როგორ დაგეგმეს პატრიარქმა და მმკ-მ "ოჯახის სიწმინდის დღის" შექმნა — მასალები ჩანაწერებიდან
სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან (სუს) გაჟონილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2014 წელს "ოჯახის სიწმინდის დღის" შემოღება პატრიარქისა და ძალადობრივი მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის (მმკ) ერთობლივი გეგმით მოხდა. 2013 წლის 17 მაისის შემდეგ, როცა სასულიერო პირებმა და მრევლმა მშვიდობიანი მოქალაქეები დაარბიეს, ყოველ წელს, 17 მაისს, საპატრიაქო ამ დღეს აქცია-მსვლელობებს ატარებს და მას "ოჯახის სიწმინდის დღეს" უწოდებს.
მასალებში იძებნება 2014 წლის 10 მაისით დათარიღებული ფაილი, სადაც წერია, რომ ამ დღეს მმკ-ს ერთ-ერთი იდეოლოგი, ვაზისუბნის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მოძღვარი, გურამ გამცემლიძე დაუკავშირდა ქვემო თელეთის ღვთისმშობლის ხარების ეკლესიის წინამძღვარს, თენგიზ (ბასილ) იაშაღაშვილს და და აცნობა, რომ 9 მაისს 21:00 საათზე, 17 მაისს დასაგეგმ ღონისძიებებთან დაკავშირებით, სხვა სასულიერო პირებთან ერთად იმყოფებოდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია II-სთან.
აქვე მოყვანილია ამ ორი სასულიერო პირის საუბრის დეტალები:
არსებობს კიდევ ერთი დოკუმენტი, რომელიც ასევე 10 მაისითაა დათარიღებული. ამჯერად მოყვანილია სოფელ დიღმის წმინდა მარინეს სახელობის ტაძრის წინამძღვრის, მმკ-ს ერთ-ერთი ლიდერის, დავით ისაკაძისა და ამავე ტაძრის მღვდელმსახურის, ნიკოლოზ ჩხიკვაძის საუბარი. დოკუმენტის მიხედვით, ისაკაძე ჩხიკვაძეს ღამის საათებში დაუკავშირდა. ფაილში მითითებულია, რომ ეს პირები, სასულიერო პირების გარკვეულ ნაწილთან ერთად, 9 მაისს, 21:00 საათზე, 17 მაისს დასაგეგმ ღონისძიებებთან დაკავშირებით იმყოფებოდნენ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია II-სთან.
აღსანიშნავია, რომ ამავე ფაილების მიხედვით, დავით ისაკაძე ორჯერ ნასამართლევია: ძარცვისა და ავტომობილის გატაცებისთვის.
უკვე 11 მაისით დათარიღებულ ფაილში ვკითხულობთ, რომ ძალადობრივი ჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი, გურამ ფალავანდიშვილი ესაუბრა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს და საუბარი შეეხო სასულიერო პირების მიერ 17 მაისს დაგეგმილ აქცია-მსვლელობას.
"გ.ფალავანდიშვილის თქმით, მსვლელობა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით იგეგმება 10:00 საათზე თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის (ფილარმონია) მიმდებარე ტერიტორიიდან, რუსთაველის გამზირის გავლით წმინდა სამების საკათედრო ტაძრამდე, სადაც 12:00 საათზე საქ. პატრიარქი ილია II ჩაატარებს პარაკლისს. საუბრისას გ.ფალავანდიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მ.წ. 17 მაისს გეგმავს საპროტესტო აქციის გამართვას, რაზედაც სჭირდება საქ. პატრიარქის ლოცვა-კურთხევა", — აღნიშნულია დოკუმენტში.
ამავე ფაილის მიხედვით, სამების საკათედრო ტაძარში პარაკლისის ჩატარების შემდეგ, გარკვეული ჯგუფები პარლამენტთან გეგმავენ აქციის ჩატარებას მოთხოვნით: გაუქმდეს (ანულირდეს) ანტიდისკრიმინაციული კანონი ან კანონიდან ამოიღონ სექსუალური უმცირესობის საკითხი.
დოკუმენტში მითითებულია, რომ ამ აქციასთან დაკავშირებით ფალავანდიშვილი მოლაპარაკებას აწარმოებს "საქართველოს საგვარეულოთა კავშირი — გვარი და გვარიშვილობას" დირექტორ მიხეილ ადღულაძესთან და ამავე ორგანიზაციის ერთ-ერთ დამფუძნებელ ლევან ფრუიძესთან. გარდა ამისა, ამ ფაილების შემქმნელებისთვის ცნობილია ისიც, რომ 17 მაისს საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს "ეროვნულ ქრისტიანული მოძრაობა — ქართული იდეის" ხელმძღვანელი, "ყოფილი პოლიტპატიმარი და 2013 წლის პრეზიდენტობის კანდიდატი" ლევან ჩაჩუა.
