მწვანე ანგელოზების შესახებ მეგობარმა მიამბო. კოლექტივში, რომელიც ელიტურ წრეებს მსუბუქი ნარკოტიკით ამარაგებს, 30 მოდელია გაერთიანებული. ამავე მეგობარმა გამაცნო წამოწყების მეთაური ჰანიც. პირველად მას 2015 წლის გაზაფხულზე შევხვდი. სახლში მესტუმრა და ექვსი საათის განმავლობაში ვლაპარაკობდით.

27 წლისაა. ფეხმძიმედაა. თუ კარგად დააკვირდებით, შავი ზედატანის ქვეშ მომრგვალებული მუცელი ეტყობა. სახე მშვიდი და დასვენებული აქვს. ამერიკული დასავლეთის განსახიერებაა — ეკლესიას ჩამოშორებული და ოჯახიდან წამოსული მორმონი. ჰანი, რა თქმა უნდა, მისი ნამდვილი სახელი არააა, ეს ფსევდონიმი სპეციალურად სტატიისთვის აირჩია. 180 სანტიმეტრის სიმაღლის იქნება, ქერა და ცისფერთვალება. თინეიჯერი როცა იყო, პატრიკ დემარშელიესთვის პოზირებდა და როგორც თვითონ მეუბნება, ხანდახან ახლაც მონაწილეობს ჩვენებებში. მახსენდება ორსული სუპერმოდელების გახმაურებული ფოტოები და ვეკითხები, თუ აპირებს რაიმე ფოტოსესიაში მონაწილეობას.

— რა საჭიროა მუშაობა, როცა დღეში 6000 დოლარი შეგიძლია იშოვო თითის გაუნძრევლად? — კითხვას მიბრუნებს ის.

ჰანი ამ საქმეში 2009 წლიდანაა. სულ თავიდან 30 გრამი აიღო ნაცნობი დილერისგან და სახლში პატარა დოზებად დაყო. პაკეტებში ჰაერი რომ არ შეპარულიყო, ვაკუუმის შესაქმნელი მოწყობილობაც იყიდა. CNN-ზე უყურებდა, როგორ გადიოდა პოლიცია დილერების კვალზე და ისწავლა, როგორ არ გაბმულიყო მახეში. ამჟამად მისი ბიზნესი საკმაოდ მასშტაბურია: ყოველთვიურად $300 ათასის ღირებულების საქონლით ვაჭრობს, $30 ათასი ტაქსებით გადაადგილებაში იხარჯება, ამას ემატება სატელეფონო გადასახადები, ოფისის ქირა და ადმინისტრაციული წვრილმანები. ამ ყველაფრის დაფარვის მერე მისი სუფთა მოგება კვირაში დაახლოებით 27 000 დოლარია.

— მიყვარს, როცა სახლში ფული გორებად აწყვია, — მეუბნება ღიმილით.

მინდა, რომ უკეთესად გავიგო, როგორ მუშაობს კომპანია, როგორ ააშენა ჰანიმ ამხელა იმპერია სუფთა ფურცლიდან. კითხვებზე პასუხისას საკმაოდ თავშეკავებულია, მაგრამ ვიცი, რომ საკუთარი ისტორიის მოყოლა უნდა. ეს სტატია დაეხმარება, რომ ბიზნესი უფრო გააფართოოს, ან პირიქით, სხვა საქმიანობაზე გადაერთოს. მისთვის ორივე სცენარი სასურველია. გასაუბრებაზეც ამიტომ დამთანხმდა.

მწვანე ანგელოზები სინამდვილეში ლეგენდით ვაჭრობენ. ისინი ყიდიან წარმოდგენას მომხიბვლელი, დახვეწილი გოგოების შესახებ, რომლებსაც ყოველთვის აქვთ მარიხუანა. ეს იგივე ეივონია, ოღონდ გამბედავი თანამშრომლებით. ყველა ანგელოზი მოდელი არაა, მაგრამ ყველა მათგანი ლამაზი და ახალგაზრდაა. რვა წლის განმავლობაში სამართალდამცავების ყურადღება ერთხელაც არ მიუპყრიათ. მიზეზი მარტივია: პოლიციას ლამაზ გოგოებზე არასდროს მიაქვს ეჭვი.

ჰანი ამბობს, რომ რამდენიმე წლის წინ უფასოდ ამარაგებდა რიჰანას. იმედი აქვს, რომ ლეგალიზაციის შემთხვევაში რიჰანა მის ბიზნესს მხარს დაუჭერს.

ნიუ-იორკში ამჟამად 25 გრამზე მეტი მარიხუანას გაყიდვა აკრძალულია — ეს დაახლოებით 40 ჯოინთია. ჰანის ბევრი აქვს ნაფიქრი იმაზე, თუ როგორ უნდა გააგრძელოს მისმა ბიზნესმა ფუნქციონირება კანონის შეცვლის შემთხვევაში. მისი აზრით, ტრამპის პრეზიდენტობა ლეგალიზაციის პროცესს შეაყოვნებს. მწვანე ანგელოზები ყველა სცენარისთვის მზად არიან. თუ ჯარიმები გაიზრდება, პროდუქციას გააძვირებენ. ხოლო თუ ლეგალიზაცია მოხდება, ბიზნესმოდელს ახალ პირობებს მოარგებენ.

რამდენიმე წლის წინ ჰანიმ რიჰანას მომარაგება სრულიად უფასოდ დაიწყო. იმედი ჰქონდა, რომ ლეგალიზაციის შემთხვევაში რიჰანა მის კომპანიაზე ისაუბრებდა.

— ძალიან ჭკვიანი გოგოა და ცოტა საშიში, — ამბობს ჰანი, — ასე ადვილად ვერ გააცურებ.

მწვანე ანგელოზების სერვისით ჯასტინ ბიბერიც სარგებლობს, როცა ქალაქშია. კლიენტების სიაში ასევე არიან ჯიმი ფელონი, მუსიკოსები Peaches, FKA Twigs და ჰიპ-ჰოპ არტისტები, რომელთა სახელებსაც ვერ ვცნობ (აქვე დავამატებ, რომ ზემოთ ჩამოთვლილ ადამიანებს დავუკავშირდი, თუმცა მათ ანგელოზებთან კავშირი არ დაუდასტურებიათ).

ჰანი საკუთარი ბიზნესის ხასიათთან დაკავშირებით გულახდილია: გოგოებს ეუბნება, რომ ეს არაა კლუბი, ეს რისკიანი ბიზნესია. ოპერაციები მოკლე ტექსტური შეტყობინებებით იმართება. მეთვალყურეები, რომლებიც სათავო ოფისში სხედან, მითითებებს აძლევენ კურიერებს, რომლებიც მომხმარებლებს სახლში აკითხავენ.

— ცერა თითის მყესი მაქვს დაზიანებული ამდენი შეტყობინების კრეფისგან, — მეუბნება ჰანი.

მეთვალყურეები თითოეული შემდგარი გაყიდვიდან 10%-ს იღებენ, კურიერები — 20%-ს. ეს დღეში 300-400 დოლარია. როგორც მეუბნებიან, ამ თანხით ზოგიერთი გოგო სწავლის ფულს იხდის ნიუ-იორკის უნივერსიტეტში.

— თქვენი გოგოებიდან ბევრი სწავლობს მანდ? — მე თვითონ ამ უნივერსიტეტის პროფესორი ვარ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე.

— ნახევარი ქალაქი მანდ სწავლობს, — მეუბნება ჰანი.

თანამშრომლების უმეტესობა 20-25 წლისაა, გარდა იმ გოგოებისა, რომლებიც ჰანისთან კომპანიის შექმნის პირველი დღიდან არიან. ისინი ახლა 30-ის ხდებიან. ხუთი-ექვსი ისეთი გოგოც მოიძებნება, რომელთაც ლიდერი თვალდახუჭული ენდობა. სწორედ ისინი მიხედავენ ბიზნესს, როცა ჰანის ბავშვი გაუჩნდება.

ჰანი პირზე ხელს იფარებს და სააბაზანოსკენ გარბის. რთული ორსულობა აქვს და გული ხშირად ერევა. ამბობს, რომ ჯერ ექიმთან მიღებაზე არ ყოფილა.

ძალიან მინდა, რომელიმე გოგოს შეკვეთაზე გავყვე, მაგრამ ჰანი უარს მეუბნება, სხვების თანხმობაც საჭიროაო.

ფოტო: GQ

როგორც ჩანს, ცუდი შთაბეჭდილება არ მომიხდენია, რადგან ჰანი მირეკავს და ანგელოზების ყოველკვირეულ თათბირზე მეპატიჟება. მეტიც, როცა იგებს, რომ ოთხშაბათობით ლექციები მაქვს, შეხვედრა ხუთშაბათისთვის გადააქვს.

ჰანის ბინასა და პოლიციის შენობას ერთი კვარტალი აშორებთ. სათავო ოფისი, რომელსაც ბუნაგს უწოდებენ, სამსართულიანი სახლის მესამე სართულზეა განლაგებული. სწორედ აქედან მუშაობენ მეთვალყურეები, თუმცა ჯერ არ ვიცი, ვნახავ თუ არა მათ მოქმედებაში. შეხვედრა დილის 10 საათზე იწყება. შეკვეთები შუადღემდე მაინც არ შემოდის. ბინაში უამრავი გოგო და ორი ბიჭი მხვდება. სიხარულით მესალმებიან. ჰანი ეუბნება, რომ მე მწერალი ვარ, რომელიც მათ ცხოვრებაზე ნაშრომს წერს.

ბინას აქვს საძინებელი, სადაც პროდუქცია ინახება, სააბაზანო და სამზარეულოსთან გაერთიანებული მისაღები ოთახი. ადგილი სტრატეგიულადაა შერჩეული. აქედან როგორც მანჰეტენის, ასევე ბრუკლინის მომსახურებაა შესაძლებელი. მეზობლებსაც არ ადარდებთ სტუმრების ხშირი მიმოსვლა. შენობის სხვა ბინები Airbnb-ის მომხმარებლებზეა გაქირავებული. ჰანი ადგილს ყოველ 6 თვეში ერთხელ იცვლის.

გოგოები ჩემს სტუდენტებს ჰგვანან: გამხდრები, დახეულ ჯინსებსა და მაისურებში. ზოგს გრძელი სარაფანი და კედები შეუხამებია, ზოგსაც ჯინსის უმოკლესი შორტი აცვია, საიდანაც ჯიბეები მოუჩანთ. საშუალო ან საშუალოზე მაღალი კლასიდან არიან, გამართულად საუბრობენ. ეტყობათ, რომ სამყარო ნანახი აქვთ. ოთახი პოტენციური ხელოვანებითაა სავსე: მწერლებით, მუსიკოსებით, მხატვრებით.

ბიჭები მხოლოდ კვირა-ნახევარია, რაც ჰანისთვის მუშაობენ. ისინი წუწუნებენ, რომ კლიენტები ღიზიანდებიან, როცა კართან ლამაზი გოგოს ნაცვლად ბიჭი ხვდებათ. ანგელოზები ხმაურით ხვდებიან ამ პრეტენზიას და ბიჭებისთვის სასაცილო მეტსახელებს იგონებენ: კაცგელოზები? წვერიანი ანგელოზები?

ერთ-ერთი კურიერი დაფასოებულ მარიხუანას მაჩვენებს, რომელიც ფოტოფირის ჩასადებ შავ ყუთშია მოთავსებული. პროდუქტი მრავალფეროვანია: განსხვავდება მიზნის, სიმძაფრისა და გემოს მიხედვით. პლასტიკური პაკეტი, რომელიც დაახლოებით 7 გრამს შეიცავს, $50 ღირს, კარამელის საწუწუნი კანფეტი — $30, კანაფის ნაყენი მინის ბოთლებში — $80, ხოლო ვაპორაიზერი თავისი სითხით — $140.

— პირადად ვამოწმებდი ვაპორაიზერებს, — მეუბნება ჰანი, — დღის ბოლოს ისე დავბოლდი, რომ ჩემი სახელი აღარ მახსოვდა.

ჩვენ ყველა კაცის ოცნება ვართ - მაგარი გოგოები, რომლებიც პროფესიონალები არიან საკუთარ საქმეში, საუკეთესო ინვენტარი აქვთ და ყველაფერი იციან მარიხუანაზე.

მწვანე ანგელოზებს საკუთარი კონდიტერი ჰყავთ, რომელიც კვირაში 200 ჯოხიან კანფეტს ამზადებს. ჰანის დიდი პარკით შემოაქვს საწუწნი ტკბილეული და მეც მთავაზობს. უარს ვამბობ, რადგან ჩემთვის ჯერ ადრეა. დანარჩენები თითო-თითოს იღებენ და მთელი ოთახი იწყებს წუწნას. ერთ-ერთი ანგელოზი სასაცილო ამბავს მიყვება: მისი ბინის პატრონს ეს კანფეტები შვილისგან გამოგზავნილი ამანათი ეგონა. ხელი დაავლო და თან გაიყოლა. მერე კი ყუთი გახსნილი დატოვა ერთ-ერთ სამრეცხაოში, სადაც ტკბილეული ბავშვებმა დაინაწილეს. მშობლები ძალიან შეშფოთდნენ და ექიმებთან ზარებმა იმატა: მიშველეთ, ექიმო, ჩემი შვილი 6 საათია, კედელს უყურებსო.

ჰანი ნაყენს მაძლევს და მეუბნება, შეგიძლია აბაზანაში ჩაამატო ხოლმეო. ერთ-ერთი გოგო სახელდახელოდ მიმაგრებულ ეტიკეტზე წარწერას ტოვებს: წყვილი ფრთა, მწვანე ანგელოზები. ინგრედიენტები: ბოსტნეულის გლიცერინი, ტეტრაჰიდროკანაბინოლი (THC).

