ახალი კვლევის თანახმად, გველები დედამიწაზე ასტეროიდის ჩამოვარდნის შემდეგ განვითარდნენ
ახალი კვლევის თანახმად, დღეს არსებული გველის ყველა სახეობა იმ ასტეროიდის ჩამოვარდნის შემდეგ წარმოიშვა, რომელმაც დინოზავრების განადგურება გამოიწვია. საუბარია პატარა სახეობებზე, რომლებიც ასტეროიდის ჩამოვარდნას გადაურჩნენ და დღეს სხვადასხვა სახეობის წინაპრები არიან.
მიუხედავად იმისა, რომ პლანეტაზე მცხოვრები მცენარეებისა და ცხოველების სახეობების სამი მეოთხედი განადგურდა 66 მილიონი წლის წინ მომხდარი შეჯახების შედეგად, გველები არა მხოლოდ გადარჩნენ, არამედ მალევე დაიწყეს გამრავალფეროვნება.
კვლევამ, რომელსაც აბატის უნივერსიტეტის მკვლევრები უძღვებოდნენ, დაადგინა, რომ ქვეწარმავლების უნარი, დიდი ხნით მიწისქვეშ შეფარებულიყვნენ საკვების გარეშე, დაეხმარა მათ შეჯახების შემდგომ გადარჩენაში, ხოლო კონკურენტების გაქრობამ და ახალი ჰაბიტატების შექმნამ გველებს ფართოდ გავრცელების საშუალება მისცა.
"ეს საოცარია, რადგან ისინი არა მხოლოდ მასიურ გადაშენებას გადაურჩნენ, არამედ პირიქით, შემდეგ პერიოდში უფრო გავრცელდნენ", — თქვა წამყვანმა ავტორმა დოქტორმა კეტრინ კლაინმა.
პასუხების მისაღებად კეტრინმა და მისმა გუნდმა გაანალიზა გენეტიკური განსხვავებები თანამედროვე გველებს შორის, რომლებშიც თითქმის 4 000 დღესაც არსებული სახეობაა და სხვა ნამარხები შედის. აღმოჩენის თანახმად, გველის სახეობები დედამიწაზე გავრცელდა ასტეროიდის პლანეტაზე ჩამოვარდნის შემდეგ, ხოლო ამ მხრივ მეორე ეტაპი გამყინვარების პერიოდში მოხდა.
"ეს ევოლუციის ზოგადი მახასიათებლად შეგვიძლია ჩავთვალოთ. ბიომრავალფეროვნების განადგურება სიცოცხლის ახალი ფორმების განვითარების შესაძლებლობას იძლევა. შესაბამისად, გველების ისეთი სახეობა, როგორიცაა კობრა და პითონი დედამიწაზე ასტეროიდის ჩამოვარდნის შემდეგ გაჩნდა", — ამბობენ მკვლევრები.
კვლევა, რომელიც რეცენზირებულია და გამოქვეყნებულია Nature Communications-ში, აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება გარემოში არსებულმა მნიშვნელოვანმა ცვლილებებმა პირდაპირ გავლენა მოახდინოს სახეობის ევოლუციაზე და გამოიწვიოს ახალი სახეობების ჩამოყალიბება.
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები