Rolls-Royce მთვარისა და მარსის წიაღისეულის მოპოვებისთვის ატომურ რეაქტორზე მუშაობს
Rolls-Royce, რომელიც ფართო მასებისთვის ძირითადად მდიდრული ავტომობილების წარმოებითაა ცნობილი, მარსზე და მთვარეზე წიაღისეულის მოპოვებისთვის ატომურ რეაქტორზე მუშაობს — ამის შესახებ ინფორმაციას The Mail ავრცელებს. ამ წლის დასაწყისში, კომპანიამ გაერთიანებული სამეფოს კოსმოსურ სააგენტოსთან ერთად საერთო კვლევა გამოაქვეყნა, სადაც ისინი მარსზე და მთვარეზე წიაღისეულის მოპოვებისათვის ბირთული ენერგიის გამოყენების სხვადასხვა გეგმას განიხილავდნენ.
Rolls-Royce სწავლობს თუ როგორ შეიძლება მიკრო-ბირთვული რეაქტორების გამოყენება რაკეტების გასაშვებად კოსმოსში და შემდგომ, ამავე ტექნოლოგიის გამოყენებით ბურღვისა და სხვა "სამთო" სამუშაოების შესრულება წითელ პლანეტასა და მთვარეზე.
დეივ გორდონი, კომპანიის თავდაცვის დანაყოფის უფროსი აცხადებს, რომ ამ სახის სამუშაოების შესრულება ჯეფ ბეზოსისა და ილონ მასკის კოსმოსური კომპანიების მეშვეობითაა შესაძლებელი.
მან ასევე აღნიშნა, რომ როლს-როისი არის ერთადერთი კომპანია პლანეტაზე, რომელსაც აქვს მექანიკური, ელექტრონული და ბირთვული ტექნოლოგიების გასავითარებელი შესაძლებლობები. დეივმა ისიც ახსენა, რომ როლს-როისს აქვს გამოცდილება ბირთვული წყალქვეშა ნავების მშენებლობისა, რომლებსაც ისინი ბრიტანეთის ფლოტისთის ქმნიდნენ და მათ შეუძლიათ ეს გამოცდილება კოსმოსური ხომალდების მშენებლობისთვის გამოიყენონ.
გორდონი აღნიშნავს, რომ დედამიწაზე წიაღისეულის სერიოზული დეფიციტია და რომ მისი ქერქიდან მათი მოპოვება პლანეტისთვის დამაზიანებელია. ის თვლის, რომ ამ მეტალებისა და წიაღისეულის ამოღება მთვარისა და მარსის ზედაპირიდან უფრო უსაფრთხო და მომგებიანი იქნება.
როლს-როისი ერთადერთი კომპანია არ არის, ვისაც ასეთი ამბიციები აქვს. Lunar Outpost, Honeybee Robotics და Masten Space, ეს ის კომპანიებია, რომელთა მიზანიც მთვარიდან გაყინული წყლის ამოღებაა. ისინი იმედოვნებენ, რომ ამას 2023 წელს შეძლებენ.
გარდა ამისა, არიზონას უნივერსიტეტის მკვლევრებმა მიიღეს 500 000 დოლარიანი გრანტი NASA-სგან, რათა შეიმუშაონ კოსმოსური წიაღისეულის მოპოვების მეთოდები. ისინი მუშაობენ ავტონომიური რობოტების ჯგუფებზე, რომლებიც შეძლებენ მოიძიონ და მოიპოვონ იშვიათი დედამიწური მეტალები მთვარეზე.
ასევე, არსებობს მოსაზრება, რომ პირველი ტრილიონერები ისინი იქნებიან, ვინც პირველად შეძლება ასტეროიდებიდან წიაღისეული მოპოვებას. ასეთი ამბიციები დღეს დედამიწაზე უკვე ბევრს აქვს, ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს თუ რამდენიმე წელიწადში მთვარისა და მარსის ბურღვას მართლა დავიწყებთ.
კომენტარები