როცა დმანისის მახლობლად არქეოლოგიური გათხრებისთვის ადგილის პოვნას ცდილობ, ძნელი მისახვედრი არაა, რომ უძველესი ადამიანის კვალს ადგახარ.

1999-2005 წლებში სწორედ დმანისში იპოვეს ჰომო ერექტუსები, ზეზვა და მზია. ამით მტკიცდება, რომ აფრიკიდან წამოსული ჩვენი უძველესზე უძველესი წინაპრები საქართველოში სახლობდნენ, საიდანაც ევროპასა და სხვა კონტინენტებზე გავრცელდნენ. ამ ყველაფერზე დაყრდნობით შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა — ამ მსოფლიო მნიშვნელობის აღმოჩენის შემდეგ, კიდევ რის პოვნას უნდა ცდილობდეს შორიახლო არქეოლოგთა ჯგუფი?

გიორგი ბიძინაშვილი 18 წელია დმანისის გათხრებში მონაწილეობს, თუმცა 2019 წლის ოქტომბერში დაზვერვებს ამ ძეგლის გარეთ, ოროზმანში აწარმოებდა. ცოდნა, გამოცდილება, კარგი პროფესიული ალღო ის კომპონენტებია, რომლებიც მას, გუნდის სხვა წევრებთან ერთად, ამ ტერიტორიაზე მეორე მსოფლიო მნიშვნელობის აღმოჩენის გაკეთებაში დაეხმარა.

ოროზმანში 10-კაციანმა მკვლევართა გუნდმა არქეოლოგიური გათხრები აგვისტოში დაიწყო. ამ ეტაპზე კი უკვე აღმოჩენილია 30-ზე მეტი არტეფაქტი, განამარხებული ცხოველები და იარაღები, რომლებსაც პრეისტორიული ადამიანი ნადირობისთვის, თუ საკვების დასამუშავებლად იყენებდა. ეს აღმოჩენა მოწმობს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ჰომო ერექტუსები უფრო ფართოდ და უფრო დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ განსახლებული, ვიდრე აქამდე გვეგონა. ეს კი ბევრ რამეს ცვლის.

არქეოლოგიური გათხრები ოროზმანში

ფოტო: გიორგი ბიძინაშვილი

მართალია, გათხრები კიდევ რამდენიმე წელი უნდა გაგრძელდეს, თუმცა, დღეს უკვე შეგვიძლია აღმოჩენის მნიშვნელობაზე იმ არტეფაქტებზე დაყრდნობით ვისაუბროთ, რომლებიც უკვე ნაპოვნია. როგორც საქართველოს ეროვნული მუზეუმის, ოროზმანის ინტერდისციპლინარულ მეცნიერთა ჯგუფის ხელმძღვანელი — გიორგი ბიძინაშვილი აღნიშნავს, "ეს ძეგლი აღარ არის საქართველოს საკუთრება. ეს მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლია. ეს არა უბრალოდ არქეოლოგიური ძეგლია და წარსულის რაღაც მომენტზე ჰყვება, არამედ ადამიანის წინარე სახეობის აფრიკიდან გამოსვლასა და განსახლებას მოგვითხრობს". როგორ მივიდა გუნდი ამ აღმოჩენამდე და რა ეტაპები გაიარა მანამ, სანამ ძეგლის შესწავლას ოფიციალურად შეძლებდა? ამაზე ქვემოთ მოგიყვებით.

პირველი ნაბიჯები — პროფესიული ალღო და დაზვერვა

ეროვნული მუზეუმის მკვლევრები დმანისის ჯგუფიდან დიდი ხანია დმანისის გათხრებში მონაწილეობენ, აქაური ტერიტორიის სპეციფიკას კი კარგად იცნობენ. გუნდს ჰქონდა ეჭვი, რომ ჰომინიდების განსახლების/აქტივობის ადგილი მხოლოდ დმანისში არ უნდა ყოფილიყო, ამიტომ, დაზვერვა დმანისიდან 14 კილომეტრში, ქვემო ოროზმანში დაიწყეს.

ფოტო: Google Maps

"დმანისში არის ძალიან დიდი პოპულაცია წარმოდგენილი ერექტუსების, 2-დან 4%-მდეა ამ ტერიტორიის შესწავლილი და უკვე 5-ზე მეტი ინდივიდი გვყავს, რაც აბსოლუტური რეკორდია. მაგალითად, აფრიკის კონტინენტზე 1.8 მილიონი წლის ამდენი ინდივიდი მთლიანად არ არის ნაპოვნი. ამიტომ, რა თქმა უნდა, მუსირებდა ჩვენში აზრი და ამ აზრს ვერ ვანებებდი მე პირადად თავს, რომ ძალიან დიდი პოპულაცია უნდა ყოფილიყო და მარტო იქ არ უნდა ეცხოვრათ", — მიყვება გიორგი ბიძინაშვილი.