ჰანი ახალი გოგოების დატრენინგებაზე გადადის: მანქანაში არავის ჩაუსხდეთ. არავითარი შეხვედრა ბარში — აუცილებლად სახლში უნდა მიხვიდეთ. წვეულებებზე სიარული ან ქუჩაში საქონლის გადაცემა დაუშვებელია. შეიძლება პოლიცია გითვალთვალებდეთ. ჩაიცვით პროფესიონალურად, მაგრამ გემოვნებით. არავითარი მარიხუანას სიმბოლოიანი მაისურები და მოკლე შორტები. მერე ხელს ერთ-ერთი გოგოსკენ იშვერს, რომელსაც გულამოღებული კაბა აცვია.

— ეს ცუდი ტონია, — გოგო აღელვებული ექაჩება კაბას ზემოთ, — ჩვენ ვყიდით მარიხუანას და ხშირად ჩვენი კლიენტები კაცები არიან. ძუძუების ჩვენება არ შეიძლება.

ჰანი კარგად ჩაცმულ გოგოებსაც გამოყოფს და აღნიშნავს, რომ დღეს ისინი ვიპ კლიენტებს მოემსახურებიან.

— თქვენ ოცნებასავით ხართ, — აგრძელებს ჰანი, — მაგარი გოგოები, რომლებსაც საუკეთესო საქონელი აქვთ და ყველაფერი იციან მოსაწევის შესახებ. სხვა დილერებს არ უნდა ჰგავდეთ. წარმოიდგინეთ რაღაც საშუალო სტუდენტსა და პროფესიონალს შორის. ითამაშეთ თქვენი როლი: წყნარი, გაწონასწორებული, მობილიზებული გოგოების. თუ პოლიციელი შეგეკითხებათ, რა გიდევთ ჩანთაში, არ დაიბნეთ და სიმშვიდე შეინარჩუნეთ. თუ კლიენტი კარს საცვლებში გაგიღებთ, თავისუფლად შეგიძლიათ უთხრათ, რომ როცა ჩაიცვამს, მერე დაბრუნდებით. თქვენთან ყოველთვის შეეცდებიან ფლირტს — მაგრამ კლიენტებთან სასიყვარულო ურთიერთობა აკრძალულია. არასდროს მისცეთ კლიენტს თქვენი მობილურის ნომერი და არ უთხრათ ნამდვილი სახელი. თქვენ არალეგალურ ბიზნესში ხართ, რომელიც მხოლოდ ნაწილობრივაა ლეგალური, ასე რომ, მეგობრებს ნუ გაუმხელთ, რას საქმიანობთ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას და ყოველთვის გაერიდეთ სახიფათო ადგილებს.

ჰანი ისევ პოლიციასთან ურთიერთობის საკითხს უბრუნდება: კურიერის მთავარი ღირსება მის ღიმილსა და საუბრის უნარშია. თუ გაგაჩერებენ, თვალები აახამხამეთ, ხელებით გული აჩვენეთ და უთხარით, რომ ნიუ-იორკის პოლიციელებზე გიჟდებით, რომ მათ ყველაზე მაგარი ბიჭები ჰყავთ. მთავარი, რაც პოლიციელებს აეჭვებთ, თვალის არიდებაა, ამიტომ მზერა თამამად გაუსწორეთ.

ჰანი ყველას სთხოვს, მისი ნომერი დაიმახსოვრონ და ამბობს, რომ თუ ოდესმე შარში გაეხვევიან, ორ საათზე დიდხანს არ მოუწევთ ციხეში ყოფნა.

კითხვა დარბაზიდან: და თუ ყუთის გასხნას გვთხოვენ?

პასუხი: უთხარით, რომ არ იცით კოდი.

იმისთვის, რომ შეკვეთა დაფიქსირდეს, კლიენტმა მობილურზე უნდა გამოაგზავნოს ტექსტი: შემიძლია შეგხვდე? ანგელოზი კლიენტს გამოძახებიდან 1 საათში მიაკითხავს სახლში.

ერთ-ერთი ანგელოზი გვიყვება, რომ ზურგჩანთას გადასაკიდი ტილოს ჩანთა სჯობს. პირადად ის საქველმოქმედო წარწერიან ჩანთას ატარებს, რომელიც წლების წინ საზოგადოებრივი რადიოს შენობაში მისცეს. გვიყვება, რომ ცოტა ხნის წინ მოხუცმა ქალმა ხელი ჩამოართვა ამ ჩანთის გამო. მან, ცხადია, არ იცოდა, შიგნით რა იდო. სამსახურის საქმეებისთვის ანგელოზებს 100-დოლარიანი მობილურები აქვთ. შესყიდვისას ნაღდი ფულით გადაიხადეს და საბუთებზე ჰანის მიერ წინასწარ მოფიქრებული სახელები მიუთითეს. მიყვარს იმ გოგოების სახელების გამოყენება, რომლებიც ბავშვობაში ჩემი მტრები იყვნენ — აღიარებს ჰანი.

თათბირი სრულდება. გოგოებს ვთხოვ, ბლოკნოტში ტელეფონის ნომრები და სახელები დამიტოვონ. ისინიც მთანხმდებიან. ცოტა ხნის მერე ჰანი აცხადებს, იმედია, დროებითი ნომრები და გამოგონილი სახელები ჩაწერეთო. ერთ-ერთი ანგელოზი მოდის, ჩემს ბლოკნოტს ითხოვს და ფურცელს ხევს. მერე თავიდან წერენ, სხვა სახელებით. სანამ სამუშაო დღე დაიწყება, თითო ჯოინთს ვუკიდებთ. ოთახი კვამლით ივსება. ჰანი ღრმა ნაფაზს არტყამს და მეუბნება, რომ ქალურ მაგიას ვეწევი. ეს იმიტომ, რომ მხოლოდ დედალი მცენარე გამოდგება დასაბოლებლად.

ბიჭები რომ გადიან, გოგოები წუწუნს იწყებენ: რატომ აგვყავს ბიჭები? მოდიან და თავიანთი ტესტოსტერონი შემოაქვთ. ჩვენ აქ მშვიდად, სასიამოვნოდ ვსაუბრობთ. მენსტრუაციები სინქრონიზებული გვაქვს, ესენი კიდევ ერთმანეთს კუნთებს ატოლებენ...

ერთ-ერთი კურიერი იხსენებს, რომ წინა შაბათს ბიჭი ეუხეშა.

— მე დღეს $500 გავაკეთე ანუ შენზე მეტიო. გოგო ასე არასდროს მოიქცეოდა, ჩვენ ერთმანეთთან ფულზე არ ვლაპარაკობთ და ემოციურად ვართ დაკავშირებული, — ამბობს აღშფოთებული.

