ფოტო, რომლითაც წლის ველური ბუნების ფოტოგრაფი გამოვლინდა — თევზების ქვირითობა სავსემთვარეობისას
კონკურსის "წლის ველური ბუნების ფოტოგრაფი" წლევანდელი მთავარი პრიზის მფლობელი ბიოლოგი ლორან ბალესტა გახდა, რომელსაც გამარჯვება სურათმა "Creation" მოუტანა. მასზე Epinephelus polyphekadion-ის სახეობის ქორჭილები არიან აღბეჭდილნი, რომლებიც ქვირითს ყრიან. შთამბეჭდავი კადრი ჟიურიმ 50 000 სხვა ხელოვანის ნამუშევარს შორის შეარჩია.
რჩეული ფოტო ერთად შეკრებილ თევზებს გვიჩვენებს, რომლებიც ქვირითისა და სპერმის ღრუბლიდან მოცურავენ. პროფესიონალმა წყალქვეშა ფოტოგრაფმა ქორჭილების ტოფობის, ანუ განაყოფიერების თვალწარმტაცი სანახაობა საფრანგეთის პოლინეზიის მარჯნის კუნძულ ფაკარავას მახლობლად დააფიქსირა. წყლის ეს ბინადრები კვერცხებს ყოველი წლის ივლისის თვეში, სავსემთვარეობისას ყრიან.
"ეს სურათი ბევრი რამითაა გამორჩეული. ის გასაოცარი, ენერგიული და მომხიბვლელია. ასევე, არაამქვეყნიური სილამაზითაა აღსავსე. ფოტო ჯადოსნურ მომენტს ასახავს — სიცოცხლის შექმნის ფეთქებად პროცესს, რომელიც გამოფრქვეულ ქვირითს კვალად ტოვებს და მას სიმბოლურად კითხვის ნიშნის ფორმა აქვს", — აცხადებს კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე, კიდმან კოკსი.
ამ სახეობის 20 000-მდე წარმომადგენელი ყოველწლიურად, ტოფობის პერიოდში ვიწრო არხში იყრის თავს, რომელიც ლაგუნას წყნარ ოკეანესთან აკავშირებს. სამწუხაროდ, ისინი გადაშენების საფრთხის წინაშე არიან, რისი მთავარი მიზეზიც უკონტროლო თევზაობაა. ამის მიუხედავად, ფაკარავას მიმდებარედ ისინი დაცულები არიან. ლორან ბალესტას ნამუშევარი გვახსენებს, რას დავკარგავთ, თუ პლანეტაზე ჩვენს უარყოფით გავლენას არ შევაჩერებთ.
კონკურსი "წლის ველური ბუნების ფოტოგრაფი" დიდი ბრიტანეთის საბუნებისმეტყველო მუზეუმის თაოსნობით იმართება. სხვადასხვა კატეგორიაში 2021 წლის გამარჯვებულთა მიერ გადაღებული სურათები ამავე დაწესებულებაში 15 ოქტომბრიდან გამოიფინება.
ახალი განაცხადების მიღება კი 18 ოქტომბრიდან დაიწყება და 9 დეკემბერს დასრულდება.
კომენტარები