სწორედ ამ აზრით ატანილებმა დაიწყეს დაზვერვა 2019 წელსაც. დაზვერვის დაწყებამდე მკვლევრები გეოლოგიურ რუკებს სწავლობენ, ამ რუკებზე კი პალეო ტბებს. გამომდინარე იქიდან, რომ ჰომინიდების განსახლებისთვის ტბა მნიშვნელოვანი კომპონენტია, დაზვერვებისთვის არჩევენ ისეთ ადგილს, სადაც მილიონობით წლის წინ ტბა მდებარეობდა. ასე შეირჩა ოროზმანიც, თუმცა, 2019 წელს, მრავალდღიანმა დაზვერვამ შედეგი ვერ გამოიღო და ეროვნული მუზეუმის არქეოლოგები დმანისის ჯგუფიდან უკვე უკან დაბრუნებას აპირებდნენ, როცა რაღაც მოულოდნელი მოხდა.

1.8 მილიონი წლის წინანდელი ადამიანის აქტივობის კვალის აღმოჩენა

ძეგლის აღმოჩენის მომენტი, გიორგი ბიძინაშვილი და ნიკოლოზ ვანიშვილი, 2019 წლის 24 ოქტომბერი

ფოტო: გიორგი ბიძინაშვილი

"2019 წელი იყო, 24 ოქტომბერი, დაზვერვის ბოლო დღე იყო უკან ვბრუნდებოდით უკვე, რადგან დიდი ვერაფერი ვნახეთ. ერთი ადგილი გვქონდა თვალით მონიშნული, როცა მივდიოდით გზად, ვთქვით, მოდი ამ ადგილზეც გავჩერდეთ. გავჩერდით და ვნახეთ, რომ პროფილი და ბევრი ნალექი იყო. უცებ ჩვენმა პალეონტოლოგმა – ნიკოლოზ ვანიშვილმა პროფილიდან გამოაძრო ხმალკბილა ვეფხვის კბილი. ჩვენს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, რადგან ხმალკბილა ვეფხვი 1.5 მილიონი წლის წინ გადაშენდა კავკასიის ტერიტორიაზე. ჰომოთერიუმი, რომელიც არის გამოსახული ჩვენს ლოგოზე, სწორედ ამ მომენტს უკავშირდება. შემდეგ მე იქვე გამოვაძრე ანატკეცი, ანატკეცი კი ადამიანის ძეგლზე აქტივობის ნიშანია, ანუ იარაღია, რომელიც ქვის ხანის ძეგლზე ადამიანის აქტივობას ადასტურებს", — გიორგი ბიძინაშვილი.

აღნიშნული აღმოჩენა, რომელიც ჯერ მხოლოდ აისბერგის წვერი იყო, 2019 წლის დეკემბერში უკვე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოველწლიურ სესიაზე წარადგინეს. პანდემიის გამო, 2020 წელს პროექტზე საუბარი ჯერ კიდევ არ დაუწყიათ, თუმცა, შემდეგ უკვე მისწერეს ძეგლთა დაცვის სამინისტროს, იმისათვის, რომ ძეგლის შესასწავლად თანხები გამოეყოთ. როგორც გიორგი მიყვება, საუბარი იყო მიზერულ თანხაზე, თუმცა, სახელმწიფოსგან ვერც დაინტერესება და ვერც თანხა მიიღეს.

ფინანსური გამოსავალი ძეგლის შესასწავლად — ოროზმანის საველე არქეოლოგიური სკოლა

მაშინ, როცა სამეცნიერო ჯგუფმა სახელმწიფოსგან დაინტერესება ვერ მიიღო, გადაწყვიტა ოროზმანის საველე არქეოლოგიური სკოლა შეექმნა, რომელშიც უცხოელი სტუდენტები ისწავლიდნენ, ასეთი მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლზე იმუშავებდნენ და ამასთან, გუნდს გათხრებისთვის საჭირო ფინანსებითაც უზრუნველყოფდნენ. მოგვიანებით მცირერიცხოვანი, მაგრამ მაინც, სპონსორებიც გამოჩნდნენ — ჯიპიაი და პსპ ამ ეტაპზე ამ გათხრების კერძო მხარდამჭერები არიან. აღსანიშნია, რომ ძეგლის შესწავლას წლები დასჭირდება, ეს ფინანსებთან, უფრო კონკრეტულად კი, სპეციფიკურ ტექნიკასთან, ძეგლის გადახურვასთან, სამუშაო იარაღებთან, ძვირადღირებულ დათარიღების მეთოდებთან, თუ ადამიანურ რესურსთანაა დაკავშირებული. თუმცა, ჯერჯერობით, პროექტი სკოლის მახვილგონივრული იდეით საზრდოობას ახერხებს.