ბიჭების შესახებ კონსენსუსი არსებობს. მათთან ერთად მუშაობა არავის მოსწონს.

სანამ წავიდოდე, ჰანი ჩემს ნომერს ერთ-ერთ მეთვალყურეს აწერინებს. აფრთხილებს, რომ მომავალშიც უპრობლემოდ შემომიშვას ხოლმე.

შემდეგ კვირას კიდევ ერთხელ მივდივარ ბუნაგში. ლიფტში ღილაკ C1-ს ვაჭერ, რომელიც მუქი მარკერითაა მონიშნული. ერთი დიდი და ორი ხანმოკლე დაჭერის შემდეგ კარი იღება. მისაღებში ერთ-ერთი მეთვალყურე, ჩარლი მხვდება. დღეს მას დღეს ორმაგი ცვლა აქვს. დღის 12-ის ნახევრიდან შუაღამემდე უნდა იყოს ოფისში. ჩემთვის ცოდნის გაზიარება მას დაევალა.

მწვანე ანგელოზებს დღეში დაახლოებით 150 შეკვეთა აქვთ, რაც მათი მაქსიმალური შეკვეთების მეოთხედია. კლიენტის მესიჯი მისაღებ ოთახში არსებულ ერთ-ერთ ტელეფონზე მოდის. არსებობს იერარქია: ვარდისფერი ტელეფონი ყველაზე დაბალი საფეხურია. ეს ნომერი ცუდი გადამხდელებისთვის ან ბრუკლინის ბოლოში მცხოვრები ადამიანებისთვისაა განკუთვნილი. იისფერ ტელეფონზე მოსული მესიჯები მნიშვნელოვანია, რადგან სანდო, მუდმივი კლიენტების მიერაა გამოგზავნილი. ლურჯზე კი მხოლოდ ვიპ კლიენტები იწერებიან. ასეთი დაახლოებით ათასია.

იმისთვის, რომ შეკვეთა დაფიქსირდეს, კლიენტმა მესიჯად უნდა გამოაგზავნოს ტექსტი: შემიძლია შეგხვდე? დამატებითი ზარი ან კოდური სიტყვა საჭირო არაა. კურიერი კლიენტს გამოძახებიდან 1 საათში მიაკითხავს. თუ ანგელოზს არავინ დახვდება სახლში, კლიენტი გაფრთხილებას მიიღებს. სამი გაფრთხილება სამუდამო ბლოკს ნიშნავს. თუ კლიენტი კურიერს უყვირებს, იგივე მოელის. ახალი წევრის დამატება მხოლოდ არსებულების რეკომენდაციით ხდება. რეკომენდაციის გასაწევად ძველი კლიენტი კარგად უნდა იცნობდეს ახალს. უცნობებისა და ბარში გაცნობილი ტიპებისთვის რეკომენდაციის გაწევა არ შეიძლება. თუ არასანდო ადამიანს შეაწევ სიტყვას, შენც დაემშვიდობები პრივილეგიებს.

ჰიდროფონული, სახლში გაზრდილი ნახევარი კილო მარიხუანა $3000 ღირს. პატარა დოზებად დაფასოების შემდეგ ბიზნესი დაახლოებით 100%-იან მოგებაზე გადის.

ჩარლი როდ-აილენდიდან არის. უნივერსიტეტს ამთავრებდა, როცა მისი მშობლები დაშორდნენ და სწავლის ფულის გადახდა გაუფრთხილებლად შეწყვიტეს. უეცრად უზარმაზარი სესხის წინაშე აღმოჩნდა. დღეში 20 დოლარზე ცხოვრობდა და მუსიკის გაკვეთილებისთვის ფეხით კვეთდა მანჰეტენის ხიდს. მეტროს ფული არ ჰქონდა, ხშირად - არც საჭმლის.

— როცა ჰანისთან დავიწყე მუშაობა, პირველად მივხვდი, რას ნიშნავს, როცა სესხზე არ ნერვიულობ, — მეუბნება ჩარლი. ის ახლა კვირაში 1000-დან 1300 დოლარამდე შოულობს.

მესიჯი მოდის. ჩარლის ითხოვენ. ეს დიდი პრობლემაა. არავის აქვს უფლება, რომელიმე კონკრეტული ანგელოზი მოითხოვოს. ტელეფონი ისევ ინთება. ამჯერად კურიერი იწერება, რომ კლიენტი ალოდინებს. ასეთ შემთხვევაში შენიშვნის მიცემა აუცილებელია.

შეტყობინებები არ წყდება. ლანჩის დრო ყველაზე დატვირთულია, ნაშუადღევს კი ცოტა ამოსუნთქვა შეიძლება. 6-ის ნახევრიდან 9-ის ნახევრამდე შეკვეთები ისევ იმატებს, რადგან ამ დროს ადამიანები სამსახურიდან სახლში ბრუნდებიან. ვიქენდებზე განრიგი იცვლება და ანგელოზები ამოსუნთქვის გარეშე მუშაობენ 12-დან 6-მდე. ცუდი ამინდი ბიზნესისთვის კარგია. მზიან დღეს კი ადამიანებს სახლში ჯდომა და ლოდინი ეზარებათ.

რამდენიმე კვირის შემდეგ მარის ვხვდები. ის ამჟამად მეთვალყურეა, თუმცა თავიდან კურიერი იყო. მარი თავდაპირველი 5 ანგელოზიდან ერთ-ერთია და კარგად ახსოვს, როგორ მუშაობდნენ კურიერები შუადღიდან შუაღამემდე. მაშინ პროდუქტიც განსხვავებული იყო: მარიხუანა საკვების სახით არ ჰქონდათ და მხოლოდ პაკეტებით ყიდდნენ.

"კლიენტებს მაშინვე შეუყვარდათ ჩვენი მოსაწევი. გვწერდნენ და ისევ ითხოვდნენ ჩვენს მოსვლას", — ამბობს მარი. ის ნიუ-იორკში სასწავლებლად ჩამოვიდა. თავიდან ვეტერინარობა უნდოდა, მაგრამ ორგანული ქიმიის ერთმა სემესტრმა აზრი შეაცვლევინა. ხელოვნების ისტორიაზე გადაერთო და ახლა ფულს აგროვებს, რომ სწავლა გააგრძელოს.

მის მშობლებს ჰგონიათ, რომ თვითდასაქმებული მწერალია. ჰანისაც იცნობენ.

ფოტო: GQ

— ჩემს დაბადების დღეზე ნახეს და ძალიან მოეწონათ, თავაზიანი გოგოაო, — ამბობს მარი და საკუთარ ეშმაკობაზე ეცინება, — როდის უნდა ვუთხრა სიმართლე, 45 წლის რომ გავხდები?

მარი საუბრის პარალელურად რვეულში ჩანაწერებს აკეთებს.

