კლიმატის ცვლილება უარყოფით გავლენას მსოფლიო მოსახლეობის 85%-ზე ახდენს — კვლევა
დიდ ბრიტანეთში მდებარე ლიდსის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა, კოლეგებთან ერთად, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული 100 000-ზე მეტი კვლევა შეისწავლეს. მათ სურდათ გაეგოთ, რა გავლენა აქვს ამას მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში არსებულ ამინდზე.
მონაცემთა ანალიზმა აჩვენა, რომ კლიმატის ცვლილების უარყოფითი შედეგები ჩვენი პლანეტის ხმელეთის 80 პროცენტზე ვრცელდება, რომელზეც ადამიანთა მთლიანი პოპულაციის 85 პროცენტია დასახლებული.
გამოცემაში Nature Climate Change გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორთა განცხადებით, ამაში მოიაზრება სითბური ტალღები, რომელთა მსგავსიც ამ ზაფხულს წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონს დაატყდა თავს. ასევე, გახშირებული წვიმა, რამაც ევროპასა და ჩინეთში წყალდიდობები გამოიწვია.
დღემდე ფიქრობნდნენ, რომ ამგვარ ცალკეულ მოვლენებს კლიმატის კრიზისთან პირდაპირი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არ აქვს, არამედ მათ ბუნებრივად მიიჩნევდნენ. თუმცა, სპეციალისტთა ახალმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ ადრინდელი დასკვნა მცდარი იყო.
“ჩვენი კვლევა ცხადყოფს, რომ კლიმატის ცვლილება დედამიწაზე უკვე თითქმის ყველგან იგრძნობა. ეს მეცნიერულად ძალიან კარგადაა გამყარებული", — ამბობს ნაშრომის ავტორი, მაქს კალაგანი.
ხელოვნურმა ინტელექტმა გამოავლინა ისიც, რომ მცირე შემოსავლის მქონე ქვეყნებზე ამ ყველაფრის გავლენა ძალიან ბუნდოვანია. ძირითადად, მონაცემები განვითარებულ სახელმწიფოებში არსებულ სიატუაციას ასახავს. შესაბამისად, მკვლევართა აზრით, ამ მხრივ დანარჩენი მსოფლიოს შესწავლაც მნიშვნელოვანია.
კომენტარები