მიმდინარე წლის 4 ოქტომბრის ღამეს კანადის პროვინციაში, ბრიტანეთის კოლუმბიაში მცხოვრებ რუთ ჰამილტონს ძილი ხმაურმა დაუფრთხო, გამოღვიძებულს კი საკუთარ საწოლში საშუალო ზომის მეტეორიტი დახვდა.

ადგილობრივ მედიასთან საუბრისას მან განაცხადა, რომ მშვიდად ეძინა, როცა დარტყმის ხმა ჩაესმა და სახეზე ასტრონომიული ობიექტის ნატეხებიც კი დაეყარა. შეშინებული ქალი სწოლიდან სწრაფად წამოხტა და სინათლე აანთო, თუმცა სიტუაცია მოგვიანებით გაიაზრა.

რუთ ჰამილტონმა გადაუდებელი დახმარების სამსახურს მიმართა იმის გასაგებად, იყო თუ არა მომხდარი მისი საცხოვრებლის მახლობლად მიმდინარე მშენებლობის ბრალი. პასუხად მიიღო, რომ იქ სპეციალისტები აფეთქებით სამუშაოებს არ აწარმოებდნენ, შესაბამისად, ამ უჩვეულო მოვლენას მათ საქმიანობასთან საერთო არ ჰქონდა. სამაგიეროდ, ქალმა მუშებისგან შეიტყო, რომ იმ ღამეს ცაზე ნათება შენიშნეს.

აღმოჩნდა, რომ მის სახლს მეტეორიტი დაეცა, სახურავი გახვრიტა და პირდაპირ ლოგინზე ჩამოვარდა. მუქი შეფერილობის ქვის კოსმოსური წარმომავლობა კანადაში მდებარე დასავლეთ ონტარიოს უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა დაადასტურეს.

"ძალიან შეშინებული ვიყავი და ვკანკალებდი. მეგონა, რომ სახლში ვინმე შემოიჭრა, იარაღი გაისროლეს ან რაიმე მსგავსი მოხდა. თითქმის მომეშვა კიდეც, როცა გავიგე, რომ ეს მხოლოდ ციდან ჩამოვარდნილი მეტეორიტი იყო", — განაცხადა რუთმა.

ის იმედოვნებს, რომ დაზიანებული ჭერის შეკეთებისთვის საჭირო თანხას, სადაზღვევო კომპანია აუნაზღაურებს. მისი თქმით, ახლა სიცოცხლეს უფრო მეტად აფასებს, რადგან ამ ინციდენტს გადაურჩა.

"ერთადერთი, რისი თქმაც მაფიქრდება, ისაა, რომ სიცოცხლე ძვირფასია და ის, შესაძლოა, ნებისმიერ მომენტში წაგვერთვას. მაშინაც კი, როცა გვგონია, რომ ლოგინში უსაფრთხოდ ვწევართ. იმედი მაქვს, მას უკეთ დავაფასებ", — ამბობს რუთ ჰამილტონი.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.