ოროზმანი, ამერიკელი სტუდენტები ახალი აღმოჩენისათვის ქვიშას ცრიან

ფოტო: გიორგი ბიძინაშვილი

"პრიორიტეტად არ ჩაგვთვალეს. ამან ჩვენ მხოლოდ გაგვაძლიერა. მრავაალწლიანი გამოცდილება გვაქვს დმანისში საველე არქეოლოგიური სკოლების გაკეთების, ვასწავლით ხოლმე და ამერიკის არქეოლოგთა ასოციაციას შევატყობინეთ, რომ გვექნებოდა ოროზმანის საველე სკოლა. გამოგვეხმაურა ძალიან ბევრი სტუდენტი, სწავლა ფასიანია და კურსი 4 კვირა გრძელდება, შესაბამისად, ამ ფინანსებით დავიწყეთ ამ ძეგლის გათხრა. დღეს ეს ის ამერიკელი სტუდენტები არიან, რომლებიც ძეგლზე ჩვენთან ერთად მუშაობენ და თან სწავლობენ".

როგორც გიორგი ამბობს, ამჟამად სკოლას 8 სტუდენტი ჰყავს, ისინი გათხრებში აქტიურად იღებენ მონაწილეობას, მომავალ წელს კი გაცილებით მეტი სტუდენტის ჩამოსვლას ელოდებიან.

ძეგლის სიღრმეში — ამ ეტაპზე, კონკრეტულად, რა იპოვეს

არტეფაქტების აღრიცხვა

ფოტო: გიორგი ბიძინაშვილი

მიუხედავად იმისა, რომ ძეგლის შესწავლა ოფიციალურად ერთ თვეზე ნაკლები დროა მიმდინარეობს, აქ უკვე აღმოჩენილია 30-მდე არტეფაქტი. მათ შორის, დმანისში აღმოჩენილების მსგავსი სახეობები: ჰომოთერიუმი (დიდი ზომის ხმალ-კბილა ვეფხვი), ეტრუსკული მგელი, დმანისიბოსი (დიდი ხარი უზარმაზარი რქებით), გარდა ამისა, ნაპოვნია ანტილოპა, რომლის სახეობა ჯერ ზუსტად დადგენილი არაა. ასევე, პატარა კატა, რომელიც ჯერჯერობით ასევე არაა იდენტიფიცირებული, ასევე აფთარი და მისი კოპროლიტები (განამარხებული ექსკრემენტები). ამ უკანასკნელის აღმოჩენას დიდი მნიშვნელობა აქვს. "როცა ამ კოპროლიტებს შევისწავლით, დავადგენთ, რითი იკვებებოდნენ, რა მცენარეული საფარველი იყო და მოკლედ, ძალიან დიდი ინფორმაციის მომცემია იმდროინდელ ცხოველთა კოპროლიტები", — ამბობს გიორგი ბიძინაშვილი.

ოროზმანში ნაპოვნი აფთრის კოპროლიტები

ფოტო: გიორგი ბიძინაშვილი

"დიდი მოცულობისაა, ბევრ ფენებშია ეს ძვლები, შესაბამისად, ის ვიცით, რომ საკმაოდ დიდი ხანი იყო ადამიანის აქტივობა ამ ძეგლზე, ამ ტბის პირას. ისინი მიდიოდნენ მდინარეების პირას, ხეობასთან, იქიდან ამოჰქონდათ ქვები, რომ იარაღები დაემზადებინათ. ხოლო უძველესი ადამიანის ძვლოვან მასალას როცა მივაგნებთ, ზუსტად სახეობას მაშინ განვსაზღვრავთ. ჯერჯერობით, პერიოდით ემთხვევა ერექტუსების ცხოვრებას საქართველოში, თუმცა იქ რა დაგვხვდება, წინასწარ ვერავინ იტყვის".

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ოროზმანის გათხრებისას ანატომიურ შესახსრებაშია ნაპოვნი ანტილოპას მთლიანი ფეხი.

