ნიდერლანდებში 2 ათასზე მეტ ადამიანში ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ ბავშვობაში ცუდი მოპყრობა ცხოვრების შემდგომ წლებში ურთიერთობების უფრო დაბალ ხარისხთანაა კავშირში.

წინა ანალიზმა ასევე აჩვენა, რომ ბავშვზე ძალადობამ ან მისმა უგულებელყოფამ შესაძლოა, ზრდასრულ ასაკში არამყარი მიჯაჭვულობის მოდელებამდე მიგვიყვანოს, თუმცა ახლანდელი კვლევა უფრო შორს მიდის და გვთავაზობს, რომ ამგვარი პრობლემები უმთავრესად მძიმე დეპრესიიდან გამომდინარეობს, რომელიც ბავშვობის ამ ტრავმას უკავშირდება.

ადამიანთა მრავალრიცხოვან ჯგუფს თითქმის 10 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. კვლევის პირველ, მეორე, მეოთხე და მეექვსე წლებში, მეცნიერებმა მონაწილეები დეპრესიისა და შფოთვის კუთხით შეაფასეს, მეოთხე წელს კი განსაზღვრეს, ჰქონდა თუ არა ბავშვობაში ადგილი ცუდ მოპყრობას. მეცხრე წელს მონაწილეების ურთიერთობათა ხარისხთან ერთად, მათი მიჯაჭვულობის სტილიც შეაფასეს.

ჯგუფის 3/4-ზე ოდნავ მეტს დეპრესიისა ან შფოთვის ისტორია აღენიშნებოდა. წინა მიგნებების მსგავსად, ავტორებმაც აღმოაჩინეს, რომ ზემოხსენებული პრობლემები მეტად სერიოზული გახლდათ რესპონდენტებში, რომელთაც ბავშვობაში ცუდად ეპყრობოდნენ.

ადამიანებმა ასევე აღნიშნეს ნაკლებად ხარისხიანი ურთიერთობებისა და არამყარი მიჯაჭვულობის, მათ შორის შფოთვითი და განრიდებადი მიჯაჭვულობის შესახებ.

შფოთვით მიჯაჭვულობას გადამეტებული სიახლოვე და ავტონომიის დაბალი ხარისხი ახასიათებს, განრიდებადის შემთხვევაში კი პირიქითაა — მას ავტონომიის მაღალი ხარისხი გამოარჩევს, თუმცა მიჯაჭვულობის ამ სტილის მქონე ადამიანები სიახლოვის იმართ დისკომფორტს განიცდიან.

მეცნიერებმა რამდენიმე გზა გამოცადეს იმის დასადგენად, თუ რა კავშირი შეიძლება, ამ ფაქტორებს ერთმანეთთან ჰქონოდა. როდესაც გენდერი, ასაკი და განათლების დონე შეამოწმეს, აღმოაჩინეს, რომ ცუდი მოპყრობა და არაჯანსაღი ახლო ურთიერთობები მთლიანად არამყარი მიჯაჭვულობისა და დეპრესიის წყალობით უკავშირდებოდა ერთმანეთს.

მეცნიერებმა 6 სხვადასხვა გზით სცადეს დაენახათ, თუ როგორ მივყავართ ერთ ფაქტორს მეორემდე, მიგნებებში კი ორი განსხვავებული მიმდინარეობა გამოჩნდა, რომლითაც შესაძლოა, არამყარი მიჯაჭვულობა ვითარდებოდეს. ყველაზე მტკიცე ვარიანტის მიხედვით, ბავშვობაში ცუდი მოპყრობა მეტად მძიმე დეპრესიასთან, ასევე შფოთვით მიჯაჭვულობასა და, საბოლოოდ, დაბალი ხარისხის ურთიერთობებთანაა კავშირში.

"ეს გამოკვეთს, რომ ზოგიერთ ინდივიდს, რომელმაც ბავშვობის ასაკში ცუდი მოპყრობის შესახებ აღნიშნა, შესაძლოა, განწყობა დაუქვეითდეს, დეპრესიის სხვა სიმპტომები განუვითარდეს, სხვებზე დამოკიდებული გახდეს, ასევე თავდაჯერებაც დააკლდეს (ალბათ, ამას ჭირვეულობადაც კი აღიქვამთ) და მეტი განსაცდელი მიადგეს ურთიერთობაში, რაც, შესაბამისად, ურთიერთობის ხარისხზეც უარყოფითად აისახება", — წერენ კვლევის ავტორები.

მეორე მიმდინარეობაც ასევე აკავშირებს ცუდ მოპყრობასა და დეპრესიას ერთმანეთთან, თუმცა ამჯერად განრიდებადი მიჯაჭვულობა აუარესებს ურთიერთობათა ხარისხს.

როგორც ავტორები ხსნიან, საბოლოო შედეგი იმის გამო დგება, რომ განრიდებადი მიჯაჭვულობის მქონე პარტნიორებს სიახლოვის უგულებელყოფა ახასიათებთ და სხვების ნდობა, მათზე დაყრდნობა უჭირთ.

კვლევის შეზღუდვები

გასათვალისწინებელია ისიც, რომ საჭიროა, ორივე მიმდინარეობა დამატებითი კვლევის დროსაც გამოიკვეთოს — მით უმეტეს, თუ გვინდა გავიგოთ, რატომ და როგორ შეიძლება თითოეულმა ფაქტორმა რომელიმე სხვამდე მიგვიყვანოს.

მონაწილეთა ჯგუფი საკმაოდ დიდი იყო, თუმცა სერიოზული დეპრესიის მქონე ზოგიერთი ადამიანი კვლევას გამოეთიშა, ეს კი ნიშნავს, რომ იგი შესაძლოა, რეალობას სრულად არ ასახავდეს.

ამასთანავე, რადგანაც ბავშვობაში ცუდ მოპყრობას წარსულიდან იხსენებდნენ, რთული სათქმელია, მოგონებები რამდენად სწორადაა გადმოცემული.

მიუხედავად ამისა, მიგნებები მნიშვნელოვანწილად მაინც თანხვედრაშია იმ კვლევის შედეგებთან, რომელმაც აჩვენა, რომ ბავშვზე ძალადობას ან მის საჭიროებათა უგულებელყოფას ინდივიდის ჯანმრთელობასა თუ კეთილდღეობაზე შესაძლოა, სიცოცხლის მომდევნო წლებშიც ხანგრძლივი გავლენა ჰქონდეს.

"ძალიან მნიშვნელოვანია მშობლების, მასწავლებლების, სხვადასხვა დარგში მოღვაწე პრაქტიკოსებისა და მთლიანად საზოგადოების ინფორმირება იმ შესაძლო გამანადგურებელი გავლენის შესახებ, რომელიც ბავშვობაში ცუდ მოპყრობამ შეიძლება იქონიოს ადამიანის კეთილდღეობასა და ახლო ურთიერთობებზე. შესაძლოა, ამან პრობლემის ამოცნობა გაგვიმარტივოს და უფრო მალეც გამოვააშკარაოთ იგი", — გვთავაზობენ ნაშრომის ავტორები.

კვლევა ჟურნალ Child Abuse & Neglect-შია გამოქვეყნებული.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.