ ვერც უარს გეტყვიან. თავად თუ, მაგალითად, პურის აღება დაავიწყდათ, მზად არიან რიგი თავიდან დაიკავონ, რათა უხერხულობაში არ აღმოჩნდნენ. თუ ასეთ ადამიანებს შეამჩნევთ, ჩემი თხოვნა იქნება, რომ არასდროს დაჩაგროთ.

10. "რიგის დარაჯი"

ფოტო: Giphy

ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში ისეთი ადამიანების იმედი შეიძლება გვქონდეს, რომლებიც რიგის წესებს პატივს სცემენ და სხვებსაც აიძულებენ, რომ ასე მოიქცნენ. "დარაჯი" ყველა რიგში სასურველი წევრია, თუ თქვენ არ ხართ ამ ჯადოსნური ფრაზების ავტორი.

მან ზუსტად იცის, ვინ როდის მოვიდა, ამ დროს ვინ იყო პირველი, მეორე და ასე შემდეგ, და ბონუსი: მან ისიც კი იცის, სხვა რიგებში რა ხდება და თუ ასეთი პროფესიონალი შეგხვდათ, მაშინ ადგილის დაუტოვებლად ყველგან დაამყარებს წესრიგს და უსამართლობას მაშინვე ამხელს.