"მხარი არის ანტილოპასი და მთლიანი ფეხი. აი, ბარძაყის ძვალი, კოჭი, ანუ საკმაოდ სწრაფად არის განამარხებული ეს ნამარხები, რაც მნიშვნელოვანი გარემოებაა. ფაქტობრივად, აფთარმა რაღაცას მოაჭამა ფეხი და ბოლომდე არ შეუჭამია და ძალიან მალე განამარხდა. ასეთი არაერთი ძვალი გვაქვს, რაც დმანისშიც გვხვდება და ასევე ოროზმანშიც. შანსი ჰომინიდის პოვნისა ანატომიურ შესახსრებაში ცოტა ფანტასტიკის სფეროა, თუმცა შესაძლებელია. მთავარია, რასაც ვიპოვით კარგ მდგომარეობაში იქნება და შესასწავლად იქნება ძალიან კარგი", — ამბობს გიორგი ბიძინაშვილი.

ოროზმანში ნაპოვნი ანტილოპას მთლიანი ფეხი, ანატომიურ შესახსრებაში

ფოტო: გიორგი ბიძინაშვილი

სანამ სხვა არტეფაქტებსაც იპოვიან — რა მნიშვნელობისაა ეს აღმოჩენა

"ეს არის აფრიკის გარეთ, პირველი ჰომინიდების განსახლების უძველესი ძეგლი, დმანისთან ერთად. დაახლოებით, დმანისის პერიოდის. იგივე ხეობაა და ჩვენ ამ ხეობაში ტყუილად არ დავძვრებოდით, რადგან ძალიან ლოგიკურია, რომ ისინი ხეობებით დადიოდნენ, ეს ხეობების ხალხია, რადგან წყალთან ახლოს უნდა ყოფილიყვნენ. ასევე, სანადირო არეალი, საკვები და თევზი არის წყალთან. ამას მივაკვლიეთ, თუმცა იმედი გვაქვს, რომ კიდევ იქნება სიურპრიზები. მთავარი ისაა, რომ ძალიან დიდი პოპულაციაა ჩვენთან, ეს არის საოცრება. მეცნიერებაში ამას, ანუ კიდევ ერთი ძეგლის აღმოჩენას უფრო ის მნიშვნელობა აქვს, რომ სამხრეთ კავკასიაში არის ძალიან კარგი გარემო ამ პოპულაციისთვის, მათ განსასახლებლად. უფრო ფართოდ იყო განსახლებული აქ ერექტუსი, ვიდრე აქამდე გვეგონა".

მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ნაპოვნი მასალები შესასწავლად უფრო ხელსაყრელია, რადგან კარგადაა შემონახული. "აფრიკაში, ფაქტობრივად, ძვლების მცირე ფრაგმენტებით უწევთ აღდგენა, ჩვენთან, ჩვენს ძეგლზე შენახულობა, განამარხება გვაქვს ძალიან სწრაფი". ეს კი დაკავშირებულია იმასთან, რომ ორ ლავას, ორ ბაზალტს (ორი ამოფრქვევის პერიოდს შორისაა) ძეგლი მოქცეული, რაც მის შემონახულობას უზრუნველყოფს. მეორე ფაქტორი ამისთვის კი სწრაფი სედიმენტაციაა, ანუ მიწა, რომელშიც ცხოველების ძვლები თუ სხვა არტეფაქტები იყო, მალე დაიფარა ლავით.

დიდი ზომის ბოვიდის ძვალი

ფოტო: გიორგი ბიძინაშვილი

ოროზმანში ნაპოვნი ირმის ძვალი

ფოტო: გიორგი ბიძინაშვილი

ოროზმანის აღმოჩენა არის ის, რაც ადამიანის სახეობის შესახებ მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდის. კიდევ ერთხელ — ეს არის დასტური იმისა, რომ აფრიკიდან წამოსულმა უძველესმა ადამიანმა სამხრეთ კავკასია, ანუ საქართველოს ტერიტორია ფართოდ აითვისა და სანამ ევროპაში გავრცელდებოდა, აქ დიდი ხანი დაჰყო. როგორც ექსპედიციის ხელმძღვანელი ყვება, "ეს უკვე სამაგიდო წიგნებში რომ წერია, იმ ტიპის ინფორმაციას მიეკუთვნება, როგორც დმანისი. არ არსებობს წიგნი ადამიანის ევოლუციაზე, სადაც დმანისი არ არის ნახსენები. შეუძლებელია, რადგან პირველი წერტილია აფრიკის გარეთ, სადაც ჰომინიდები სახლობდნენ".