— ხანდახან ვფიქრობ, რომ ამ სამსახურმა ტელეფონს მიმაჯაჭვა. ჩვევაში გადამეზარდა ეკრანზე დახედვა, — ამბობს და სმარტფონს ამოწმებს.

კოლეჯის დამთავრების შემდეგ მარი 10 წელი მუშაობდა მიმტანად. მისი ბოლო დამსაქმებელი ისტსაიდის ძვირფასი რესტორანი იყო.

— საშინლად ვიღლებოდი. კლიენტებიც აუტანლები იყვნენ. ზოგი კვირაში ხუთჯერ მოდიოდა სასადილოდ და ყოველდღე ერთსა და იმავე ადგილზე ჯდებოდა. მოხუცები ბრიუსელის კომბოსტოს კერძს ითხოვდნენ, რომელიც ცოტა ხნით გვქონდა მენიუში 2010 წლის შემოდგომაზე. ერთმა ქალმა საერთოდაც პიურე მომიტანა კონტეინერით და მთხოვა, შემეთბო, რომ სტეიკთან ერთად ეჭამა. მოსამსახურესავით მექცეოდნენ და ჩემგან პატივისცემას ითხოვდნენ. ამ სამსახურში ყველაფერი სხვანაირადაა. როცა ოთახში შედიხარ, შენი დანახვა უხარიათ. მუდმივი კლიენტებისთვის ძვირფასი ხდები.

— იცი, რა არის ყველაზე მაგარი? როცა გარეთ ძალიან ცხელა და კლიენტი ჭიქა წყალსა და გრანოლას ბატონს გთავაზობს. სასიამოვნო შეგრძნებაა, — ამბობს მარი.

არ არსებობს სიტუაცია, რომელსაც მწვანე ანგელოზის ვიზიტი არ მოუხდება. შეყვარებულს დაშორდი და ცუდად ხარ? შეკვეთის გაკეთების დროა. კარგ ხასიათზე ხარ და განსაკუთრებული მოვლენის აღნიშვნა გინდა? მარიხუანა ამ შემთხვევაშიც გამოგადგება.

მარი ცოტა ხნით წყვეტს ჩემთან საუბარს, რადგან მცირე პრობლემა შეექმნა. კლიენტმა მისამართი შეიცვალა და კურიერმა ახალი მისამართი არ იცის. ცოტა ხნის შემდეგ უცნობი ნომრიდან მოდის შეტყობინება. ასეთი შეკვეთების მიღება არ ხდება. "გთხოვთ, იმან მოგვწეროს, ვინც ჩვენ შესახებ გითხრათ" — აგზავნის მეთვალყურე პასუხად.

ანგელოზები, გარდა უბრალოდ მომმარაგებლებისა, ექსპერტებიც არიან, მოსაწევის სომელიეები. ადამიანებს არჩევანის გაკეთებაში ეხმარებიან.

მარი იხსენებს ერთ 40 წელს გადაცილებულ ქალს, რომელიც თავისთვის და ქმრისთვის ყიდულობდა მარიხუანას, რათა ბავშვის დაძინების შემდეგ ერთად გაებოლებინათ ხოლმე.

კიდევ ერთი შეტყობინება მოდის, ამჯერად - გზააბნეული. "ორი სატივა და ერთი ინდიკა მაქვს, თუ გინდა", — წერია მესიჯში. როგორც ჩანს, კლიენტს ადრესატი აერია და მეგობრის ნაცვლად დილერს მისწერა.

— რა იდიოტია, გაფრთხილება უნდა მივცე, — ბრაზობს მარი.

კიდევ ერთი შეტყობინება მოდის არაპუნქტუალური კლიენტის შესახებ. მარი ტელეფონს იღებს და რეკავს: გამარჯობა, შეგიძლიათ კარი გააღოთ? 10 წუთია გელოდებით. იქნებ შემდეგში უფრო ყურადღებით იყოთ ხოლმე? გმადლობთ. ესეც კიდევ ერთი გაფრთხილება.

როგორც იქნა, ჰანი მისამართებზე გასვლის ნებას მრთავს. მაილის ბუნაგთან ვხვდები. ის იამაიკიდან არის, 33 წლის იქნება, სასიამოვნო გარეგნობა აქვს და განათლებულია. უყვარს, როცა მარიხუანას მიტანით ადამიანებს ეხმარება. მაგალითად, როცა ართრიტიანი ან კიბოს მქონე ადამიანები იძახებენ. ამასწინათ ჰყავდა კლიენტი, რომელსაც ენის გარკვეული ნაწილი მოაჭრეს და ტკივილის შემსუბუქება საათობრივად სჭირდებოდა.

"ყველაფერს ყიდულობდა, რაც კი გვაქვს: ნაყენს, ვაპორაიზერის სითხეს, საწუწუნ კანფეტებს..."

მაილი საიდუმლოდ მიმხელს, რომ ხანდახან ანგელოზები საჩუქრებსაც უტოვებენ კლიენტებს უბრალოდ "კარგი კარმისთვის".

ზაფხულის მშვენიერი პარასკევია. ტრიბეკაში ვჩერდებით. კართან ახალგაზრდა კაცს ვხვდებით.

— ჩვენ ჯონთან მივდივართ, — ამბობს მაილი.

— მამაჩემია, — პასუხობს უცნობი.

ლიფტის კარი პირდაპირ აპარტამენტში იხსნება. 60-იოდე წლის კაცს ტელევიზორის ოთახში შევყავართ. მაილი ამჩნევს, როგორ მათვალიერებს მასპინძელი და ამშვიდებს, სანერვიულო არაფერია, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორიაო.

ფოტო: GQ

— აბა, მაჩვენე სიმწვანეები, — გადადის საქმეზე კაცი.

მაილი ჩანთიდან სხვადასხვა შეფუთვას იღებს.

— ლეგენდებს არ მომიყვები?

გოგო უცებ ვერ ხვდება, რა ლეგენდებზეა საუბარი.

როგორც ჩანს, კლიენტს აინტერესებს, რომელი ჯიში რისთვის გამოდგება. მაილი თან წამოღებული პროდუქტებიდან ქენდილენდს ურჩევს და აქციის პირობებს აცნობს: 4 ცალი პაკეტის შეძენის შემთხვევაში საჩუქრად საწუწნი კანფეტია გათვალისწინებული. სანამ კაცი ფიქრობს, ოთახში მისი ცოლი და შვილი შემოდიან. საბოლოოდ, კლიენტი მათი თანდასწრებით ყიდულობს 3 პაკეტს და ნაღდი ფულით იხდის 150 დოლარს.

— უნივერსიტეტში რას ასწავლით, სოციოლოგიურ კვლევას? — მეკითხება ინტერესით.

თავს ვუქნევ. ასეც შეიძლება ითქვას.