უკვე 12 მაისით დათარიღებულ დოკუმენტში წერია, რომ აქციის შესახებ ფალავანდიშვილი კვლავ ესაუბრა მიხეილ ანდღულაძეს და აცნობა ხელმოწერების შეგროვების დაწყების შესახებ, ასევე, უთხრა, რომ ამ მოთხოვნებს ხელი უკვე მოაწერეს ლევან ვასაძემ და დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
საქაღალდეში არსებული სხვა ფაილებიდან კი კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ძალადობრივი ჯგუფები მუდმივ კომუნიკაციაში არიან და კონსულტაციებს გადიან სასულიერო პირებთან, მეტწილად მმკ-სთან, რომლის წევრებიც, თავის მხრივ, პატრიარქთან ერთად გეგმავენ "ოჯახის სიწმინდის დღის" დაარსებას.
მაგალითად, 2014 წლის მარტში, ჩანს, რომ ფალავანდიშვილი და ლორთქიფანიძე აპირებენ მიმართონ პრეზიდენტს, მთავრობას, პარლამენტს, მერიას და მოითხოვონ, არ გაიცეს 17 მაისს ჰომოფობიის საწინააღმდეგო დღესთან დაკავშირებით აქციის გამართვის ნებართვა. დოკუმენტის მიხედვით, ფალავანდიშვილმა წერილთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიარა და კურთხევა მიიღო ძალაანთხევის, წმინდა ბასილი დიდის სახელობის მონასტრის წინამძღვარ ზურაბ (ბასილ) ანთაძისგან.
ფაილებში წერია ისიც, რომ ლევან ჩაჩუა "ქვეყანაში არსებულ რელიგიურ და პოლიტიკურ საკითხებზე კონსულტაციებს გადის სამცხე-ჯავახეთის ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორე ჭუაძესთან". დოკუმენტის მიხედვით, ჩაჩუა და მმკ-ს ერთ-ერთი ლიდერი, დავით ისაკაძე ქვეყანაში არსებულ რელიგიურ და პოლიტიკურ საკითხებზე კონსულტაციებს გადიან ძალაანთხევის წმინდა ბასილი დიდის სახელობის მამათა მონასტერს წინამძღვარ დეკანოზი ზურაბ (ბასილ) ანთაძესთან, რომელსაც ახლო კავშირები გააჩნია მეუფე თეოდორე ჭუაძესთან. ამავდროულად, ფაილების თანახმად, თავად ჩაჩუას ახლო ურთიერთობები გააჩნია მეუფეებთან და მღვდელმსახურებთან:
- სამცხე-ჯავახეთის ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ მეუფე თეოდორე ჭუაძესთან;
- ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტ მეუფე იობ აქიაშვილთან;
- ბოლნისის ეპარქიის მთავარეპისკოპოს მეუფე ეფრემ გამრეკელიძესთან;
- ვაშლიჯვრის ნათლისღების ტაძრის წინამძღვართან, დეკანოზ დავით ქვლივიძესთან;
- ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ეკლესიის წინამძღვარ გიორგი რაზმაძესთან.
გარდა ამისა, მითითებულია კიდევ რამდენიმე სასულიერო პირი, რომლებთანაც ჩაჩუას კარგი ურთიერთობა აქვს, მათ შორის, სიონის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურ, დეკანოზ დავით ლასურაშვილთან.
დოკუმენტების მიხედვით, ლევან ჩაჩუას ორგანიზაცია ჩამოყალიბდა 2013 წლის 22 დეკემბერს და მისი წევრების ძირითადი ნაწილი ეკლესიების მღვდელმსახურთა მრევლისაგან არის დაკომპლექტებული.
აღსანიშნავია, რომ ამავე ფაილში აღწერილია მმკ-ს საქმიანობა და მითითებულია, რომ წევრები "გამოირჩევიან აგრესიულობით, მათ მიერ არაერთხელ იქნა გამოვლენილი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისადმი ზეწოლის ფაქტები". დოკუმენტში არის ჩამონათვალიც. კერძოდ, თავდასხმა ჰელოუინის მონაწილეებზე, სამეცნიერო კონფერენციის ჩაშლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხანუქას ჩაშლის მცდელობა და კონსტრუქციის დაზიანება. გარდა ამისა, ჩამონათვალში არის 2013 წლის 17 მაისიც, თუმცა ფაილების ავტორი მიიჩნევს, რომ "შსს-ს მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად, აღკვეთილ იქნა ზემოხსენებული საზოგადოების დარბევა და მათ მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების მცდელობა".
კონკრეტულად "ოჯახის სიწმინდის დღეს" რომ დავუბრუნდეთ, ინტერნეტში მარტივი ძიებითაც კი შეიძლება გადამოწმება, რომ კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ეს დღე სწორედ 2014 წლის 11 მაისს "დააარსა". მან ამის შესახებ მრევლს საკვირაო ქადაგებისას აცნობა. სწორედ ამას ამბობენ სავარაუდოდ, სუს-დან გაჟონილ ფაილებში მმკ-ს ლიდერები. 2014 წლიდან დღემდე, 17 მაისს სასულიერო პირები და მრევლი ქუჩებში გამოდიან და აქცია-მსვლელობებს მართავენ, მშვიდობიან მოქალაქეებს კი, რომლებიც ჰომოფობიასა და სიძულვილს აპროტესტებენ, გამოხატვის თავისუფლება ეზღუდებათ.
გაიგე მეტი:
კომენტარები