ქვა, რომელსაც ერექტუსები უძელესი იარაღის — ანატკეცის შესაქმნელად იყენებდნენ

ფოტო: გიორგი ბიძინაშვილი

ანატკეცი — უძველესი იარაღი, რომელსაც ნადირობისას იყენებდნენ

ფოტო: გიორგი ბიძინაშვილი

როგორ მოხდა ძეგლის დათარიღება — საიდან ვიცით, რომ ის 1.8 მილიონი წლისაა

როგორც გიორგი ბიძინაშვილი მიყვება, ეს ტერიტორია ჯერ კიდევ 2010 წელსაა დათარიღებული, ნაშრომი კი გამოქვეყნებულია რეფერირებად ჟურნალ Quaternary International-ში. საუბარია ორ ამოფრქვევას შორის პერიოდზე.

"ჩვენი ძეგლი არის ორ ბაზალტს შორის მოქცეული, ანუ ორ ვულკანურ ამოფრქვევას შორის. ამოფრქვევა იყო ძეგლის გაჩენამდე და ამოფრქვევა იყო უკვე მაშინ, როცა ძეგლი აღარ არსებობდა. შესაბამისად, ამ ორ თარიღს შორისაა ძეგლის ასაკი. 1 770 000 და 1 840 000 — ამ პერიოდებს შორისაა და კიდევ უფრო დაზუსტება მოხდება, როცა სედიმენტებს, მასალის შემცველ ქანებს დავათარიღებთ, ამისთვის კი სხვადასხვა მეთოდებია. ბაზალტები არგონ-არგონის მეთოდითაა დათარიღებული, სედიმენტისთვის პალეომაგნეტიზმს გამოვიყენებთ. [პალეომაგნეტიზმი იკვლევს ბუნებრივ ნარჩენ დამაგნიტებულობას, დედამიწის ცვალებადი მაგნიტური ველის ზემოქმედებას, ძირითადად ვულკანურ ლავურ ნაკადებში და ასე ადგენს არტეფაქტის ასაკს]. დმანისში ზუსტად არის დაჭერილი ეს ცვლილება, 10 000 წლის პლიუს მინუსით არის აღებული, კონკრეტულ ფენაშია ეს ჰომინიდები, თუმცა იარაღები უფრო ძველ ფენაშიც გვაქვს, სადაც ადამიანის ძვლები არ არის, მაგრამ იარაღები არის. რაც ნიშნავს, რომ ადამიანები იქ უფრო ადრეც იყვნენ, მაგრამ ძვლები შემონახულია კონკრეტულ ფენაში".

აღიარება და უფრო დიდი აღიარების მოლოდინი

ოროზმანის ექსპედიციის ხელმძღვანელის თქმით, ამ კვირაში საქართველოში ჩამოდიან იტალიელი და ესპანელი ცნობილი მეცნიერები, იმისათვის, რომ ძეგლი ადგილზე დაათვალიერონ. "ძალიან დიდი ინტერესია ამ აღმოჩენის მიმართ სამეცნიერო წრეებში, ქვის ხანის გურუმ — ნიკოლას ტოტმა, რომელიც ჩემი დისერტაციის ხელმძღვანელია, დადო უკვე ეს ინფორმაცია, რაც ფაქტობრივად აღიარებაა", — ამბობს გიორგი ბიძინაშვილი.

ახალი აღმოჩენის შესახებ ნაშრომები კი ნელ-ნელა გამოჩნდება სხვადასხვა უცხოურ, რეფერირებად სამეცნიერო გამოცემებში. ასე, მსოფლიოს მასშტაბით, არამხოლოდ სამეცნიერო წრეებში გაიგებენ ახალი აღმოჩენის შესახებ, რომელიც სამხრეთ საქართველოში, ჰომინიდების ფართო გავრცელებას მოწმობს.

ოროზმანის არქეოლოგთა გუნდი, არასამუშაო დრო

ფოტო: გიორგი ბიძინაშვილი

მანამდე კი 10-კაციანი ჯგუფი ოროზმანის ფერდობზე გათხრებს აგრძელებს და ორი ვულკანური ამოფრქვევის შედეგად გაჩენილ ბაზალტებს შორის მოქცეულ უძველესი ადამიანის კვალს ადგას. ზუსტად ვერავინ იტყვის, კიდევ რას იპოვიან მკვლევრები ძეგლის სიღრმეში, თუმცა, იმის თქმა დანამდვილებით შეგვიძლია, რომ მის შესასწავლად კიდევ რამდენიმე წელი იქნება საჭირო. საქართველოს ტერიტორიაზე გაკეთებული ეს ახალი აღმოჩენები კი მსოფლიოს ადამიანის სახეობის განვითარების შესახებ ახალი ცნობებით მოამარაგებს.