მერე ფრიკონომისტებზე (ეკონომისტები, რომლებიც თამამი და უცხო იდეებით გამოდიან) და ჩიკაგოს ნარკოტიკულ ბაზარზე ვსაუბრობთ. მეკითხება, მინახავს თუ არა შოუ High Maintenance. მოგვიანებით ვიგებ, რომ ეს კაცი ცნობილი მხატვარია. ბინის კედლებიც მთლიანად მისი აბსტრაქტული ნახატებით ყოფილა გაფორმებული. ხელს გვართმევს და გვემშვიდობება.

მეტროთი ვმგზავრობთ. ბინაში დაწყებულ საუბარს მე და მაილი ვაგრძელებთ. მაილი ფიქრობს, რომ ლეგალიზაცია ბიზნესისთვის სერიოზული გამოწვევაა. გადაწყობა შეიძლება რთული აღმოჩნდეს — "ახლა ფულს ჰაერიდან ვაკეთებთ. მერე კი მოგვიწევს მონეტიზაცია რეალურ სივრცეში მოვახდინოთ". ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ მომავალში ადამიანებს სახლში მიტანის სერვისი არ დასჭირდებათ. ნდობისა და პიროვნული ურთიერთობის საკითხიც მნიშვნელოვანია. ხანდახან კლიენტები დამატებით იხდიან გოგოებთან სალაპარაკოდ. მარის თუ დავუჯერებთ, 10-დან 7 მომხმარებელს მოსაწევი უნდა, დანარჩენ სამს — ლაპარაკი.

შემდეგი გამოძახება ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილშია, 57-ე ქუჩაზე. ქვემოთ კონსიერჟი ზის, რომელსაც მაილი ტელეფონში თავჩარგული უვლის გვერდს.

— ვისთან მიდიხართ? — გვეკითხება ბიჭი. მაილი სახელს ეუბნება.

კარს საოცრად ლამაზი ქალი გვიღებს. შეღებული კარიდან შეუდარებლად სუფთა სახლი მოჩანს. ქალს ნარინჯისფერი სავარჯიშო ტანსაცმელი აცვია და სპორტული სხეული აქვს. 30 წლის იქნება. ფანჯრის რაფაზე ტიტებია ჩამწკრივებული. მისთვის ეს პირველი გამოძახებაა და ამიტომ, ყურადღებით აკვირდება საქონელს.

— ორი პაკეტის აღებაზე ვფიქრობ. დიდხანს გაძლებს? მაცივარში შემიძლია შევინახო? — ეკითხება ანგელოზს. გერმანული აქცენტი აქვს.

მაილი პასუხობს, რომ მაცივარში შენახვის შემთხვევაში ვადაზე ნერვიულობა საჭირო არაა. მთავარია, დამატებით შეიფუთოს.

— მართალი ხართ, არ მინდა, რომ საჭმელს მარიხუანას სუნი აუვიდეს, — ეთანხმება ქალი.

მაილი კიდევ ერთხელ ყვება აქციის პირობებს. ხაზს უსვამს საწუწუნი კანფეტის უპირატესობებსაც. ქალი აღნიშნავს, რომ ადრე თვითონაც გამოუცხვია "სასაცილო ბრაუნი".

ქალი ოთხ პაკეტ მარიხუანას ყიდულობს და უფასოდ იღებს კანაფიან კარამელს.

მაილი ჯოხიან კანფეტს ინსტრუქციას აყოლებს: საკმაოდ ძლიერია. ნორმალური დოზა ერთი ცალია, მაგრამ ზოგი ნახევარ-ნახევარსაც იღებს.

ჟურნალების მაგიდაზე ცნობილი გერმანელი რედაქტორის წიგნი დევს. კლიენტი ამჩნევს, რომ წიგნს ვათვალიერებ და მეუბნება, ეს მამაჩემიაო. თვითონაც მწერალია.

ქვემოთ ჩასვლისას მაილის ტელეფონი რეკავს. ჰანი მკაცრად აფრთხილებს მაილის, რომ მის მეგობრად წარმადგინოს — "ყველაზე ცუდი, რაც შეგეძლო გეთქვა, ისაა, რომ ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორია".

თუ ანგელოზს არავინ დახვდება სახლში, კლიენტი გაფრთხილებას მიიღებს. სამი გაფრთხილება სამუდამო ბლოკს ნიშნავს. ხანდახან კლიენტი შიშველი აღებს კარს - ეს შავ სიაში მოხვედრის წინაპირობაა.

მაილი იძაბება და ამის შემდეგ ჩუმად ვმგზავრობთ. მისი აზრით, ჰანი ცდება და ჩემი სტატუსის ხსენება პირიქით, დადებითად მოქმედებს მწვანე ანგელოზების იმიჯზე. საბოლოო სიტყვა მაინც ჰანის ეკუთვნის და ასე იბადება ახალი ფსევდონიმი ჩემთვის — ეიჯეი.

შემდეგი გაჩერება ფეხსაცმლის ცნობილი დიზაინერის ოფისია. მე მისაღებში ვრჩები, კლიენტი და მაილი კი გარდერობისთვის განკუთვნილ ოთახში შედიან საქმიანი შეთანხმებისთვის.

მეოთხე გაჩერება — ბოუვერია, სასტუმროს ბოლო სართული. ლიფტის კართან დობერმანის ლეკვები გვხვდებიან. ჰიპ-ჰოპი ხმამაღლაა ჩართული. ნომრიდან ჰიპსტერულად ჩაცმული ბიჭი გამოდის და ერთ-ერთი ძაღლი ხელში აჰყავს. ჩემი დანახვა აკვირვებს. როგორც ჩანს, მარტო გოგოს ელოდა. დობერმანის ლეკვი ცდილობს, ხელიდან გაუსხლტეს. იქვე სხვა ორი ბიჭიც დგას. ძაღლები გაუჩერებლად ყეფენ. როგორც ჩანს, მაილის აქამდეც ჰქონია ცხოველებთან დაკავშირებული უსიამოვნო ინციდენტები და ამიტომ ერთი სული აქვს, როდის გავაღწევთ აქედან. ტრიო ოთხ პაკეტს ყიდულობს.

მაილიმ უკვე $150 იშოვა და ჯერ დღის ნახევარიც კი არ გასულა.

— ამდენი ფული ცხოვრების არც ერთ ეტაპზე არ მქონია, — მეუბნება გაბრწყინებული სახით.

ოთხ თვეში დაახლოებით $6000 დაზოგა. სექტემბერში ფლორიდაში აპირებს გადასახლებას, მანქანა უნდა იყიდოს და ტანსაცმლის საკუთარი ხაზი შექმნას.

სასწავლო სემესტრი სრულდება და მეტი თავისუფალი დრო მაქვს. ჰანი თათბირებს ისევ ოთხშაბათობით ნიშნავს.

ერთ-ერთ შეხვედრაზე მეუბნება, რომ ადვოკატს ესაუბრა ჩემზე. სიტყვიერად ვთანხმდებით, რომ წიგნიდან შემოსავალი არ სჭირდება, მაგრამ თუ ოდესმე ჩემს წიგნს ფილმად აქცევენ, წილი მასაც უნდა შეხვდეს.

— თუ ფილმი $10 მილიონს მოიგებს, $1 მილიონი მე მინდა, — ამბობს ჰანი და მუცელზე ხელს იდებს, — ბავშვისთვის, ხომ ხვდები.

მერე კიდევ ერთხელ ვსაუბრობთ უსაფრთხოების საკითხებზე. ვუდასტურებ, რომ ნამდვილ სახელებს არ გამოვიყენებ. კიდევ ერთი ტაბუდადებული თემა პროდუქციის აღების ეტაპია. რამე ზედმეტი რომ დაწერო, მომკლავენო, მეუბნება. ჰანის ცხოვრებაში რამდენჯერმე დამუქრებიან სიკვდილით, ძირითადად, ფულის დაგვიანების გამო.

— ასეთ დროს ვპასუხობ, რომ ფედერალებს დავურეკავ და ჩინეთში დააბრუნებენ, ან ვეუბნები, რომ თავს წავაწყვეტ მასაც და დედამისსაც. შეშლილი გოგოს იმიჯი ყოველთვის მუშაობს, — იცინის ჰანი.

ჰანი და მისი ბოიფრენდი, პიტერი ცოტა ხნის წინ დაბრუნდნენ მერილენდიდან, სადაც მსხვილი მოვაჭრისგან 30 000 ცარიელი ჰერმეტული პაკეტი შეიძინეს ვითომდა შებოლილი ხორცისთვის. საქმიანი შეხვედრის ბოლოს მერილენდელმა ბიზნესმენმა ჰანის ჰკითხა, ცოტა ხორცი ჩემთვისაც ხომ არ გექნებაო. პიტერი ვერ მიხვდა, რაზე იყო საუბარი და კაცს რამდენიმე თავი მარიხუანა შესთავაზა. ჰანიმ ძლივს განმუხტა სიტუაცია.

პიტერი თვითონაც ზრდიდა მარიხუანას კალიფორნიაში, მაგრამ 2005 წლიდან შეეშვა. ახლა სხვა პლანტატორებს ეხმარება იმ შტატებში, სადაც მარიხუანას გაზრდა ლეგალურია. მისი აზრით, მარიხუანას ბაზრისთვის მთავარი პრობლემა არც პოლიციაა და არც კარტელები. მთავარი პრობლემა დიდი კომპანიებია. მაგალითად, მონსანტო აქტიურად ეძებს გზებს ყველაზე ძლიერი მარიხუანას გასაზრდელად.

— არ შეიძლება, მონსანტო ან მარლბორო ყიდდეს ჯოინთებს. კანაფი უვნებელი მცენარეა, მაგრამ დიდი ბიზნესები ათასი მინარევით დააბინძურებენ. ამას როგორმე უნდა შევუშალოთ ხელი, — ამბობს პიტერი.

ჰანი კალიფორნიას ყოველ თვე-ნახევარში ერთხელ სტუმრობს. უნდა, რომ მოვლენებში ჩამრთოს, მაგრამ ყოყმანობს. მთავაზობს, პროდუქციის ასაღებად წავყვე, მაგრამ მერე შეთავაზება უკან მიაქვს. როცა ვხვდები, რომ კალიფორნიაში არ წამიყვანს, ვთხოვ, დეტალები მაინც მომიყვეს საქმიანი გარიგებების შესახებ.

ამჟამად ჰიდროფონული, სახლში გაზრდილი ნახევარი კილო მარიხუანა $3000 ღირს. დაფასოების შემდეგ ჰანი დაახლოებით 100%-იან მოგებაზე გადის. მწვანე ანგელოზები ყოველთვის კრედიტით მუშაობენ, იღებენ $300 000 ღირებულების საქონელს და ფულს სრულად გაყიდვის შემდეგ აბრუნებენ. ხანდახან მოსაწევი უხარისხოა, ან ცხელ ამინდში ხანგრძლივი ტრანსპორტირების გამო თივას ემსგავსება. ისეც ხდება, რომ პლანტატორები სპეციალურად აგზავნიან ნაგავს, რადგან მათი აზრით, ნიუ-იორკისთვის ყველაფერი გამოდგება. ასეთ დროს პროდუქციის გასაღება რთულია და ფულის დაბრუნებაც ფერხდება.

ფოტო: GQ

ამჟამად ჰანის კანაფი უმეტესად ფედექსით ჩამოდის. თვითტრანსპორტირება $500 ჯდება, გადამზიდით კი ფასი ნახევარ კილოზე დაახლოებით 200 დოლარია. მიუხედავად იმისა, რომ გზავნილები ხშირად იკარგება, განსხვავება მაინც საგრძნობია. დაკარგული ყუთების მიღმა ხშირად თანამშრომლები დგანან. მათ იციან, რომ მიმოქცევაში ხშირად ხვდება მარიხუანა და მეტიც, ბევრმა მათგანმა თავის დროზე სწორედ ამიტომ დაიწყო ფედექსში მუშაობა. თუ ამ კომპანიის პარკინგზე ოდესმე მოხვდებით, შეამჩნევთ, რომ ჩვეულებრივ მძღოლებს სპორტული მანქანები ჰყავთ.

არსებობენ ფედექსის ინსპექტორები, რომლებიც ცდილობენ, ნარკოტიკების კვალს მიაკვლიონ. ხანდახან ისინი საკონტროლო ყუთს გზავნიან ამა თუ იმ მისამართზე და ელოდებიან, როდის მიაკითხავს ადრესატი. ჰანის სპეციალური მოწყობილობა აქვს, რომელიც სიგნალს გამოსცემს, თუ ყუთში ტრანსპონდერი ან თრექინგის მოწყობილობაა მოთავსებული. ასე რომ, ამ მახეში არ გაებმება.

კარგ თვეში ჰანის მოგება დაახლოებით $150 000-ია, აქედან $15 000-ს საკუთარ თავზე ხარჯავს. მეუბნება, დანარჩენი ბანკში მიდისო, მაგრამ ეს ასე არაა. სავარაუდოდ, სადღაც არსებობს ნაღდი ფულის გორა, რომელიც უფრო და უფრო მაღლდება.

ამჟამად მისი დანაზოგი $1 მილიონს შეადგენს. ეს ის თანხაა, რომელიც "შავი დღისთვის" და კანონთან საქმის გასარკვევად აქვს გადანახული.

ვეკითხები, როგორ აპირებს ფულის გათეთრებას.

— როგორც წესი, ფულს მაშინ ათეთრებ, როცა ბიზნესს თავს ანებებ. ხანდახან გათეთრება პირდაპირი მნიშვნელობით გათეთრებაა. მაგალითად, მიდიხარ ატლანტაში და ხსნი 10 სამრეცხაოს. იგივე ლას-ვეგასის მეშვეობითაც კეთდება. ფული უნდა მოიგო და უძრავი ქონება იყიდო, — მიყვება ჰანი.

