მეცნიერებმა 3D პრინტერით ტვინის ცოცხალი უჯრედები დაბეჭდეს — კვლევა
კანადაში მდებარე მონრეალის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა კოლეგებთან ერთად სამგანზომილებიანი ბიოპრინტერის გამოყენებით თაგვის ტვინის ცოცხალი უჯრედები დაბეჭდეს. ეს მათ ახალი ლაზერული ტექნოლოგიის მეშვეობით შეძლეს, რომელიც გამოცემაში Micromachines ახლახან გამოქვეყნებულ ნაშრომშია აღწერილი.
კვლევაში წარმოდგენილი მეთოდოლოგია უკეთესი შედეგის მისაღებად სხვადასხვაგვარი წებოვანების მქონე ბიომატერიას იყენებს. ის საშუალებას გვაძლევს, დავბეჭდოთ სენსორული ნეირონები, რომლებიც პერიფერიული ნერვული სისტემის შემადგენელი უმნიშვნელოვანესი კომპონენტებია.
ექსპერიმენტის ფარგლებში, სპეციალისტებმა თაგვის ზურგის ნერვული კვანძები, განგლიები ბიოსაღებავის მიქსტურაში შეურიეს და კვადრატული ფორმის მილში მოათავსეს. შემდეგ კი მისი შუა ნაწილისკენ ლაზერის დაბალენერგიული პულსები მიმართეს. შედეგად, მიკრობუშტუკები წარმოიქმნა, გაფართოვდა და მის ქვემოთ არსებულ სუბსტანციაში ცოცხალი უჯრედების ნაკადები ჩაუშვა. ამას მიღებული ნიმუშების ინკუბაცია მოჰყვა.
დაბეჭდილი ნეირონების ანალიზმა აჩვენა, რომ მათი 86 პროცენტი 2 დღის შემდეგაც ცოცხალი იყო, რაც დაბალენერგიული პულსების დამსახურებაა. შედარებისთვის, ლაზერის უფრო მძლავრმა ენერგიამ უჯრედების დაზიანება გამოიწვია.
მეცნიერთა განცხადებით, მსგავსი ტექნოლოგია, ძირითადად, ადამიანის ორგანოებისა და სხვა სახის ტრანსპლანტების შექმნასთან ასოცირდება, თუმცა იქამდე ჯერ კიდე დიდი გზაა გასავლელი. სამაგიეროდ, ამ მეთოდით დაბეჭდილ უჯრედებზე ახალ მედიკამენტებს გამოვცდით, რაც ექსპერიმენტებში ცხოველების ჩართვის საჭიროებას მოხსნის.
კომენტარები