სნაიპერის ტყვიამ მთიან ყარაბაღში მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა
გავრცელებული ინფორმაციით, მთიანი ყარაბაღის ქალაქ მარტაკერტის (აღდარა) 55 წლის მკვიდრი, არამ ტეპნანცი ფერმაში მუშაობისას აზერბაიჯანელი სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა. შემთხვევა იმ ტერიტორიაზე მოხდა, რომელიც რუსი სამშვიდობოების უშუალო მეთვალყურეობის ქვეშაა.
მთიანი ყარაბაღის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარის შესახებ 9 ოქტომბერს განაცხადა.
ეს მეორე დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც დაადასტურა და თქვა, რომ რუსმა სამშვიდობოებმა გამოძიება "ორივე მხარის წარმომადგენლების მონაწილეობით" დაიწყეს.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ სროლის შესახებ განაცხადა, რომ ინფორმაცია "რეალობას არ შეესაბამება".
მარტაკერტის მერმა, მიქაელ გიურჯიანმა Tert.am-ს უთხრა, რომ კაცს ტრაქტორის მართვისას ესროლეს.
"ხუთი ან ექვსი რუსი სამშვიდობო იყო იმ ადგილის მახლობლად, სადაც გარდაცვლილი მუშაობდა", — თქვა მან.
გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი გამყოფი ხაზიდან, დაახლოებით, 1-2 კილომეტრში მოხდა.
სომხეთის პროკურატურის თანახმად, თავიდან ტეპნანცი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მართვას თავს არიდებდა, იმის შიშით, რომ მისთვის შეიძლება ესროლათ.
"მაგრამ ერთ-ერთმა მშვიდობისმყოფელმა მასთან ერთად სალონში ჯდომა შესთავაზა, როგორც უსაფრთხოების დამატებითი გარანტია", — აცხადებს უწყება თვითმხილველებზე დაყრდნობით.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სროლა "მკაცრად დაგმო" და განაცხადა, რომ ეს აზერბაიჯანის მიერ 9 ნოემბრის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების "უხეში დარღვევა იყო".
მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გამოქვეყნდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Mediaს-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
კომენტარები