განრისხებული ფუტკრების თავდასხმას გადაშენების პირას მყოფი 63 პინგვინი შეეწირა
სავარაუდოდ, სახეობის შენარჩუნება კიდევ უფრო გართულდება.
წინა კვირას განრისხებული კონცხის ფუტკრები პინგვინების კოლონიას დაესხნენ თავს საიმონსტაუნში, სამხრეთ აფრიკაში, და გადაშენების პირას მყოფი 63 სამხრეთ აფრიკული პინგვინი მოკლეს.
ასევე იხილეთ: ერთმა ფუტკარმა მილიონობით საკუთარი კლონი შექმნა — კვლევა.
ბუნების დაცვის თავგამოდებული ქომაგები ამბობენ, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ანომალიურმა შემთხვევამ სახეობის გადაშენებამდე მიგვიყვანოს. Reuters-ის ცნობით კი, ჯანმრთელ ზრდასრულთა უცაბედი, ესოდენ მკვეთრი კარგვა ფრინველებს ძალზე ავისმომასწავებელ მდგომარეობაში აყენებს.
გაფრთხილება: Reuters-ის ვიდეო მოხსენება მკვდარ პინგვინთა გრაფიკულ გამოსახულებებს მოიცავს.
CNN-ის გადმოცემით, პირველად მკვდარი ფრინველები იპოვეს პარასკევ დილას, ფუტკრის ნესტრებით დაწინწკლული კანით. ამის შემდეგ კი დახოცილი ფუტკრები აღმოაჩინეს სანაპიროზე. აუტოფსიის შედეგად სიკვდილის გამომწვევი სხვა მიზეზები და დაზიანებები ვერ იპოვეს, ამიტომაც მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ მასობრივი ხოცვის მიზეზი ფუტკრების თავდასხმა გახდა.
"ძალიან იშვიათი ამბავია. არ ველით, რომ ხშირად მოხდება, შემთხვევითი წარუმატებლობაა", — Agence France-Presse-თან საუბრისას განაცხადა სანაპიროს ფრინველთა დაცვის სამხრეთ აფრიკული ორგანიზაციის (SANCCOB) ვეტერინარმა დევიდ რობერტსმა.
კატა ლუდინიამ, SANCCOB-ის კვლევის მენეჯერმა, Reuters-ს უთხრა, რომ ამდენი ფრინველის სიკვდილი ნამდვილად დრამატული დანაკარგია, რომლის წყალობითაც სახეობის შენარჩუნება კიდევ უფრო გართულდება. მოსაზრებას მით უფრო ამყარებს ფაქტი, რომ ფრინველები ჯანმრთელები, ფერტილური ასაკისანი იყვნენ და გადაშენების პირას მყოფი პოპულაციის დახმარება შეეძლოთ.
"ასეთი ტრაგიკული იმიტომაა, რომ აფრიკული პინგვინი გადაშენების კრიტიკულ ზღვარზე იმყოფება, ჩვენ კი ველურ ბუნებაში ძალიან ცოტა ინდივიდიღა შემოგვრჩა. ჯანსაღი პოპულაცია ასეთ ანომალიურ ინციდენტს გაუმკლავდებოდა, მაგრამ რადგანაც ბუნებაში უკვე ისედაც ძალიან ცოტა ფრინველია დარჩენილი, თითოეული მათგანის გადარჩენას ვცდილობთ. ამ რაოდენობის ფრინველთა დაკარგვა თავისთავად შემაძრწუნებელია", — თქვა ლუდინიამ.
კომენტარები