მთიან ყარაბაღში ახალი შეტაკებები დაფიქსირდა
მთიან ყარაბაღში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სომეხ და აზერბაიჯანულ ძალებს შორის ახალი შეტაკებები დაფიქსირდა. სულ მცირე ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, დაიჭრა ექვსი. ბოლოდროინდელ შეტაკებებში ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს. ამჟამად არსებული მდგომარეობა სტაბილურია.
პარასკევს, 15 ოქტომბერს მომხდარი უკანასკნელი ინციდენტის დროს, მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის თავდაცვის არმიამ აზერბაიჯანული ძალები მთიანი ყარაბაღის ჩრდილო-აღმოსავლეთით განლაგებულ სასწრაფო დახმარების მანქანებზე ცეცხლის გახსნაში დაადანაშაულა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
14 ოქტომბერს, ხუთშაბათ საღამოს აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა, დაიჭრა ექვსი სომეხი ჯარისკაცი, მათგან ორი კრიტიკულ მდგომარეობაშია. ინციდენტი მთიანი ყარაბაღის აღმოსავლეთით, სოფელ ნორშენთან (იენიკანდ) მოხდა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ თქვა, რომ აფგან ხამზაევ ბაგრამი სომეხი სნაიპერის ტყვიას ემსხვერპლა. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო მომხდარის ამ ვერსიას უარყოფს.
მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტის სპიკერმა აზერბაიჯანი სომხურ პოზიციებზე უპილოტო თვითმფრინავების გამოყენებაში დაადანაშაულა, რის შედეგადაც სომხეთის ექვსი მოქალაქე დაიჭრა.
მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმიამ, ასევე, უარყო აზერბაიჯანის განცხადებები იმის შესახებ, რომ სომხური უპილოტო საფრენი აპარატი აზერბაიჯანულმა ძალებმა ჩაიგდეს ხელში.
ოთხშაბათს, 13 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანულ კოლონას, რომელსაც რუსი სამშვიდობოების თანხლებით სამშენებლო ტექნიკა გადაჰქონდა, ცეცხლი გაუხსნეს.
"ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა", — აცხადებენ სამინისტროში და აღნიშნავენ, რომ სამშვიდობო ძალები ინციდენტს ორივე მხარის წარმომადგენლების დახმარებით იძიებენ.
ბოლო შეტაკება 9 ოქტომბერს ქალაქ მარტაკერტში მოხდა, რომელსაც 55 წლის სომეხი სამოქალაქო პირი, არამ ტეპნანცი ემსხვერპლა. სომხეთის ხელისუფლებამ თქვა, რომ ტეპნანცს აზერბაიჯანელმა სნაიპერმა ესროლა. ბაქო ინციდენტის ამგვარ ინტერპრეტაციას კატეგორიულად უარყოფს.
ძალადობას ორივე მხარე გმობს.
პარასკევს, 15 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ წინა დღის ინციდენტი დაგმო.
"ვაცხადებთ, რომ ეს აზერბაიჯანის მიერ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის მეორე სერიოზული შემთხვევაა ერთ კვირაში, რის შედეგსაც მშვიდობიანი მოქალაქეები და სამხედროები განიცდიან", — ნათქვამია განცხადებაში.
ხუთშაბათს, 14 ოქტომბერს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ "აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არალეგალურმა სომხურმა შეიარაღებულმა ჯგუფებმა, სადაც რუსი სამშვიდობოები დროებით არიან განლაგებულნი, ტერორისტული აქტი კიდევ ერთხელ ჩაიდინეს".
პარასკევს, აზერბაიჯანის საგარეო უწყებამ სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
"ეს პროვოკაცია, რომელიც რუსეთის შუამავლობით სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისას განხორციელდა, სომხური მხარის რევანშისტულ პოზიციას, ასევე, რუსი სამშვიდობოების საქმიანობის ხელის შეშლის მცდელობას მოწმობს", — ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გამოქვეყნდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Mediaს-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
კომენტარები