ბავშვის დაბადებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. ჰანი მაკკარენის პარკში, ვილიამსბურგში მეპატიჟება ბეიბი შაუერზე (წვეულება, რომელსაც ბავშვის გაჩენამდე ცოტა ხნით ადრე აწყობენ). სასიამოვნო შაბათი დღეა. სტუმრები საკუთარ სურვილებს სპეციალურ წიგნში წერენ. ჰანი მთხოვს, მეც ჩავწერო რამე, რადგან მწერალი ვარ.

"ბავშვებზე ამბობენ, რომ ისინი პურით ხელში იბადებიან. მე კი გისურვებ, მთელი საცხობით ხელში დაბადებულიყავი", — ასეთია ჩემი ტექსტი.

ანგელოზებიც აქ არიან. შამპანურს სვამენ და ვაპორაიზერს აბოლებენ. ჰანი გვთავაზობს, რეზინის ბურთით ბოულინგი ვითამაშოთ. კეგლების ნაცვლად ბავშვის საწოვარებია ჩამწკრივებული.

სანამ მე ეიჯეის სახელით დავდიოდი მისამართებზე, ჰანისთან დედა და და ჩამოვიდნენ. დაუჯერებელია, მაგრამ მორმონმა დედამ ჰანის სთხოვა, იქნებ მარიხუანა იშოვო ბაბუასთვისო. ეს მანჰეტენზე, ტურისტების რიგში მოხდა.

ჰანიმ უპასუხა, ვეცდები, ვიშოვოო და დედამისმა შვებით ამოისუნთქა, ასეც ვფიქრობდი, რომ ვინმე გეცოდინებოდაო.

— სასაცილოა, რომ ზუსტად ის სთხოვა, რაზეც წლების წინ თვითონ ეჩხუბებოდა, — ერთვება ჩვენს საუბარში პიტერი.

***

პიტერსა და ჰანის ბავშვი შეეძინათ და ახალბედა მშობლების მოსანახულებლად მივდივარ. ხელებს საგულდაგულოდ ვიბან, რომ ჩვილი ხელში ავიყვანო. სულ რაღაც კვირა-ნახევრისაა და უკვე საკმაოდ გაწონასწორებულია. ჰანი იმაზე ბედნიერი ჩანს, ვიდრე ოდესმე მინახავს. მეუბნება, რომ ბავშვს ღამით კარგად სძინავს.

პიტერს ვეკითხები, როგორი გრძნობაა, როცა მამა ხდები-მეთქი?

— მაგარია, — მპასუხობს ის.

ბავშვი სამი კილო და 700 გრამი დაიბადა. მშობიარობის შემდეგ ჰანიმ მედდების საუბარს მოჰკრა ყური:

— ჰო მაგრამ, ეს მხოლოდ მარიხუანაა, — ამბობდა ერთი მედდა. ცოტა ხანში ახალდაბადებული ბავშვი ექიმებმა ინტენსიური თერაპიის ოთახში გადაიყვანეს, სადაც ის ყველაზე დიდი და ჯანმრთელი ბავშვი იყო შვიდთვიან ჩვილებს შორის. პრობლემა ჰანის ანალიზმა შექმნა. მის შარდში THC-ის შემცველობა იმდენად მაღალი იყო, რომ ამ საკითხით სოც. მუშაკები დაინტერესდნენ.

საბოლოოდ, სოციალურმა მუშაკებმა გადაწყვიტეს, რომ ჰანისთვის ბავშვი დაეტოვებინათ, ოღონდ იმ პირობით, თუ მოსამზადებელ კურსს გაივლიდა და ორი თვის განმავლობაში მუდმივად ჩააბარებდა ანალიზებს. გაუფრთხილებელი ვიზიტი ერთხელ უკვე შედგა, რა დროსაც ჰანის ბავშვის ოთახში შენახული მარიხუანას გადაყრა მოუწია.

— თვე-ნახევარიც და ისევ მოვწევ, — დღეებს ითვლის ჰანი.

სულ ოთხი შვილის გაჩენას აპირებს. ამბობს, რომ მორმონებისთვის დედობა უმაღლესი ღირებულებაა.

მწვანე ანგელოზების ლიდერს გაუმართლა, რომ ჩვეულებრივ საავადმყოფოში იმშობიარა. იგივე სიტუაცია რომ მორმონების საავადმყოფოში მომხდარიყო, ბავშვს თვალითაც ვეღარ ნახავდა.

ჰანის უკვე დაგეგმილი აქვს მომავალი მოგზაურობები. საშობაოდ პიტერთან და ბავშვთან ერთად მაუიზე აპირებს წასვლას. ზაფხულში კი ხორვატიასა და უნგრეთს უნდა ესტუმროს, სადაც მისი მოდელი მეგობრები ცხოვრობენ. როგორც არ უნდა გაგრძელდეს ეს ამბავი, ცხადია, რომ ნიუ-იორკში ცხოვრება ჰანის აღარ სურს. მწვანე ანგელოზებს სხვები დაინაწილებენ.

სანამ ჰანი ბავშვის მოვლაზე იყო გადართული, მწვანე ანგელოზებს ჩარლი და სხვა მეთვალყურეები მართავდნენ. არაფერი გაფუჭებულა, პირიქით. მინიმალური ნავაჭრი ახლა 200 დოლარია. იყო რამდენიმე ინციდენტი — მაგალითად, ერთმა კლიენტმა კარი სრულიად შიშველმა გააღო. კარგი ამბავიც მოხდა — კონდიტერმა ისეთ ქარხანაში დაიწყო მუშაობა, სადაც მკაცრად არ აკონტროლებენ და შეუძლია, 3 საათში 1000 კარამელი მოამზადოს. თითოეულის საწარმოო ღირებულება 4 დოლარია, ჰანი კი მათ გაყიდვას 12 დოლარად აპირებს.

სანამ ერთმანეთს დავემშვიდობებოდეთ, ჰანი მეუბნება, რომ გოგოებს მოვენატრე და შევეხმიანო. ბავშვი ტირილს იწყებს, პირველად საათ-ნახევრის განმავლობაში. ჰანი საფენს უმოწმებს და პიტერს ეძახის. პიტერი იმ მამებს მიეკუთვნება, რომლებიც ბავშვს უპრობლემოდ უცვლიან საფენს.

უკვე გასუფთავებული პატარა ისევ დედის მკლავებს უბრუნდება.

— რა გინდა გამოხვიდე, როცა გაიზრდები? შენც დედიკოსავით დილერი უნდა იყო? — ნაზად ესიყვარულება ბავშვს ჰანი, — თუმცა, შენ რომ დიდი იქნები, მაგ დროისთვის ყველაფერი ლეგალური იქნება, ასე რომ, ალბათ, სხვა პროფესიის მოფიქრება მოგიწევს, — ამატებს სიცილით.